ბუნდესლიგა: მაგარი ტური ორი ჯოჯოხეთური დერბით

AutoSharing Option

სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები ჰამბურგსა და გელზენკირხენში

დღეს
ბაიერნი-კიოლნი 17:30
ვერდერი-მაინცი 17:30
შტუტგარტი-ბორუსია (მ) 17:30
ვოლფსბურგი-ჰანოვერი 17:30
კაიზერსლაუტერნი-ჰოფენჰაიმი 17:30

ხვალ
ზტ. პაული-ჰამბურგი 17:30
შალკე-ბორუსია (დ) 19:30
ლევერკუზენი-ნიურნბერგი 19:30

მეოთხე ტური გუშინ, წინა ტურში სამ-სამი ქულის ამღებებმა, "აინტრახტმა" და "ფრაიბურგმა" გახსნეს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ბუნდესლიგაში დღეს და განსაკუთრებით კი, ხვალ უნდა მოხდეს. იმ დროს, როცა ამბიციური "შტუტგარტი" (მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან") და მდიდარი ექს-ჩემპიონი "ვოლფსბურგი" ქვემოსაქსონიურ დერბიში "ჰანოვერთან" პირველი (!) ქულებისთვის იბრძოლებენ, "ბაიერნსა" და "ვერდერს" ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ საშინაო დავალებები აქვთ შესასრულებელი. მთავარი მოვლენები კი ხვალისთვისაა დაგეგმილი: ხანგრძლივი პაუზის შემდეგ,

ბუნდესლიგაში პირველად იმართება ჰამბურგის უმძაფრესი დერბი "ჰამბურგსა" და "ზანკტ პაულის" შორის და მისი დასრულებისთანავე იწყება გერმანული ფეხბურთის მთავარი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, "რურის დიდი დერბი" "შალკესა" და დორტმუნდის "ბორუსიას" მონაწილეობით.

დროა, ბაიერნმა ბუნდესლიგას მიხედოს

ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული სტარტის შემდეგ (2:0 "რომასთან"), დროა, მიუნხენის "ბაიერნმა" მთელი ყურადღება ბუნდესლიგისკენ გადაიტანოს, სადაც სამი ტურის შემდეგ არცისე სახარბიელოდ აქვს საქმე. შესაბამისად, ლუის ვან გაალის გუნდი ვალდებულია, "კიოლნთან" საშინაო შეხვედრაში სამი ქულა მოიპოვოს. თუმცა რეკორდმაისტერს სიფრთხილე მართებს - რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "კიოლნთან" გამართული ბოლო ოთხი საშინაო მატჩიდან, "ბაიერნმა" ერთიც ვერ მოიგო: 3 ფრე და 1 მარცხი. თავის მხრივ, "კიოლნმა" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ ეს "შეცდომა" მესამე ტურში, "ზანკტ პაულისთან" მოპოვებული "მუშა გამარჯვებით" გამოასწორა. ისიც ვთქვათ, რომ წინა ტურში "თხების" თავკაცმა ზვონიმირ სოლდომ ტაქტიკა შეცვალა და კლასიკური 4-4-2-დან 4-1-4-1-ზე გადაერთო. ამ ცვლილებამ სოლდოს წარმატება მოუტანა და საინტერესოა, შეცვლის თუ არა ტაქტიკას "ბაიერნთან".

მგლები გამოსწორების გზას დერბის მოგებით დააგდებიან?

სამი მატჩი, ნული ქულა, რვა გაშვებული გოლი: "ვოლფსბურგი" იმედებს ვერ ამართლებს და ესეც რბილი ნათქვამია. "როცა პრობლემის წინაშე დგები, რაღაც უნდა მოიმოქმედო, რაღაც უნდა შეცვალო," - ეს "ვოლფების" მთავარი მწვრთნელის, სტივ მაკლარენის სიტყვებია. ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კი ინგლისელი მწვრთნელის სიტყვები ისე გაიგეს, რომ სტივი დღეს, ქვემოსაქსონიურ დერბიში "ჰანოვერთან", ტაქტიკის შეცვლას აპირებს. მაკლარენი მართლაც არ გამორიცხავს სქემის შეცვლას და ამბობს, რომ დიდი შანსია, გუნდი დღეს ორი თავდამსხმელით (ჯეკო, გრაფიტე) ათამაშოს. სამი ტურის შემდეგ, "ჰანოვერი" სატურნირო ცხრილში იქაა, სადაც ყოფნა "ვოლფსბურგს" სურს (წაუგებლად, მეოთხე ადგილზე) და იმასაც გეტყვით, რომ "წითლებს" "მგლებთან" ბოლო ხუთი თამაშიდან ხუთივე წაგებული აქვთ.

ეშმაკებისა და სოფლელების დუელი

სამი მატჩი, სამი გაამრჯვება, პირველი ადგილი - ეს კი "ჰოფენჰაიმის" სადღეისო ბალანსია და გუნდის მენეჯერი ერნსტ ტანერი ამბობს, ამაზე უკეთეს დასაწყისს ჩვენთან ვერავინ ინატრებდაო. დღეს რალფ რანგნიკსა და მის შეგირდებს კაიზერსლაუტერნში უწევთ გამოცდის ჩაბარება - გუნდთან, რომელმაც სამი კვირის წინ "ბაიერნი" დაამარცხა (2:0) და რომელმაც სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო (მეხუთე ადგილი). "ჰოფეს" ნახევარმცველ ტობიას ვაისის თქმით, "ჰოფენჰაიმი" "ფრიც-ვალტერ-შტადიონზე" მხოლოდ სამი ქულისთვის იბრძოლებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "წითელ ეშმაკებს" "მაინცთან" განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ წარმატებული სვლის გაგრძელება სურთ.

ასპროცენტიანი მაინცი ბრემენში

"ჰოფენჰაიმთან" ერთად, სამი ტურის შემდეგ იდეალური შედეგი აქვს "მაინცსაც", რომელმაც ყველასათვის გასაოცრად, სამივე თამაშის მოგება შეძლო. თანაც, მაინცელებს ჯერჯერობით ყველაზე მეტი, 8 გოლი აქვთ გატანილი. დღეს თომას ტუხელის ახალგაზრდა და ფრთაშესხმული გუნდი გამოცდას ბრემენში ჩააბარებს და უნდა ვთქვათ, რომ "ვერდერს" ჩემპიონთა ლიგაში დამღლელი მატჩი ჰქონდა (2:2 ტოტენჰემთან). გუშინ საღამომდე უცნობი იყო, მოახერხებს თუ არა დღეს მოედანზე გასვლას "მუსიკოსების" მთავარი დამრტყმელი ძალა კლაუდიო პისარო.

უქულო შვაბები ამოუცნობ გლადბახთან

სენსაციაა ისიც, რომ სამი ტურის შემდეგ უქულოდაა "შტუტგარტიც". "ფრაიბურგთან" წაგების (1:2) შემდეგ მწვრთნელმა კრისტიან გროსმა შეგირდები დაცოფა, დაცვაში ასთი ამაზრზენი თამაში არსად მინახავსო. როგორც ჩანს, შვეიცარიელი სპეციალისტის რისხვამ შედეგი გამოიღო: შვაბებმა ევროპის ლიგის პირველ ტურში "იანგ ბოიზი" 3:0 დაამარცხეს. დღეს კი "შტუტგარტს" მიონხენგლადბახის "ბორუსიას" სახით ყველაზე ამოუცნობი მეტოქე ჰყავს. მიხაელ ფრონტცეკის ბიჭებმა ლევერკუზენში 6:3-ზე გამარჯვების შემდეგ, საკუთარ მოედანზე "აინტრახტთან" 0:4 წააგეს და ამიტომაცაა შეუძლებელი იმის თქმა, თუ რას შემოგვთავაზებს "გლადბახი" დღეს "მერსედეს ბენც არენაზე".

ზღვა ადრენალინი ჰამბურგში

კვირა კი, როგორც ზემოთაც ვთქვით, სუპერ-დერბების დღეა. 17 საათსა და 30 წუთზე სტადიონ "მილერნტორზე" ცეცხლი გაჩაღდება: "ზანკტ პაული" მოსისხლე მტერ "ჰამბურგს" მასპინძლობს.
"ჰამბურგის" დერბი ყველაზე დიდი მოვლენაა იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც HSV-ში და "ზანკტ პაულიში" ოდესმე უთამაშიათ," - ამბობს "პაულის" თავკაცი ჰოლგერ სტანისლავსკი, რომელიც უკანასკნელ დერბიში (2001/02 წლების სეზონში) "ჰამბურგის" წინააღმდეგ პირადად თამაშობდა. "ბოლო დერბის რომ ვიხსენებ, თმები ახლაც ყალყზე მიდგება და ძალიან მინდა, რომ შაბათს "მილერნტორზე" მაგრად ვიზეიმოთ. ფაქტია, რომ ჩვენი პატარა და კოხტა სტადიონი სულ ყავისფერ და თეთრ ფერებში იქნება," - აცხადებს კიცელთა მწვრთნელი. ზეიმს მისი ვიზავი, "ჰამბურგის" თავკაცი არმინ ფეეც ნატრობს. სტატისტიკა კი ისედაც ფავორიტად მიჩენული "ჰამბურგის" სასარგებლოდ მეტყველებს: HSV-ს პაულისთან 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
დღეს მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგებიან ახლო მეგობრები ჩარლზ ტაკი (ზტ. პაული) და გი დემელი (ჰამბურგი). ისინი ერთმანეთს 2005 წლიდან იცნობენ. "ფიურტიდან" წამოსვლის შემდეგ ტაკი დემელთან ცხოვრობდა, ეს უკანასკნელი ბინის ქირის ფულს არ ახდევინებდა, სამაგიეროდ ტაკი მას საჭმელებს უმზადებდა ხოლმე. "დემელს ვუსურვებ, რომ "მილერნტორიდან" ცოცხალმა გააღწიოს," - თქვა გუშინ ტაკიმ.

სავარაუდო შემადგენლობები
ზტ. პაული (4-2-3-1): კესლერი - როთენბახი, სამბრანო, თორანდტი, ოჩიპკა - ბოლი, მ. ლემანი - ბრუნსი, ტაკი, კრუზე - ჰენინგსი.
ჰამბურგი (4-2-2-2): ფ. როსტი - დემელი, ვესტერმანი, მატიისენი, იანსენი - იაროლიმი, ზე რობერტო - პიტროიპა, ელია - გერერო, ვან ნისტელროი.

შალკე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში მძიმე ტვირთით

ჰამბურგის დერბის დასრულებისთანავე, გელზენკირხენში ბუნდესლიგის მშვენება, "რურის დიდი დერბი" დაიწყება. "შალკე" სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩს დიდი წნეხითა და უმძიმესი ტვირთით ხვდება, რადგან გელზენკირხენელები სამი ტურის შემდეგ, ნული ქულით მე-17 ადგილზე არიან და "შალკემ" "დორტმუნდის" დამარცხება რომ ვერ შეძლოს, შეუძლებელია იმის განჭვრეტა, რა შეიძლება მოხდეს "ფელტინს არენა აუფ შალკეზე". ახლო წარსული გელზენკირხენული კლუბის სასარგებლოდ მეტყველებს, რადგან "შალკემ" ბოლო ექვსი დერბიდან "ბორუსიასთან" არცერთი არ წააგო (4 მოგება, 2 ფრე).
თუმცა "დორტმუნდი" ამჯერად საკმაოდ კარგ ფორმაშია: BVB-მ ევროპის ლიგაშიც მოიგო (4:3 კარპატისთან) და ბუნდესლიგაში ბოლო ორი თამაშიც თავის სასარგებლოდ დაასრულა. ამასთან, იურგენ კლოპის შეგირდებმა განვლილ სამ ტურში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი (28) შექმნეს და მეტოქეებს ყველაზე ნაკლები (9) შეაქმნევინეს. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ბორუსიას" თავკაც კლოპს შალკელი ვიზავი ფელიქს მაგათი არასდროს დაუმარცხებია (0 მოგება/2 ფრე/7 წაგება). "ბორუსია" დღეს კაპიტან სებასტიან კელს მოისაკლისებს, რომელსაც ნახევარდაცვის ცენტრში ახალგაზრდა სვენ ბენდერი შეცვლის.

სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-2-1-3): ნოიერი - მორიტცი, ჰიოვედესი, პლესტანი, შარპეი - ჯონსი, რაკიტიჩი - ხურადო - ფარფანი, ჰუნტელაარი, რაული.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - ოვომოიელა, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - გროსკროიტცი, კაგავა, გიოტცე - ბარიოსი.


გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ორი სუპერ-დერბის ფონზე, "ლევერკუზენისა" და "ნიურნბერგის" ხვალინდელი დაპირისპირება ჩრდილშია მოქცეული. ფაქტია, რომ "ლევერკუზენი", სადაც მიხაელ ბალაკი წლის ბოლომდე დაშავდა, ჯერ არ თამაშობს ისეთ ფეხბურთს, როგორსაც გუნდის თავკაცი იუპ ჰაინკესი ითხოვს, თუმცა "ფარმაცევტებმა" სწორ გზაზე დადგომისკენ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგეს: ხუთშაბათს, ევროპის ლიგაში "რუსენბორგი" 4:0 გაანადგურეს. ბრწყინვალე ფორმაშია პატრიკ ჰელმესი, რომელმაც ხსენებულ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. "ნიურნბერგს" ლიდერი ალბერტ ბუნიაკუ კი მძიმედ დაუშავდა და ეს უკანასკნელი არა მარტო დღეს, არამედ წლის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოფენჰაიმი 3 3 0 0 7-1 9
2. მაინცი 3 3 0 0 8-4 9
3. ჰამბურგი 3 2 1 0 6-3 7
4. ჰანოვერი 3 2 1 0 6-4 7
5. კაიზერსლაუტ. 3 2 0 1 6-3 6
6. ბორუსია (დ) 3 2 0 1 5-3 6
7. ფრაიბურგი 3 2 0 1 5-5 6
8. ლევერკუზენი 3 1 1 1 7-8 4
9. ბორუსია (მ) 3 1 1 1 7-8 4
10. ვერდერი 3 1 1 1 5-6 4
11. ბაიერნი 3 1 1 1 2-3 4
12. აინტრახტი 3 1 0 2 6-4 3
13. ზტ. პაული 3 1 0 2 3-3 3
14. კიოლნი 3 1 0 2 4-7 3
15. ნიურნბერგი 3 0 2 1 3-4 2
16. ვოლფსბურგი 3 0 0 3 4-8 0
17. შალკე 3 0 0 3 2-6 0
18. შტუტგარტი 3 0 0 3 2-7 0

 

მაგათი: მეტცელდერი შეცდომაა!

"რეალიდან" ბუნდესლიგაში დაბრუნებუი კრისტოფ მეტცელდერი "შალკეს" დაცვის ბურჯი უნდა გამხდარიყო, მაგრამ პირველ თამაშებში იმდენი შეცდომა დაუშვა და იმდენად არასტაბილური იყო, რომ გელზენკირხენული კლუბის თავკაცმა ფელიქს მაგათმა დაცვის ცენტრიდან მარჯვენა ფლანგზე გადაისროლა, მაგრამ მეტცემ იქაც ვერ გაამართლა და ახლა სათადარიგოთა სკამის ხეხვა უწევს. მაგათი კრისტოფს დიდხანს აფარებდა ხელს, ახლა კი მიხვდა, რომ ამასაც აზრი არ აქვს და გამოცდილი უკანახაზელი გააკრიტიკა.
"ბილდის" კორესპონდენტის კითხვაზე, იყო თუ არა მეტცელდერის ტრანსფერი შეცდომა, ფელიქსმა ასეთი პასუხი გასცა: "მეტცელდერი ჯერჯერობით მართლა დიდი შეცდომაა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. სამწუხაროდ, წნეხს ვერ გაუძლო და ამ ეტაპისთვის ვერც იმედები გაამართლა - მეტცე ჩვენი გუნდის დაცვის ბურჯი ვერ გახდა. მიუხედავად ამისა, მაინც მჯერა, რომ მალე დასტაბილურდება. მე მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება."

აღსანიშნავია, რომ კრისტოფს "შალკეს" ფანებიც ძალიან კრიტიკულად უყურებენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ მეტცელდერი რვა წლის მანძილზე "შალკეს" მოსისხლე მტრის, დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას იცავდა და თავის დროზე ნათქვამი აქვს, ბავშვობაში "შალკეს" სკოლაში მიმიყვანეს და იქ გატარებული ერთი წელი ჩემი ცხოვრების შავი ლაქააო. მაშინ კრისტოფი "დორტმუნდის" ფეხბურთელი იყო - "შალკეს" ფანებს კი, მოგეხსენებათ, არაფერი ავიწყდებათ. მეტცე ახლა ტრავმირებულია და ხვალ "რურის დიდ დერბიში" "დორტმუნდთან" ისედაც ვერ ითამაშებს, მაგრამ ჯანმრთელიც რომ ყოფილიყო, ფაქტია, მაგათი სასტარტო შემადგენლობაში მაინც არ გაამწესებდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული