ბუნდესლიგა. შოუ უნდა გაგრძელდეს

AutoSharing Option
გუშინ
ჰოფენჰაიმი-შალკე 2:0

დღეს
ბორუსია (დ)-ვოლფსბურგი 17:30
ჰამბურგი-ნიურნბერგი 17:30
ბორუსია (მ)-აინტრახტი 17:30
ფრაიბურგი-შტუტგარტი 17:30
ჰანოვერი-ლევერკუზენი 17:30
ბაიერნი-ვერდერი 20:30

ხვალ
მაინცი-კაიზერსლაუტერნი 17:30
კიოლნი-ზტ. პაული 19:30

გერმანიის ჩემპიონატის პირველმა ორმა ტურმა მოწყენის საშუალება არ მოგვცა. მეტიც, მეორე ტური ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე უხვგოლიანი და სენსაციური იყო ბუნდესლიგის ისტორიაში. შესაბამისად, არ გვაქვს საბაბი, ვივარაუდოთ, რომ მესამე ტური უინტერესო იქნება. თანაც, ამ ტურის ცენტრალური მატჩი არც მეტი, არც ნაკლები, "ბაიერნი"-"ვერდერია". უდიდეს ინტერესს იწვევს ხვალ გასამართი დერბიც "მაინცსა" და "კაიზერსლაუტერნს" შორის
- ორივე გუნდს ექვს-ექვსი ქულა აქვს.

გახდება ჰამბურგი ცხრაქულიანი?

"ჰამბურგმა" სეზონი შესანიშნავად დაიწყო - HშV-მ ორივე თამაში მოიგო, გუნდის გოლეადორი რუუდ ვან ნისტელროი კი ბომბარდირებს შორის სამი გოლით საუკეთესოთა შორისაა. დღეს არმინ ფეეს გუნდი "ნიურნბერგს" მასპინძლობს, ფრანკებს კი ორი ტურის შემდეგ, მხოლოდ 1 ქულა აქვთ და ცხადია, ჰამბურგელები მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობენ - მათ უნდათ, რომ სამი ტურის შემდეგაც ქულების მაქსიმალური რაოდენობა ჰქონდეთ. ვან ნისტელროი და ზე რობერტო იმდენად კარგ ფორმაში არიან, რომ ვფიქრობთ, ეს რეალურია.

საინტერესო ის არის, რომ ფეეს ასისტენტი მიხაელ იონინგი "ნიურნბერგის" ყოფილი მთავარი მწვრთნელია. ეს სპეციალისტი ფრანკებს სათავეში ერთი წლის წინ ედგა. ნიურნბერგელებმა წინა ტურში საკუთარ "ფრანკენშტადიონზე" "ფრაიბურგთან" მოულოდნელად წააგეს და წნეხის ქვეშ არიან მოქცეულები, თუმცა ჯერ სერიოზულ წნეხზე ლაპარაკი მაინც ნაადრევია, რადგან "ნიურნბერგისგან" სასწაულებს არც არავინ ელის. მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ფრანკებს ნილსონისა და ექიჩის სახით ორი წამყვანი ფეხბურთელი ჰყავთ დაშავებული. "ჰამბურგში" კი მარსელ იანსენის თამაშია კითხვის ნიშნის ქვეშ.

დორტმუნდის "ბორუსიამ" პირველ ტურში, "ლევერკუზენთან" საკუთარ მოედანზე განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ, საკუთარ გულშემატკივრებს ბოდიში შტუტგარტში მოპოვებული ლამაზი გამარჯვებით (3:1) მოუხადა და შესაბამისად, BVB სეზონის სტარტზე ქაოსსა და გაუგებრობებს ასცდა. თუმცა იმისათვის, რომ იურგენ კლოპის გუნდმა საკუთარ ქომაგებს სრულყოფილად მოუბოდიშოს, დღეს "ვოლფსბურგის" დამარცხებაა საჭირო - მატჩი ხომ "ვესტფალენშტადიონზე" გაიმართება და "ბორუსია" ვალდებულია, სეზონის პირველი საშინაო გამარჯვება იზეიმოს.

აი, "ვოლფსბურგში" კი "მონასტერი არეულია": "მგლებმა" პირველ ტურში, "ბაიერნთან" განცდილ საპატიო მარცხს, მეორე ტურში კატასტროფული წაგება მოაყოლეს ("მაინცთან" 3:0-ს იგებდნენ და 3:4 დამარცხდნენ), რის გამოც სტივ მაკლარენს გუნდში ახლა სრული ქაოსი აქვს. კითხვის ნიშნის ქვეშ იყო "ვოლფების" ბრაზილიელი ახალწვეულის, დიეგოს ასპარეზობა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ გუშინ საღამოს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი ითამაშებს. მაკლარენს მაკოტო ჰასებეც გამოუჯანმრთელდა, მაგრამ იაპონელის დაბრუნება ინგლისელი სპეციალისტისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია.

გლადბახი ყურადღების ცენტრში

მეორე ტურის შემდეგ, გერმანიაში ყველა მიონხენგლადბახის "ბორუსიაზე" ლაპარაკობს, რაც ლოგიკურიცაა: ამ გუნდმა წინა ტურში ხომ სასწაული მოახდინა. გაგახსენებთ: ორი კვირის წინ მიონხენგლადბახელებმა ლევერკუზენის "ბაი არენაზე" გამაოგნებლად ლამაზი ფეხბურთი ითამაშეს და "ბაიერი" დერბიში 6:3 (!) დაამარცხეს. არცაა გასაკვირი, "გლადბახი" საყოველთაო ყურადღების ცენტრში რომ მოექცა. დღეს "ბორუსიას" ფრანკფურტის "აინტრახტთან" საშინაო მატჩი ელოდება და საინტერესოა, გააგრძელებენ თუ არა ფრენას ჰერმანი, როისი და კომპანია.

პატივმოყვარე "აინტრახტს" ორივე თამაში წაგებული აქვს და ფრანკფურტელებმა დღეს ყველაფერი უნდა გააკეთონ საიმისოდ, რომ მესამე ტურის შემდეგ, ქულათა გრაფაში მინიმუმ ერთიანი მაინც ჩაიწერონ. თუმცა ბრძოლა კაპიტან კრისის, მცველ ალეკსანდარ ვასოსკისა და სავარაუდოდ, ფორვარდ იოანის ამანატიდისის გარეშე მოუწევთ.

ორი ტურის შემდეგ, "შტუტგარტი" ბოლო ადგილზეა, რაც გუნდისთვის, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი შედეგია. კრისტიან გროსის შეგირდებს დღეს ბადენ-შვაბენლანდური დერბი ელით - ფრაიბურგში. "დორტმუნდთან" განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ "შტუტგარტში" დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, რომ მეკარე ულრაიხმა ფეხბურთიდან წასული იენს ლემანი ღირსეულად ვერ შეცვალა, თუმცა ამ კიპერს დღეს კიდევ ერთხელ მიეცემა შანსი. "იუვენტუსიდან" გადაბირებული მაურო კამორანეზი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. რაც შეეხება "ფრაიბურგს": რობინ დუტის გუნდმა მეორე ტურში ნიურნბერგიდან სამი ქულა წაიღო და თავს ჯერჯერობით საკმაოდ კომფორტულად გრძნობს. თანაც, ბომბარდირებს შორის "ფრაის" თავიცი კაცი ჰყავს - სისე, სამი გოლით.

ახალ სეზონში ბევრი პოზიტიური სენსაცია ვიხილეთ და ერთ-ერთი საოცრება "ჰანოვერს" ეკუთვნის - გუნდმა, რომელიც გერმანიის თასს პირველივე რაუნდში გამოეთიშა და სეზონის წინ მწვრთნელი მირკო სლომკა ჩემოდნებზე იჯდა, ბუნდესლიგაში ორივე თამაში მოიგო. თანაც, "წითლებმა" მეორე ტურში "შალკე" მისსავე მოედანზე დაამარცხეს (2:1). ამ ყველაფერთან ერთად, "ჰანოვერი" ამერიკელი ფეხბურთელით, 2002, 2006 და 2010 წლის მუნდიალების მონაწილით, დამარკუს ბიზლით გაძლიერდა. დღეს სლომკას გუნდი "გლადბახთან" შერცხვენილ "ლევერკუზენს" მასპინძლობს. "ფარმაცევტების" თავკაც იუპ ჰაინკესს ლაზარეთიდან სიმონ როლფესი დაუბრუნდა, რომელიც დღეს ნახევარდაცვის ცენტრში მიხაელ ბალაკს შეუწყვილდება.

ვერდერი არნაუტოვიჩის იმედად

"ბაიერნისა" და "ვერდერის" უაღრესად საინტერესო დუელი კი საღამოს შედგება. მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი ბრემენულ კლუბს "ჩალურჯებული თვალით" მასპინძლობს - "ბაიერნმა" წინა ტურში ხომ "კაიზერსლაუტერნთან" წააგო (0:2). "ვერდერმა" "კიოლნთან" გამარჯვებით (4:2) თავდაჯერება დაიბრუნდა და "მუსიკოსების" გულშემატკივრებს მარკო არნაუტოვიჩის იმედი აქვთ, რომელმაც წინა ტურში დუბლი შეასრულა.

დღეს ავსტრიელ ფეხბურთელზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რადგან დიდი შანსია, რომ "ვერდერის" მთავარმეგოლემ, კლაუდიო პისარომ ტრავმის გამო ვერ ითამაშოს. თომას შააფი ნაღდად ვერ დაიხმარს პერ მერტეზაკერსაც, რომელმაც აზერბაიჯანთან მატჩში ყვრიმალის ძვალი გაიტეხა. სამაგიეროდ, ბრემენელთა ძირითად შემადგენლობაში ბრაზილიელ ახალწვეულს, გამთამაშებელ ვესლის ვიხილავთ.

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, კონტენტო - ვან ბომელი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - ოლიჩი.
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, პრიოდლი, სილვესტრი, ბიონიში - ფრინგსი - ბარგფრედე, ჰანტი - ვესლი - არნაუტოვიჩი, უგო ალმეიდა.

პფალცური დერბი მაინცის ბრუხვეგზე

გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ: ამას აგვისტოს დასაწყისში ვინმე წარმოიდგენდა? სატურნირო ცხრილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხვალ მაინცის "ბრუხვეგშტადიონზე" გასამართი რაინლანდ პფალცის დერბი, "მაინცსა" და "კაიზერსლაუტერნს" შორის, მესამე ტურის ტოპ-მატჩია. მიზეზი? შეხედეთ სატურნირო ცხრილს: ორივე გუნდს ექვს-ექვსი ქულა აქვს და თანაც, "ლაუტერნმა" წინა ტურში "ბაიერნი" დაამარცხა, "მაინცმა" კი "ვოლფსბურგი". რაც ყველაზე მთავარია, ორივე გუნდი საუკეთესო შემადგენლობით ითამაშებს.

ხვალ საღამოს კი "კიოლნი" "ზანკტ პაულის" უმასპინძლებს. "კიოლნმა" სეზონი ორი წაგებით დაიწყო და თუ ხვალაც დამარცხდა, დიდი შანსია, რომ "თხების" თავკაცი ზვონიმირ სოლდო უმუშევარი დარჩეს. მართალია, მენეჯერმა ვოლფგანგ ოვერატმა თქვა, სოლდო ჩემოდნებზე არ ზისო, მაგრამ ზედიზედ მესამე მარცხი "კიოლნისთვის" უკვე სრული კატასტროფა იქნება. "ზანკტ პაული" კი თავისუფლად ითამაშებს - "კიცელები" ბუნდესლიგის ახალწვეულები არიან, ორი ტურის შემდეგ სამი ქულა აქვთ და თავს ცუდად ნამდვილად არ გრძნობენ. წინა ტურში "პაულიმ" "ჰოფენჰაიმთან" კი წააგო (0:1), მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ დებიუტანტს ცუდად არ უთამაშია.

                     	თ	მ	ფ	წ	ბ	ქ
1. ჰოფენჰაიმი      3      3	0	0      7-1   9
2. კაიზერსლაუტ.	2	2	0	0	5-1	6
3. მაინცი             2	2	0	0	6-3	6
4. ჰამბურგი       	2	2	0	0	5-2	6
5. ჰანოვერი    	2	2	0	0	4-2	6
6. ბორუსია (მ)	2	1	1	0	7-4	4
7. ზტ. პაული	2	1	0	1	3-2	3
8. ბორუსია (დ)	2	1	0	1	3-3	3
9. ვერდერი        	2	1	0	1	5-6	3
10. ლევერკუზენი	2	1	0	1	5-6	3
11. ფრაიბურგი	2	1	0	1	3-4	3
12. ბაიერნი   	2	1	0	1	2-3	3
13. ნიურნბერგი	2	0	1	1	2-3	1
14. ვოლფსბურგი	2	0	0	2	4-6	0
15. შალკე           3	0	0      3	2-7	0
16. აინტრახტი	2	0	0	2	2-5	0
17. კიოლნი    	2	0	0	2	3-7	0
18. შტუტგარტი	2	0	0	2	1-5	0




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული