ბუნდესლიგამ მეოთხე ტურში დიდი ამბები გადაიტანა: იყო ორი "სისხლიანი" დერბი ჰამბურგსა და გელზენკირხენში, მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივრები დამწუხრებულები დარჩნენ, რადგან მათმა საყვარელმა გუნდმა კიდევ ერთხელ ვერ მოიგო (0:0 კიოლნთან) და გერმანიაში ყველას ერთი კითხვა უტრიალებს: რატომ ვერ გააქვს რეკორდმაისტერს გოლები? ამ დროს კი, ეგრეთ წოდებული "პატარა გუნდები" დომინირებას აგრძელებენ და რაც ყველაზე საინტერესოა, ყველა მათგანი სამხრეთ-დასავლეთ გერმანიიდან - რაინლანდ პფალციდან და ბადენ-ვიურტემბერგიდან. მეექვსე ადგილზე "კაიზერსლაუტერნია", მეოთხეზე "ფრაიბურგი", მეორეზე "ჰოფენჰაიმი" და პირველზე "მაინცი"! და ამ ექვსეულს გრანდებიდან გვერდს მხოლოდ "ჰამბურგი" (მეხუთე) და
ყველაზე გასაოცარი შედეგი კი რა თქმა უნდა, "მაინცს" აქვს: 12 ქულა 4 ტურის შემდეგ, ანუ, ასპროცენტიანი შედეგი. კარნავალელთა წარმატების მთავარი შემოქმედი კი გუნდის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელია. ეს უკანასკნელი სულ რაღაც 37 წლისაა (ბუნდესლიგაში ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტია), რომელსაც თანამედროვე მეთოდები და გუნდის მართვის განსაკუთრებული სტილი ახასიათებს. მაგალითად, ტუხელი ტაქტიკა-სტრატეგიაზე საუბრისას შეგირდებს ყოველთვის ეკითხება აზრს და უმეტესად, ყველა მოსაზრებას მეტ-ნაკლებად ითვალისწინებს ხოლმე. თანაც, ტუხელი თავის მეტოქეებს მუდმივად ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობს. მაგალითად, "ვერდერთან" მატჩში, რომელიც "მაინცმა" 2:0 მოიგო, თომასმა ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშა "მაინცის" მთავარი იმედი ანდრე შიურლე და წინა მატჩთან შედარებით, ტაქტიკური სქემაც შეცვალა.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, იმ გუნდების 34 პროცენტი, რომლებიც მეოთხე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ლიდერობდნენ, საბოლოოდ გერმანიის ჩემპიონებიც ხდებოდნენ ხოლმე. მართალია, 34 პროცენტი დიდი მაჩვენებელი არაა და არც ზემოთ მოყვანილ სტატისტიკას აქვს მაინცდამაინც დიდი წონა, მაგრამ "მაინცის" ქომაგებისთვის საზეიმოდ ესეც საკმარისია. მაინცელთა საჩემპიონო შანსებზე საუბარი არც კი გვიფიქრია, უბრალოდ, სტატისტიკის მოყვარულები დავაპურეთ.
სხვა მხრივ კი, იქნებ "ბაიერნის" ფეხბურთელებმა მომდევნო ტურებში გაიხსენონ, საით უნდა დაარტყან იმისათვის, რომ გოლები გაიტანონ, თორემ რეკორდმაისტერი სირცხვილის პირასაა: ლუის ვან გაალის გუნდს 4 ტურის შემდეგ ოდენ ორი გოლი აქვს გატანილი. აგერ, "შტუტგარტს" სამი ტურის შემდეგ ჰქონდა ორი გოლი და ამ უქმეებზე ერთბაშად შვიდი გაიტანა.
იმ დროს, როცა მიუნხენელი ფეხბურთელები ბანალურად ბჭობდნენ ბუტი: "სასწრაფოდ უნდა გამოვსწორდეთ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!" ლამი: "ახლა ზედიზედ რამდენიმე თამაში უნდა მოვიგოთ, თორემ ლიდერთან ჩამორჩება გაიზრდება"), ვან გაალმა არც აცია, არც აცხელა და კვირას პირდაპირ თქვა, ჩემს გუნდს დაახლოებით კიდევ ექვსი თამაში დასჭირდება იმისათვის, რომ ძველი ფორმა აღიდგინოსო. ოჰო, ძალიან ხმამაღალი განცხადებაა, რადგან "ბაიერნმა" კიდევ ექვს მატჩში რომ ითამაშოს ისე, როგორც ეს "კიოლნთან" და წინა ტურში, "ვერდერთან" გააკეთა, იმდენ ქულას ნამდვილად ვერ მოუყრის თავს, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს.
"ძირს "შალკე"! - ყვიროდნენ დორტმუნდის "ბორუსიას" ქომაგები რურის დიდი დერბის დროს და გელზენკირხენული კლუბის თავდამსხმელ რაულს თეთრი ხელსახოცებიც უფრიალეს. ზოგადად, "ბორუსიას" ფანები "ძირს შალკეს" ყოველთვის ყვირიან ხოლმე, მაშინაც კი, როცა მათი საყვარელი გუნდი სულაც სხვა გუნდს ეთამაშება, მაგრამ კვირას ამ სიტყვებს სულ სხვა გემო ჰქონდა: BVM-მ გელზენკირხენიდან სამი ქულა წაიღო და რაც მთავარია, "შალკე" მართლაც ძირსაა - 0 ქულით ბოლო ადგილზე. "ბორუსიას" დორტმუნდში ათიათასობით ფანმა ბრწყინვალე დახვედრა მოუწყო, გელზენკირხენში კი აგონიაა, გაუგებრობა და ერთი სიტყვით, დიდი ცოდვა-ბრალი ტრიალებს. არა მარტო იმიტომ, რომ "შალკემ" მოსისხლე მტერთან წააგო (თანაც საკუთარ მოედანზე), არამედ იმიტომაც, რომ გუნდმა არსებობის ისტორიაში სეზონი ყველაზე ცუდად დაიწყო. და ეს მაშინ, როცა "შალკე" ვიცე-ჩემპიონის სტატუსით თამაშობს.
დერბის შემდეგ "შალკეს" მეკარე მანუელ ნოიერმა, რომელიც ფანების უსაყვარლესი ფეხბურთელია, ყველა თანაგუნდელი გააკრიტიკა: "ეს არ იყო დერბი! როგორც ჩანს, ჩემი თანაგუნდელების უმრავლესობამ ჯერ კარგად არ იცის, რას ნიშნავს "დორტმუნდთან" თამაში. ქალაჩუნებივით ვითამაშეთ. ფაქტია, რომ არ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებენ." მწვრთნელი ფელიქს მაგათი ნოიერს არ დაეთანხმა და თქვა, პრობლემა ისაა, რომ ამდენმა წარუმატებლობებმა ფეხბურთელებს თავდაჯერება წაართვაო. "ჩემი შეგირდები ასე თავდაუჯერებლები აქამდე არასდროს ყოფილან. ეს ჩემთვის ყველაზე მძიმე დღე იყო მას მერე, რაც აქ ვმუშაობ."
ხვალ "შალკე" "ფრაიბურგს" ეთამაშება, შაბათს "გლადბახს" უმასპინძლებს, მერე კი ჩემპიონთა ლიგაში, ლისაბონის "ბენფიკას" ეთამაშება - და ამ მატჩების წინ "ხუმარები" ჯოჯოხეთური წნეხის ქვეშ არიან მოქცეულები...
ტურის სიმბოლური ნაკრები
ოლივერ ბაუმანი (ფრაიბურგი) - მიშო ბრეჩკო (კიოლნი), მატიო დელპიერი (შტუტგარტი), იოზიპ შიმუნიჩი (ჰოფენჰაიმი), არტურ ბოკა (შტუტგარტი) - სვენ ბენდერი (ბორუსია დ), ფაბიან ბოლი (ზტ. პაული), ნური შაჰინი (ბორუსია დ) - შინჯი კაგავა (ბორუსია დ) - პაველ პოგრებნიაკი (შტუტგარტი), ერვინ ჰოფერი (კაიზერსლაუტერნი).
ოთხი ტურის შემდეგ, "ფრაიბურგს" 9 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, რაც ამ მოკრძალებული გუნდისთვის შესანიშნავი შედეგი გახლავთ. იმ დროს, როცა ბომბარდირთა რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ფრაიბურგელია (თავდამსხმელი პაპის დემბა სისე, 4 გოლით), "კიკერის" შეფასებების მიხედვით, 4 ტურის შემდეგ ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი "ფრაის" მეკარე ოლივერ ბაუმანი გახლავთ, რომელიც ტრავმირებულ პირველ კიპერს, სიმონ პუპლინს ცვლის. "ფრაიბურგმა" "აინტრახტთან" რომ მოიგო (1:0), ეს მეტწილად სწორედ ბაუმანის დამსახურება იყო და ამიტომაც მოხვდა "კიკერის" ტურის სიმბოლურ ნაკრებში. მკითხველისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ტურის სიმბოლურში სამი შტუტგარტელია (შვაბებმა ხომ 7:0 მოიგეს): მარცხენა მცველი არტურ ბოკა, ცენტრალური მცველი მატიო დელპიერი და ფორვარდი პაველ პოგრებნიაკი, რომელიც ტურის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. სამი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი დორტმუნდის "ბორუსიაც", რომელმაც კვირას რურის დიდი დერბი მოიგო (შაჰინი, ბენდერი, კაგავა). "კაიზერსლაუტერნისა" და "ჰოფენჰაიმის" მატჩში (2:2) საუკეთესო "წითელი ეშმაკების" თავდამსხმელი ერვინ ჰოფერი გახლდათ და სიმბოლურში პოგრებნიაკს სწორედ ის შეუწყვილდა.
ტურის გმირი
პაველ პოგრებნიაკი (შტუტგარტი)
"შტუტგარტის" რუს თავდამსხმელ პაველ პოგრებნიაკს შაბათს უჩვეულოდ კარგი დღე ჰქონდა. ჯერ ერთი, ბუნდესლიგაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა ("შტუტგარტმა" მიონხენგლადბახის "ბორუსიას" 7:0 მოუგო) და ამით კრიტიკოსები, პირველ რიგში კი შვაბური კლუბის მენეჯერი ფრედი ბობიჩი გააჩუმა (ეს უკანასკნელი ბოლო დროს ხშირად ამბობდა, პოგრებნიაკისგან მეტს ველითო), მერე კი ძალიან ბევრი ინტერვიუს მიცემა მოუხდა. საქმე კი იმაშია, რომ 26 წლის რუსი ფორვარდი გერმანულად ძალიან ცუდად, თითქმის ვერ ლაპარაკობს. პოგრებნიაკმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს უთხრა, რუსეთის ჩემპიონატში ჰეთ-თრიკებს ხშირად ვასრულებდიო, ის კი ვერ გაითვალისწინა, რომ გერმანელები აუცილებლად გადაუმოწმებდნენ - პაველმა რუსეთის ჩემპიონატში ჰეთ-თრიკი ბოლოს 2006 წლის 30 ივლისს, "ტომსკთან" მატჩში (4:0) შეასრულა. მიუხედავად ტყუილისა, "კიკერმა" პოგრებნიაკი ბუნდესლიგის მეოთხე ტურის გმირად დაასახელა.
საუკეთესო ფეხბურთელები*
ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 1.75
2. პედრო ჟერომელი კიოლნი 2.00
3. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.00
4. ანდრე შიურლე მაინცი 2.17
5. მანუელ ნოიერი შალკე 2.25
* - სამი ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
1. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 4 0 4
2. ედინ ჯეკო ვოლფსბურგი 4 0 4
3. სრდიან ლაკიჩი კაიზერსლაუტ. 4 0 4
4. პაველ პოგრებნიაკი შტუტგარტი 4 0 4
5. მოჰამადუ იდრისუ ბორუსია (მ) 2 2 4
6. ივო ილიჩევიჩი კაიზერსლაუტ. 2 2 4
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"