მოკლედ რომ ვთქვათ, ბუნდესლიგური საგიჟეთი გრძელდება. იმ დროს, როცა "პატარა
კრისტიან გროსი "შტუტგარტში" წინა სეზონის პირველი წრის შემდეგ დაინიშნა (მარკუს ბაბელი შეცვალა) და მის ხელში შვაბებმა მეორე წრე იმდენად კარგად ჩაატარეს, რომ ახალ სეზონში VFB-სგან მინიმუმ ომახიან სტარტს ველოდით.
ამ უქმეებზე "ფრაიბურგთან" განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ კი, "შტუტგარტი" უმძიმეს კრიზისშია. თვითონ განსაჯეთ: შვაბებს ასეთი ცუდი სტარტი ბუნდესლიგაში არასდროს ჰქონიათ. გროსი კი ამბობს, ამ კრიზისს ყველანი ერთად გადავიტანთო, მაგრამ ახლა "შტუტგარტისთვის" გაცილებით მძიმე კვირები იწყება: გუნდს სამ კვირაში 6 თამაშის ჩატარება მოუწევს. მაურო კამორანეზით გაძლიერებულ შვაბებს მომდევნო გამოცდა ხუთშაბათს, ევროპის ლიგაში, ბერნის "იანგ ბოიზთან" ელით, მერე კი ბუნდესლიგაში მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ეთამაშებიან.
შავ დღეშია ბუნდესლიგაში დასაქმებული პირველი ინგლისელი მწვრთნელი სტივ მაკლარენიც. დიდი ხანი არაა, რაც სტივი "ვოლფსბურგს" ხელმძღვანელობს და მინიმუმ დორტმუნდის "ბორუსიასთან" წაგების (0:2) შემდეგ მან უკვე გაამართლა თავისი მეტსახელი: სტივი "ლუზერია"! ზედიზედ მესამე მარცხისა და უქულოდ დარჩენის გამო მაკლარენმა თქვა, ვიცოდი, რომ დასაწყისი რთული იქნებოდა, მაგრამ ასეთ კატასტროფას კი ნაღდად ვერ წარმოვიდგენდიო.
რაც შეეხება "შალკეს": გელზენკირხენულ კლუბში მოჩვენებითი სიმშვიდეა. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ მწვრთნელიც და მენეჯერიც ფელიქს მაგათია. "აბენდცაითუნგმა" ორშაბათის ნომერში სავსებით სამართლიანად დასვა შემდეგი კითხვა: ვის შეუძლია მაგათის გაგდება? საქმეც ისაა, რომ არავის, რადგან მილიონების დახარჯვის შემდეგ, ფელიქსის გათავისუფლებას ვერავინ გაბედავს, რადგან მაგათს "შალკესთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და ისედაც ვალებში ჩაფლული გუნდი მის კომპენსაციას ნაღდად ვეღარ აუვა. "შალკე" დღეს ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს (სტუმრად "ლიონთან"), მომავალ უქმეებზე კი დორტმუნდის "ბორუსიასთან" უწევს რურის დიდი დერბი და თუ "ხუმარებმა" ეს თამაშები მაინც მოიგეს, მნიშვნელოვნად განიტვირთებიან. მაგათი კი ისედაც განტვირთულია.
ტურის სიმბოლური ნაკრები
ტიმ ვიზე (ვერდერი) - პეტრი პასანენი (ვერდერი), პედრო ჟერომელი (კიოლნი), ისააკ ვორსა (ჰოფენჰაიმი), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ) - ალექს მაიერი (აინტრახტი), ნური შაჰინი (ბორუსია დ) - მარკო მარინი (ვერდერი), ფრანკ რიბერი (ბაიერნი) - ია კონანი (ჰანოვერი), თეოფანის გეკასი (აინტრახტი)
ბრემენელთა კიპერმა "ბაიერნთან" მატჩში ძალიან კარგად ითამაშა და ძველი ვიზე გაგვახსენა. ტიმმა საერთო ჯამში შვიდი დარტყმა მოიგერია, რიბერის, მიულერსა და კროოსს კი სულაც მკვდარი ბურთები აუღო. "კიოლნის" დაცვის ბურჯი პედრო ჟერომელი პირველ ორ ტურში ტრავმირებული გახლდათ და დაბრუნდა თუ არა მოედანზე (ეს ამ უქმეებზე, "ზანკტ პაულისთან" მატჩში მოხდა) "თხების" დაცვა მაშინვე დასტაბნილურდა - ჟერომელი კარგად გაუმკლავდა "კიცელთა" ფორვარდ მარიუს ებერსს და მოედანზე საუკეთესო იყო.
"ჰოფენჰაიმის" მცველი ისააკ ვორსა აგერ უკვე ორი თამაშია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, რითაც ის "ჰოფეს" წარმატებების ერთ-ერთი უმთავრეს სიმბოლოა. დორტმუნდის "ბორუსიას" საყრდენმა ნახევარმცველმა ნური შაჰინმა "ვოლფსბურგთან" მატჩში გუუს ჰიდინკზე ჯავრი იყარა - თურქეთის ნაკრების თავკაცმა შაჰინი არცერთ საკვალიფიკაციო მატჩში არ ათამაშა და განრისხებულმა ფეხბურთელმა ჰოლანდიელ მწვრთნელს შაბათს დაუმტკიცა, რომ მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსია - შაჰინი "ვოლფსბურგთან" შეუდარებელი იყო და თანაც, ულამაზესი გოლიც გაიტანა.
ტურის გმირი
თეოფანის გეკასი (აინტრახტი)
ბერძენმა თავდამსხმელმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო: პირველ ტურში მან იმდენად ამაზრზენად ითამაშა, რომ "კიკერისგან" 5 ბალი მიიღო და მეორე ტურში ძირითად შემადგენლობაში აღარც ათამაშეს. მან ვერც საბერძნეთის ნაკრებში გაიბრწყინა, რის გამოც საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა, მაგრამ "აინტრახტის" თავკაცმა მიხაელ სკიბეს გეკასზე ცუდი სიტყვა არ დასცდენია. პირიქით, მან თქვა, გეკასის მეიმედებაო. როგორც ჩანს, ამან ბერძენზე კარგად იმოქმედმა: "გლადბახის" კარში გატანილი ორი გოლი ყველაფერზე ნათლად მეტყველებს.
საუკეთესო ფეხბურთელები*
ფეხბურთელი კლუბი საშ. შეფასება
1. ივო ილიჩევიჩი კაიზერსლაუტ. 2.00
2. ანდრე შიურლე მაინცი 2.25
3. მაჰამადუ იდრისუ ბორუსია (მ) 2.33
4. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.33
5. სრდიან ლაკიჩი კაიზერსლაუტ. 2.33შენიშვნა: * - სამი ტურის შემდეგ "კიკერის" შეფასებების მიხედვით
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
1. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 4 0 4
2. სრდიან ლაკიჩი კაიზერსლაუტ. 4 0 4
3. მაჰამდუ იდრისუ ბორუსია (მ) 2 2 4
4. ივო ილიჩევიჩი კაიზერსლაუტ. 2 2 4
5. მოჰამედ აბდელაუ ჰანოვერი 2 1 3