ბუნდესლიგა. პარასკევის მატჩის წინ: "ჰამბურგისთვის" წაგება აკრძალულია!

AutoSharing Option
გერმანიის პირველობის 27-ე ტური დღეს ჩრდილოური დაპირისპირებით იხსნება: "ვოლფსბურგი" "ჰამბურგს" მასპინძლობს.

გერმანიის თასის ნახევარფინალების შედეგებმა ბუნდესლიგაში ევროპალიგის საგზურებისთვის ბრძოლაში ახალი რეალობა შექმნა და თამამად ვიტყვით, ამ რეალობამ ყველაზე მეტად სწორედ ვოლფსბურგელები გაახარა.

საქმე იმაშია, რომ რაკი გერმანიის თასის ფინალში "ბაიერნისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" სახით ისეთი გუნდები გავიდნენ, რომლებიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ (სასწაული უნდა მოხდეს, რომ რომელიმე მათგანმა ევროპის ელიტური საკლუბო ლიგის საგზური ვერ მოიპოვოს), გერმანიის თასის მფლობელისთვის განკუთვნილი ევროპალიგის მესამე საგზური, შესაბამისად, ბუნდესლიგის მეშვიდეადგილოსანს გადაეცემა.

მოგეხსენებათ, "ვოლფსბურგის" მიზანი
სწორედ ევროპალიგაში ასპარეზობაა და დღევანდელი მდგომარეობით, ფელიქს მაგათის გუნდს მეშვიდე ადგილამდე მხოლოდ და მხოლოდ 4 ქულა აშორებს...

ზოგადად, "მგლები" ბოლო დროს ძალიან კარგად ათამაშდნენ და სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. მეტიც: მაგათის გუნდმა ბოლო ორი თამაში მოიგო და რაც ყველაზე საინტერესოა, საკმაოდ რთული მეტოქეები დაამარცხა: ჯერ "ლევერკუზენს" მოუგო 3:2, მერე კი ნიურნბერგში 3:1 გაიმარჯვა. რაც შეეხება ჰამბურგს: რაც უნდა მოინდომონ, ტორსტენ ფინკის შეგირდები ევროპალიგის საგზურს ნაღდად ვეღარ წაეპოტინებიან - მათი მთავარი ამოცანა პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

ევროპაზე ამაოდ მეოცნებე ფინკის გუნდმა ზედიზედ სამი თამაში წააგო (0:4 შტუტგარტთან, 1:3 გელზენკირხენში, 1:3 ფრაიბურგთან) და თუ ჰამბურგელები დღესაც დამარცხდებიან, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითება რეალურზე რეალური გახდება. აქვე შეგახსენებთ, რომ "ჰამბურგი" ბუნდესლიგიდან არასდროს გავარდნილა...

HSV-სთვის პოზიტიური ის არის, რომ ფინკს ორი წამყვანი ფეხბურთელი უბრუნდება: მარცხენა მცველი დენის აოგო გამოჯანმრთელდა, კაპიტანმა ჰაიკო ვესტერმანმა კი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 26 18 5 3 53-16 59
2. ბაიერნი 26 17 3 6 64-17 54
3. ბორუსია (მ) 26 15 6 5 39-16 51
4. შალკე 26 16 2 8 58-34 50
5. ლევერკუზენი 26 11 7 8 39-34 40
6. ვერდერი 26 11 6 9 40-39 39
7. ჰანოვერი 26 9 11 6 34-36 38
8. შტუტგარტი 26 10 6 10 43-34 36
9. ვოლფსბურგი 26 10 4 12 34-47 34
10. ნიურნბერგი 26 9 4 13 25-37 31
11. მაინცი 26 7 9 10 38-41 30
12. ჰოფენჰაიმი 26 7 9 10 29-37 30
13. კიოლნი 26 8 4 14 33-50 28
14. ჰამბურგი 26 6 9 11 30-48 27
15. აუგსბურგი 26 5 11 10 27-40 26
16. ფრაიბურგი 26 6 7 13 33-53 25
17. ჰერტა 26 5 8 13 26-47 23
18. კაიზერსლაუტერნი 26 3 11 12 17-36 20

ბომბარდირები
22 - გომესი (ბაიერნი); 20 - ჰუნტელაარი (შალკე); 16 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ჰარნიკი (შტუტგარტი), როისი (ბორუსია /მ/); 12 - რაული (შალკე).

23 მარტი
ვოლფსბურგი-ჰამბურგი 23:30
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: გერერო (ჰამბურგი)
ტრავმა: კრისი, მედოიევიჩი, ოხსი - მიკელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული