თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ შინჯი კაგავა "ბორუსიას" ფანებისთვის უკვე უკვდავი გმირია. ახალგაზრდა იაპონელზე რა უნდა ვთქვათ, როცა თვით გამოცდილი მეკარე რომან ვაიდენფელერიც გაოგნებული იყო, ამდენი წელია "ბორუსიაში" ვთამაშობ და ასეთი რამ მართლა არასდროს მინახავსო - ასეა, დერბიში გამარჯვებას, თანაც ასეთი თამაშითა და ანგარიშით, ათმაგი ფასი აქვს.
"ვფიქრობ, შინჯი უბედნიერესი ადამიანია და რაც მთავარია, ფანებთან შეხვედრის მერე უკვე ასი პროცენტით ზუსტად იცის, რას ნიშნავს ჩვენთვის "შალკესთან" მოგება," - ეს BVB-ს თავკაც იურგენ კლოპის სიტყვებია.
მკითხველისთვის უდავოდ საინტერესო იქნება ის, რომ "ბორუსიამ" კაგავა ზაფხულში სულ რაღაც 350 000 ევროდ შეიძინა (იაპონური "ოსაკადან"). სადღეისოდ კი, ტრანსფერიდან ორი თვის შემდეგ, ახალგაზრდა გამთამაშებლის ფასი მინიმუმ 2.5 მილიონია. მაგრამ თუ მის პირად სტატისტიკას გადავხედავთ, 2.5 მილიონიც იაფად მოგვეჩვენება: ბუნდესლიგის ოთხ მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთ მატჩში ერთი, საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ორი. დორტმუნდელები კი ძალიან ამაყობენ იმით, რომ 300 000 ევროდ ნაყიდმა იაპონელმა ფაქტობრივად მარტომ დაამარცხა "შალკე", სადაც ათეულობით მილიონებად შეფასებული თავდამსხმელები, კლაას იან ჰუნტელაარი და რაული თამაშობენ. შესაბამისად ცხადია, რომ გერმანიაში არ არსებობს კლუბი, რომელსაც "დორტმუნდის" კაგავას გამო არ შურს.
კლოპისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იაპონელი ძალიან მუშა ფეხბურთელია, თავში არაფერი აუვარდა და ისევ იმას გაიძახის, ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია, საკუთარ თავზე მუშაობა უნდა გავაგრძელოო. "ორი აზრი არ არსებობს, კაგავას შემთხვევაში ზუსტად ათიანში მოვარტყით. შინჯი ნამდვილი პროფესიონალია. მჯერა, მასთან ერთად უდიდეს წარმატებებს მივაღწევთ," - ეს "დორტმუნდის" ბოსის, ჰანს-იოახიმ ვატცკეს სიტყვებია.
ფაქტი ერთია: დორტმუნდელი ფანობისთვის კაგავა უკვე საკულტო ფიგურაა...