ერთი წლის წინ ანდრე შიურლეს გერმანიაში კი არა, მაინცშიც თითქმის არავინ იცნობდა, დღეს კი გერმანული ფეხბურთის უდიდეს ტალანტად მიიჩნევა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. გასულ სეზონში მან 33 მატჩში 5 გოლი და სამი საგოლე პასი მიითვალა. ახალ სეზონში კი უკვე ერთი გოლის გატანა მოასწრო. შესაბამისად, ლოგიკურია ის, რომ 19 წლის თავდამსხმელს უკვე მსურველების რიგი დაუდგა.
"ჰოფენჰაიმს" შიურლეს ყიდვა აგვისტოში სურდა. "სოფლელები" "მაინცს" 10 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ "მაინცმა" უნიჭიერესი ფეხბურთელი არ დათმო, რითაც ბევრი გააკვირვა: 10 მილიონი ჯუჯა "მაინცისთვის" დიდი ფულია.
"ბილდის" ინფორმაციით, შიურლეზე ლევერკუზენშიც სერიოზულად ფიქრობენ, რაც "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმაც დაადასტურა.
უფრო მეტიც: ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "მაინცის" თავდამსხმელის გადაბირებაზე სერიოზულად დაფიქრდნენ მიუნხენის "ბაიერნისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეფებიც. მანკუნიანელთა სკაუტები შიურლეს გასულ სეზონში ხშირად აკვირდებოდნენ.