ბაიერნი ჰოლანდიას: გიჩივლებთ!

AutoSharing Option

მიუნხენის "ბაიერნსა" და ჰოლანდიის ნაკრებს შორის არიენ რობენის თაობაზე ატეხილი დავა აშკარა დაპირისპირებაში, უფრო მეტიც, ფაქტობრივად სკანდალში გადაიზარდა. ორშაბათს მიუნხენური კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გადაცემა "ბლიკპუნკტ შპორტში" ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის წინააღმდეგ ერთობ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და იმასაც არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში "ბაიერნმა" ჰოლანდიის ნაკრებს სასამართლოში უჩივლოს.

შეგახსენებთ: საქმე იმაშია, რომ ბავარიელები ჰოლანდიელებს რობენის არასწორად მკურნალობაში სდებენ ბრალს. მათი თქმით, ჰოლანდიელებმა რობენი მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტრავმის შესახებ იცოდნენ და დრიბლიორი გამაყუჩებლებით ათამაშეს, რის გამოც არიენს ტრავმა

გაუმიზეზდა და ახლა წლის ბოლომდე იძულებითი პაუზა აქვს გამოწერილი.
"თუ ჰოლანდიელები უარს იტყვიან ჩვენთან ერთად პრობლემის გადაჭრის მისაღები გზების ძიებაზე, სხვა გზა აღარ დაგვრჩება და იძულებულები ვიქნებით, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციასა და მის მთავარ ექიმს სასამართლოში ვუჩივლოთ, - თქვა რუმენიგემ და იქვე დასძინა, - მერე კი საქმეს იურისტები მიხედავენ და ჰოლანდიელები მაინც დაისჯებიან".

რეკორდმაისტერის ბოსის თქმით, "ბაიერნი" ჰოლანდიელებისგან ფინანსური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს - სპორტულ ზარალს ისედაც ვერ აგვინაზღაურებენო. "ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქმე მილიონებს ეხება!" - აცხადებს რუმენიგე. ამ მხრივ კი რუმენიგე ცამდე მართალია, რადგან "ბაიერნს" ტრავმირებული რობენის შენახვა დღეში 11 000 ევრო უჯდება...

ლელო

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული