გერმანია. ბუნდესლიგა. XXVIII ტური. "ბაიერნს" დორტმუნდამდე 3 ქულა და 9 დღე აშორებს!

AutoSharing Option
ამ უქმეებზე "შტუტგარტმა" მთელი საფეხბურთო გერმანია მოიმადლიერა! სწორედ შვაბების დამსახურებაა ის, რომ გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა უფრო დაიძაბა.

"შტუტგარტმა" 30 მარტს დორტმუნდში მედგრად იბრძოლა და მოქმედ ჩემპიონთან უხვგოლიანი ფრე, 4:4 დააფიქსირა, რამაც მეორეადგილოსან "ბაიერნს" საშუალება მისცა, ლიდერს სამი ქულის დისტანციაზე მიახლოვებოდა.

ამრიგად, 28-ე ტურის შემდეგ დორტმუნდელები მიუნხენელებს მხოლოდ სამი ქულითღა უსწრებენ და შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს "ბაიერნი" დორტმუნდში ჩადის...

გოლუხვი პარასკევი
დორტმუნდელები "შტუტგარტთან" მშვიდად, 2:0-ს იგებდნენ და მეორე ტაიმში სასწაულები მოხდა: შვაბებმა ზუსტად რვა წუთში სამი გოლის გატანა მოახერხეს და მოულოდნელად
დაწინაურდნენ, მაგრამ "ბორუსიამ" მაინც შეძლო ჯერ ანგარიშის გათანაბრება. მერე კი კვლავ წინ გავიდა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე კრისტიან გენტნერმა მაინც გაათანაბრა და 4:4 დააფიქსირა.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს ისეთი თამაში, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ შეიძლება "ბორუსიას" მოულოდნელი კოლაფსის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოვიხსენიოთ, დორტმუნდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა ასე უპასუხა:

"განვითარებადი გუნდისთვის ასეთი მატჩებიც საჭიროა და ამ მხრივ, მხოლოდ პოზიტივს ვხედავ. ჩემი გუნდი ჯერ კიდევ განვითარებისა და სწავლის პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ 2 ქულა დავკარგეთ, მაინც კმაყოფილი ვარ!"

ამ ტურამდე "დორტმუნდს" ბუნდესლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავდა, ახლა კი, ამ მხრივ ლიდერობა "ბაიერნს" დაუთმო. ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კლოპს ისიც ჰკითხეს, როგორ ფიქრობ, დღეს ერთი ქულა მოიპოვე, თუ ორი დაკარგეო, რაზეც დორტმუნდელთა 44 წლის თავკაცმა თავი გადააქნია - არ ვიცი. ფაქტი ის არის, რომ 65-ე წუთამდე ძალიან კარგად ვთამაშობდით, მერე კი მოედანზე გაუგონარი ამბები დატრიალდაო.

ბაიერნის ბედი უკვე ბაიერნის ხელშია!
"დორტმუნდის" წაფორხილებით "ბაიერნმა" ისარგებლა და "ნიურნბერგს" ბავარიული დერბი 1:0 მოუგო, თუმცა მიუნხენელებს ეს გამარჯვება უდიდესი ძალისხმევის ფასად დაუჯდათ. ამიტომაც ზეიმობდნენ საფინალო სასტვენის შემდეგ არანაკლებ ემოციურად, ვიდრე წინა კვირაში, მარსელში მოპოვებულ გამარჯვებას.

ამ გამარჯვებამ "ბაიერნი" "დორტმუნდთან" სამქულიან დისტანციაზე მიაახლოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მიუნხენელთა ბედი მათსავე ხელშია! როგორ? 11 აპრილს "ბაიერნი" დორტმუნდში ჩადის და თუ "ვესტფალენშტადიონზე" მოიგებენ, იუპ ჰაინკესის შეგირდები გალიდერდებიან, რადგან ბურთების შეფარდება "ბორუსიაზე" უკეთესი აქვთ!

ჰაინკესმა კი შვებით ამოისუნთქა, რადგან მისი გადაწყვეტილებები "ბაიერნს" კინაღამ ძვირად დაუჯდა. 66 წლის "დონ იუპმა" მატჩის წინ თქვა, ორმაგი დატვირთვის გამო იძულებული ვარ, როტაციას მივმართოო და ძირითად შემადგენლობაში კონტენტო და პრანიჩი ათამაშა, რიბერი და ალაბა კი სკამზე დასვა. ასევე სათადარიგო გახლდათ შვაინშტაიგერიც, რომლის ნაცვლად სასტარტოში ტიმოშჩუკი ვიხილეთ.

ასეთი შემადგენლობით რეკორდმაისტერმა "ნიურნბერგს" ვერაფერი დააკლო და ისიც ვთქვათ, რომ დიტერ ჰეკინგის ბიჭები უდიდესი თავდადებით იბრძოდნენ. იყნოსა რა, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა, ჰაინკესმა მეორე ტაიმში ჯერ შვაინშტაიგერი შეუშვა მოედანზე, მერე კი რიბერიც და შედეგიც მიიღო: გამარჯვების გოლში, რომელიც რობენმა გაიტანა, რიბერიმაც მიიღო მონაწილეობა და ესეც რომ არ იყოს, მან და შვაინიმ "ბაიერნის" თამაში აშკარად გამოაცოცხლეს.

"კვირაში ორ-ორი თამაში გვიწევს და ჭკვიანურად თუ არ მოვიქცევით, ვერცერთ კურდღელს ვერ დავიჭერთ. ამიტომაცაა, რომ "ნიურნბერგთან" რიბერი და შვაინშტაიგერი ძირითად შემადგენლობაში არ იყვნენ. მართალია, მათ გარეშე გოლის გატანა გაგვიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, როტაციისთვის უნდა მიგვემართა. მთავარი ის არის, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა", - ეს რობენის სიტყვებია.

ამრიგად, "ბაიერნმა" ზედიზედ მეშვიდე ოფიციალური მატჩი მოიგო, ნიურნბერგიდან კი სამი ქულა 2005 წლის შემდეგ პირველად წაიღო.

"ნიურნბერგზე" კი ის უნდა ვთქვათ, რომ ზუსტად ისე, როგორც წინა ტურში (0:1 შტუტგარტში), ფრანკებმა ამჯერადაც კარგად ითამაშეს, მაგრამ ისევ ხელცარიელები დარჩნენ. არადა, მატჩის მიწურულს კოენს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო - 23 მეტრიდან მაგრად დაჰკრა და ნოიერმა ბურთი ხარიხისკენ მოიგერია...

კაიზერსლაუტერნის კაპიტულაცია
0:1 უსუსურ "ჰამბურგთან" ზედიზედ მეორე წაგება ახალი მწვრთნელის ხელში, ათქულიანი ჩამორჩენა იმ ადგილამდე, საიდანაც ელიტაში რჩებიან - სხვას ვერაფერს ვიტყვით: ფაქტია, რომ "კაიზერსლაუტერნი" დანებდა და ამ გუნდს მომდევნო სეზონში მეორე ბუნდესლიგაში ვიხილავთ.

მართალია, "ეშმაკების" გადარჩენა თეორიულად ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ეს ნაღდად გამორიცხულია, რადგან იმ დროს, როცა გადარჩენისთვის მებრძოლი სხვა კლუბები ქულებს ასე თუ ისე აგროვებენ, "კაიზერსლაუტერნი" ძალიან უსუსურად გამოიყურება და უშუალო კონკურენტებთანაც აგებს.

სწორედ ყურების ჩამოყრასა და დანებებაზე მიუთითებს ისიც, რომ პფალცელებს 31 მარტს ფეხებზე ეკიდათ ისიც, მატჩის მიწურულს მსაჯმა "ჰამბურგის" კარში დასანიშნი პენალტი რომ არ დანიშნა -არც გაუპროტესტებიათ...

"ლაუტერნი" ელიტიდან ბოლოს 2006 წელს გავარდა. მანამდე კი მეორე ბუნდესლიგაში 1996 წელს დაქვეითდა და ახლაც ყველაფერი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ კრასიმირ ბალაკოვი 1. FCK-ს ვერ გადაარჩენს: 18-მატჩიანი მოუგებელი სერია; 28 თამაშიდან 15 უგოლოდ; მხოლოდ 17 გატანილი გოლი 28 ტურში - ამაზე ცოტა გოლი მხოლოდ ბუნდესლიგის ისტორიის ლეგენდარულ სირცხვილს, ბერლინის "ტასმანიას" ჰქონდა 1965/66 წლების სეზონში (11).

რაც შეეხება "ჰამბურგს": ტორსტენ ფინკის ასევე გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩაბმულმა გუნდმა ზედიზედ ოთხი მატჩის წაგების შემდეგ პირველად მოიგო და გასავარდნი ზონა დატოვა, მაგრამ მშვიდად ყოფნამდე ჯერ ძალიან შორია...

მარტო კობი რას უშველის...
1:4 "ვოლფსბურგთან", მე-17 ადგილი და ოთხქულიანი ჩამორჩენა მე-15 ადგილამდე - ოტო რეჰაგელმა ფელიქს მაგათთან სასიცოცხლო დუელი წააგო და დედაქალაქელები ისევ პანიკაში არიან.

სწორედ ამაზე მეტყველებს ის, რომ კვირას რეჰაგელმა ვარჯიშზე აღარც ფანები შეუშვა და კარი ჟურნალისტებსაც დაუკეტა. ამასთან, "მეფე ოტომ" შეგირდებს პრესასთან ურთიერთობაც აუკრძალა. მეტიც: ოფიციალურ განცხადებებს აღარც მენეჯერი პრეეტცი და პრეზიდენტი გეგენბაუერი აკეთებენ.

"ჰერტაში" ახლა მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს ლაპარაკის უფლება და ეს რეჰაგელია! მან თქვა, ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ერთმანეთზე გადაბრალებები არ დაიწყოს, ფეხბურთელებს პრესასთან ურთიერთობა ამიტომაც ავუკრძალეო.

"უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. მშვენიერი შანსები გვქონდა, თანაც არაერთი და ვინც მომენტებს ვერ იყენებს, ის აგებს კიდეც!" - წუხდა 73 წლის სპეციალისტი.

"ვოლფსბურგმა" კი ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და ევროპალიგის ზონამდე მხოლოდ ერთი ქულაღა აშორებს. პატრიკ ჰელმესმა დუბლი შეასრულა. გაიტანა მარიო მანჯუკიჩმაც და "მგლები" ამტკიცებენ, რომ მაგათის გუნდები მეორე წრეს ყოველთვის კარგად ატარებენ ხოლმეო. არადა, თავიდან "ჰერტა" იგებდა - ლევან კობიაშვილის გოლით...

თუ როგორ უნდა იბრძოლოს გუნდმა გადარჩენისთვის, ეს "აუგსბურგმა" და "ფრაიბურგმა" გვაჩვენეს. ლუჰუკაის გუნდმა კონკურენტ "კიოლნს" მოუგო, რამაც ის გამოიწვია, რომ "კიოლნის" ფანებმა ფეხბურთელებს ობსტრუქცია მოუწყვეს (ბოსებმა კი მწვრთნელი სოლბაკენი მაინც არ გააგდეს), "ფრაიბურგმა" კი "ლევერკუზენი" დაამარცხა (2:0), რასაც "ბაიერის" მწვრთნელი რობინ დუტი შეეწირა...

გერმანია. ბუნდესლიგა. XXVIII ტური
ბორუსია (დ)-შტუტგარტი 4:4
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი (67. ს. ბენდერი), კელი - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა (81. ბარიოსი), გროსკროიტცი (84. პერიშიჩი) - ლევანდოვსკი.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - საკაი, მასა, ნიდერმაიერი, ბოკა (61. მოლინარო) - კვისტი, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი, ჰაინალი (70. გენტნერი), შიბერი (84. ბა) - იბიშევიჩი.
გოლები: 1:0 კაგავა (33), 2:0 ბლაშჩიკოვსკი (49), 2:1 იბიშევიჩი (71), 2:2 შიბერი (77), 2:3 შიბერი (79), 3:3 ჰუმელსი (82), 4:3 პერიშიჩი (87), 4:4 გენტნერი (92)
გაფრთხილება: ლევანდოვსკი, პერიშიჩი - კუჟმანოვიჩი
კუთხური: 11-5; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 27(10)-11(4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 80 720

ნიურნბერგი-ბაიერნი 0:1
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ფოილნერი, მარო, ვოლშაიდი, პინოლა - ბალიტში (68. კოენი), სიმონსი - ჩენდლერი, დიდავი (77. ბუნიაკუ), ჰლუშეკი (46. მაკი) - პეკჰარტი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, კონტენტო - ტიმოშჩუკი (55. შვაინშტაიგერი), კროოსი (80. ლუის გუსტავო) - რობენი, თ. მიულერი, პრანიჩი (57. რიბერი) - გომესი.
გოლი: 0:1 რობენი (69)
გაფრთხილება: ვოლშაიდი, ჩენდლერი - ლუის გუსტავო, რობენი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 24-15; თამაშგარე: 0-7; კარში დარტყმა: 6(3)-12(4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 48 548

კაიზერსლაუტერნი-ჰამბურგი 0:1
კაიზერსლაუტერნი (4-1-4-1): ზიპელი - დიკი, იაია (80. აბელი), როდნი, ბუგერა - ბორისიუკი - შაჰანი, ტიფერტი, დე ვიტი (75. სუკუტა-პასუ), დერშტროფი (65. ფორტუნისი) - ვაგნერი.
ჰამბურგი (4-2-2-1-1): დრობნი - დიკმაიერი (46. სალა), მანსიენი, ვესტერმანი, აოგო - კაჩარი, იაროლიმი - ილიჩევიჩი (92. რაიკოვიჩი), იანსენი - პეტრიჩი (80. სონი) - ბერგი.
გოლი: 0:1 იანსენი (28)
გაფრთხილება: შაჰანი, ბუგერა, იაია, ფორტუნისი - იაროლიმი, კაჩარი
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 24-14; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 18(6)-12(5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 44 745

ვერდერი-მაინცი 0:3
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - იგნიოვსკი (46. მარინი), აფოლტერი (51. ფიულკრუგი), სოკრატისი, ჰართერცი - ბარგფრედე - ფრიტცი, თრაიბული (51. ნალდო) - იუნუზოვიჩი - როზენბერგი, პისარო.
მაინცი (4-3-2-1): ვეტკლო - ბუნგერტი, კირხჰოფი, ნოვესკი, ზაბავნიკი - ბაუმგარტლინგერი, პოლანსკი (85. ფათი), სოტო - ნ. მიულერი (59. მ. კალიჯური), ივანშიტცი - სალაი (45+1. ჩუპო-მოტინგი).
გოლები: 0:1 სალაი (19), 0:2 ჩუპო-მოტინგი (48), 0:3 ჩუპო-მოტინგი (74)
გაფრთხილება: ფრიტცი - ზაბავნიკი, სოტო
კუთხური: 7-0; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 2-8; კარში დარტყმა: 19(7)-9(5); ბურთის ფლობა: 75%-25%.
მაყურებელი: 40 132

ლევერკუზენი-ფრაიბურგი 0:2
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კასტრო, მ. ფრიდრიხი (46. ორტეგა), ტოპრაკი, კადლეცი - რაინარტცი (56. ოჩიპკა) - რენატო, როლფესი - შიურლე (73. ბელარაბი), დერდიოკი - კისლინგი.
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა, დიანიე, გინტერი, ზორგი - მაკიადი, შუსტერი - შმიდი, დ. კალიჯური (88. იენდრიშეკი) - ფრაისი (81. რაიზინგერი), გუედე (74. ფლუმი).
გოლები: 0:1 შუსტერი (8), 0:2 დ. კალიჯური (60)
გაფრთხილება: კადლეცი - გუედე, გინტერი, რაიზინგერი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 17-22; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 11(4)-8(4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 28 342

აუგსბურგი-კიოლნი 2:1
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, სანკო, ს. ლანგკამპი, ოსტრცოლეკი - ჰოსოგაი, ბაიერი (86. დე რუკი) - მ. ნდიენგი (78. კალსენ-ბრაკერი), კოო, ბელინგჰაუზენი - რაფაელი (72. მიოლდერსი).
კიოლნი (4-2-2-2): რენზინგი - სერენო, ჟერომელი (76. ჩონგი), ჯემალი, აიხნერი (60. იშაკი) - ლანიგი, რიტერი - კლემენსი, პეჟკო (46. ბრეჩკო) - პოდოლსკი, ნოვაკოვიჩი.
გოლები: 1:0 კოო (19), 1:1 პოდოლსკი (42-პენ), 2:1 რაფაელი (45-პენ)
გაფრთხილება: სანკო - ჟერომელი, ლანიგი, სერენო
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 12-31; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 14(8)-4(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 30 660

ჰერტა-ვოლფსბურგი 1:4
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ჰუბნიკი (62. ნოიმანი), იანკერი, ბასტიანსი (46. ლასოგა) - ნიმაიერი, კობიაშვილი - რუკავიტსია, რაფაელი, ბენ-ჰატირა - რამოსი.
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ტრეში, რუსი, ფელიპე ლოპესი, როდრიგესი - პოლაკი, ჟოსუე (50. ირჟაჩეკი) - დეჟაგა (75. ვიერინია), მ. შეფერი (69. მადლუნგი) - ჰელმესი, მანჯუკიჩი.
გოლები: 1:0 კობიაშვილი (13), 1:1 იანკერი (29-საკ. კარში), 1:2 ჰელმესი (34), 1:3 მანჯუკიჩი (77), 1:4 ჰელმესი (81)
გაფრთხილება: ლელი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 11-2; კარში დარტყმა: 13(6)-13(6); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 46 388

ჰანოვერი-ბორუსია (მ) 2:1
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, პოგატეცი, პანდერი - პინტუ, კ. შულცი - შლაუდრაფი (79. აბდელაუ), რაუში (82. ჩაჰედი) - ია კონანი, მ. დიუფი (92. ჰაგი).
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე (84. იუნესი), შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ჰერმანი (67. ვენდტი), არანგო - დე კამარგო (68. ჰანკე), როისი.
გოლები: 1:0 ია კონანი (57), 2:0 მ. დიუფი (76), 2:1 ნორდტვეიტი (78)
გაფრთხილება: დანტე
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 12(3)-14(6); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 49 000

ჰოფენჰაიმი-შალკე 1:1
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, ვესტერგაარდი, ჯონსონი - ვაისი, რუდი - ვუკჩევიჩი, სალიჰოვიჩი, რობერტო ფირმინიო (81. ვილიამსი) - შიპლოკი (71. მლაპა).
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა (55. ჰიოგერი), პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი, ჰოლტბი (64. ობასი) - ფარფანი, რაული, დრაქსლერი (76. მარიკა) - ჰუნტელაარი.
გოლი: 1:0 სალიჰოვიჩი (30-პენ), 1:1 ჰუნტელაარი (80-პენ)
გაფრთხილება: რუდი, ვორსა - ჯონსი, უნერშტალი, პაპადოპულოსი, მატიპი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 23-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 15(5)-19(7); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 30 150

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 28 19 6 3 63-21 63
2. ბაიერნი 28 19 3 6 67-18 60
3. შალკე 28 17 3 8 61-35 54
4. ბორუსია (მ) 28 15 6 7 41-20 51
5. ჰანოვერი 28 10 11 7 37-39 41
6. შტუტგარტი 28 11 7 10 48-38 40
7. ლევერკუზენი 28 11 7 10 39-38 40
8. ვერდერი 28 11 7 10 41-43 40
9. ვოლფსბურგი 28 12 4 12 40-49 40
10. ჰოფენჰაიმი 28 8 10 10 32-39 34
11. მაინცი 28 8 9 11 42-44 33
12. ნიურნბერგი 28 9 4 15 25-39 31
13. ფრაიბურგი 28 8 7 13 37-53 31
14. აუგსბურგი 28 6 12 10 30-42 30
15. ჰამბურგი 28 7 9 12 32-50 30
16. კიოლნი 28 8 4 16 35-58 28
17. ჰერტა 28 6 8 14 30-52 26
18. კაიზერსლაუტერნი 28 3 11 14 17-39 20

ბომბარდირები
23 - გომესი (ბაიერნი), ჰუნტელაარი (შალკე); 17 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), პოდოლსკი (კიოლნი); 16 - პისარო (ვერდერი); 15 - როისი (ბორუსია /მ/); 14 - ჰარნიკი (შტუტგარტი).

მომდევნო ტური
7 აპრილი: ვოლფსბურგი-ბორუსია (დ), კიოლნი-ვერდერი, შტუტგარტი-მაინცი, ფრაიბურგი-ნიურნბერგი, კაიზერსლაუტერნი-ჰოფენჰაიმი, ბაიერნი-აუგსბურგი, ბორუსია (მ)-ჰერტა.
8 აპრილი: შალკე-ჰანოვერი, ჰამბურგი-ლევერკუზენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული