სად გადახტება ტიმი ვიზე?

AutoSharing Option
როგორც იცით, "ვერდერის" მეკარე ტიმ ვიზემ, რომელიც ბრემენულ კლუბს 7 წლის მანძილზე ემსახურა, ამას წინათ თქვა, ზაფხულში კლუბს გამოვიცვლიო.

30 წლის კიპერს, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, "ვერდერთან" კონტრაქტი უმთავრდება, ახლის გაფორმებაზე კი უარი თქვა. მას მერე საფეხბურთო გერმანიაში ვიზეს მოსალოდნელ ტრანსფერზე საუბრები არ წყდება.

"ბილდის" ინფორმაციით, ტიმს სამი რეალური ვარიანტი აქვს. მისი გადაბირება ყველაზე მეტად "ჰოფენჰაიმს" უნდა. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, "სოფლელების" დამრიგებელი მარკუს ბაბელი ვიზეს თითქმის ყოველდღე ურეკავს და "ჰოფეში" გადასვლას ეხვეწებაო.

ეს ცნობა თავად ბაბელმაც
დაადასტურა – ტიმთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მისი გადმობირება ძალიან გვინდაო. არის მადრიდის "რეალში" გადასვლის ალბათობაც: ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, "სამეფო გუნდს" გამოცდილი გერმანელი სათადარიგო მეკარედ უნდა. და არსებობს "ტოტენჰემის" ვარიანტიც.

"კონტრაქტი არსად გამიფორმებია და არც სიტყვა მიმიცია რომელიმე კლუბისთვის. ზაფხულამდე დრო საკმარისი მაქვს, გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღებას არ ვაპირებ," - აცხადებს ტიმი.

მარინი ტოტენჰემში?
"ვერდერის" ახალგაზრდა გამთამაშებელი მარკო მარინი შესაძლოა, "ტოტენჰემში" გადავიდეს. "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, ამ უკანასკნელის შეძენით "სპურზის" მთავარი მწვრთნელი, ჰარი რედნაპია დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემს" მარინის გადაბირება წინა ზაფხულშიც უნდოდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერზე უარი თვითონ ფეხბურთელმა თქვა. ახლა კი დიდი შანსია, რომ თანახმა იყოს, რადგან "ვერდერი" ევროპალიგის მიღმა რჩება, მარკოს კი ევროტურნირებზე თამაში უნდა. ბრემენული კლუბის ბოსის, კლაუს ალოფსის თქმით, მარინის აბარგება გამორიცხული არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული