დორტმუნდიც გაგიჟდა!

AutoSharing Option

..."მაინცი" იქით იყოს და არც დორტმუნდის "ბორუსია" გამოიყურება ცუდად. პირიქით, შავ-ყვითლები "კარნავალელებზე" ეფექტურ ფეხბურთს თამაშობენ, რაც გუშინაც დადასტურდა: იურგენ კლოპის გუნდმა "შალკეს" მერე "კაიზერსლაუტერნიც" ცუდ დღეში ჩააგდო: ვესტფალიელებმა "წითელი ეშმაკები" 5:0 გაანადგურეს.

ამრიგად, "დორტმუნდი" მეორე ადგილზე დამკვიდრდა და "მაინცს" სამი ქულით ჩამორჩება, ეს კი ის სამი ქულაა, რაც "ბორუსიამ" პირველ ტურში, "ლევერკუზენთან" წაგებით დაკარგა. ასე რომ, დორტმუნდელებმა ბუნდესლიგაში ზედიზედ ოთხი თამაშის მოგება შეძლეს და თანაც ისეთი მიმზიდველი, "მარილიანი" ფეხბურთით, რომ მხოლოდ და მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებენ. ისე, უნდა ითქვას, რომ BVB

თავიდან ზედმეტად არ აქტიურობდა - კლოპის ბორუსიელები რამდენიმე წუთის მანძილზე "ირგებდნენ" "ვესტფალენშტადიონის" პუბლიკის საქებარ შეძახილებს იმის გამო, რომ წინა ტურში მოსისხლე მტრის, "შალკეს" დამარცხება შეძლეს. მერე კი "ბორუსია" ისე ათამაშდა, როგორც "რურის დერბიში". ანგარიშში კი განსხვავება მხოლოდ იმიტომაა (შალკეს 3:1 მოუგეს), რომ დორტმუნდელებმა მომენტები ახლა გაცილებით უკეთ გამოიყენეს...

"5 ტურის შემდეგ 12 ქულა გვაქვს, რაც უდავოდ ბრწყინვალე შედეგია. ამაზე უკეთეს სტარტს ვერ ვინატრებდი, რადგან პირველ ტურებში ურთულესი მატჩები გვქონდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა თავში უნდა აგვივარდეს და მოვეშვათ. მომავალ უქმეებზე "ზანკტ პაულის" სახით ურთულესი, ამოუცნობი მეტოქე გველოდება," - შეგირდების მეცხრე ციდან მიწაზე დააბრუნებას შეეცადა კლოპი.

დორტმუნდთან ახლოს, გელზენკირხენში კი შვებით ამოისუნთქეს: "შალკემ" როგორც იქნა, სეზონში პირველი ქულები მოიპოვა. ვერ ვიტყვით, რომ შერცხვენილმა გელზენკირხენელებმა მთელი ჯავრი "ფრაიბურგზე" ამოიყარეს, მაგრამ შედეგს კი მიაღწიეს და მთავარიაც ესაა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ზღვაში წვეთია... ფელიქს მაგათმა ტაქტიკური სქემა შეცვალა და გუნდი 4-3-1-2-ით ათამაშა, ანუ, სქემა ესპანელ გამთამაშებელ ხურადოს მოარგო და როგორც ხედავთ, ცვლილებამ გაამართლა. ბოლოს და ბოლოს სტაბილური იყო "ხუმარების" დაცვის ხაზიც, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ თამაშიდან გამომდინარე, "ფრაიბურგი" მინიმუმ ქულას იმსახურებდა.
"ჰამბურგის" თავკაც არმინ ფეეს გუშინ ყოფილმა შეგირდებმა ხასიათი ძალიან წაუხდინეს - "ვოლფსბურგმა", სადაც ფეემ შარშან იმუშავა (უშედეგოდ), "ჰამბურგს" მისსავე მოედანზე 3:1 სძლია. "მგლების" ინგლისელმა დამრიგებელმა სტივ მაკლარენმა ვოლფსბურგელ ქომაგებს ძველი, კერძოდ კი ის დრო გაახსენა, როცა "ვოლფსბურგს" ფელიქს მაგათი წვრთნიდა: ჯერ ერთი, გუნდი ზედიზედ მეორე თამაშში 4-1-2-1-2-ით ათამაშა, თავდასხმაში ისევ ჯეკო-გრაფიტეს დუეტი გაამწესა, "ჰამბურგს" კონტროლირებადი "კატენაჩო" ეთამაშა და შედეგსაც მიაღწია - ესეც ზედიზედ მეორედ. ვოლფსბურგელები მორჩილად ელოდებოდნენ თავიანთ შანსს და როცა შესაძლებლობა მიეცემოდათ, სწრაფად გადადიოდნენ იერიშებზე, რომელთა ეფექტურობასაც ხელი დიეგოსა და ედინ ჯეკოს სისწრაფემ და ტექნიკამ, ასევე გრაფიტეს საგოლე ალღომ შეუწყო. ბრაზილიელმაც ძველი დრო გაიხსენა: მან დუბლი შეასრულა. მოკლედ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მაკლარენმა ალღო აუღო როგორც ბუნდესლიგას, ისე თავის გუნდსაც და წესით, "ვოლფსბურგმა" პროგრესი უნდა განაგრძოს. ფაქტი ერთია: ამ გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რაც გუშინ კიდევ ერთხელ, ამ სეზონში უკვე მეორედ გამოჩნდა.

სამაგიეროდ, პოტენციალი ვეღარ გამოამჟღავნა და წინა ტურში გამომჟღავნებულიც ვერ დაადასტურა "შტუტგარტმა" - თუკი გასულ უქმეებზე შვაბებმა მიონხენგლადბახის "ბორუსიას" კუდით ქვა ასროლინეს (7:0), წუხელ უამბიციო "ნიურნბერგთან" დამარცხდნენ და სატურნირო ცხრილში ისევ ფსკერზე ყვინთაობენ.

"შალკესთან" და "შტუტგარტთან" ერთად, ფსკერზე ბინადრობს ფრანკფურტის "აინტრახტიც", რომელმაც გუშინ 3 ქულა ლევერკუზენში დატოვა. ისევ წააგო "გლადბახმაც" (ზანკტ პაულისთან), ოღონდ მიხაელ ფრონტცეკის ყველანაირად შერცხვენილ გუნდს ამჯერად 4, 7 ან 10 გოლი აღარ გაუშვია - ორი იკმარა და აქედან ერთი ჯერალდ ასამოას ანგარიშზეა. ზაფხულში "შალკედან" "პაულიში" გადაბარგებული ჯერალდი ტრავმირებული გახლდათ, ახლახან გამოჯანმრთელდა და აი, სადებიუტო მატჩშივე შეძლო თავის გამოჩენა.


მომდევნო ტური
24 სექტემბერი. კიოლნი-ჰოფენჰაიმი. 25 სექტემბერი. ბაიერნი-მაინცი, შალკე-ბორუსია (მ), შტუტგარტი-ლევერკუზენი, აინტრახტი-ნიურნბერგი, ზტ. პაული-ბორუსია (დ), ვერდერი-ჰამბურგი. 26 სექტემბერი. ვოლფსბურგი-ფრაიბურგი, კაიზერსლაუტერნი-ჰანოვერი.


ფრაიბურგი-შალკე 1:2
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (9), 1:1 სისე (69), 1:2 ჰუნტელაარი (87)
გაძევება: ბანოვიჩი (91. ფრაიბურგი)

ჰამბურგი-ვოლფსბურგი 1:3
გოლები: 0:1 ჯეკო (15), 1:1 ჩუპო-მოტინგი (27), 1:2 გრაფიტე (71), 1:3 გრაფიტე (78)

ბორუსია (დ)-კაიზერსლაუტერნი 5:0
გოლები: 1:0 ბარიოსი (31), 2:0 გროსკროიტცი (38), 3:0 ჰუმელსი (65), 4:0 ლევანდოვსკი (75), 5:0 ბარიოსი (88)

ნიურნბერგი-შტუტგარტი 2:1
გოლები: 1:0 შიბერი (3), 1:1 კაკაუ (85), 2:1 პინოლა (90)

ბორუსია (მ)-ზტ. პაული 1:2
გოლები: 1:0 არანგო (25), 1:1 ასამოა (66), 1:2 ბრუნსი (71-პენ)
გაძევება: იდრისუ (91. ბორუსია მ.)

ლევერკუზენი-აინტრახტი 2:1
გოლები: 1:0 ლ. ბენდერი (9), 1:1 გეკასი (18), 2:1 ვიდალი (90-პენ)
გაძევება: ოხსი (90. აინტრახტი)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. მაინცი 5 5 0 0 12-4 15
2. ბორუსია (დ) 5 4 0 1 13-4 12
3. ჰოფენჰაიმი 5 3 1 1 10-5 10
4. ჰანოვერი 5 3 1 1 10-7 10
5. ფრაიბურგი 5 3 0 2 7-7 9
6. ჰამბურგი 5 2 2 1 8-7 8
7. ლევერკუზენი 5 2 2 1 9-9 8
8. ბაიერნი 5 2 2 1 4-4 8
9. ზტ. პაული 5 2 1 2 6-5 7
10. კაიზერსლაუტ. 5 2 1 2 8-10 7
11. ვოლფსბურგი 5 2 0 3 9-9 6
12. ნიურნბერგი 5 1 3 1 5-5 6
13. კიოლნი 5 1 1 3 4-9 4
14. ვერდერი 5 1 1 3 6-12 4
15. ბორუსია (მ) 5 1 1 3 8-17 4
16. შტუტგარტი 5 1 0 4 10-9 3
17. აინტრახტი 5 1 0 4 7-8 3
18. შალკე 5 1 0 4 5-10 3

ბომბარდირები: 5 - სისე (ფრაიბურგი), ჯეკო (ვოლფსბურგი); 4 - ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), პოგრებნიაკი (შტუტგარტი); 3 - აბდელაუ (ჰანოვერი), ბარიოსი (ბორუსია დ), ფრინგსი (ვერდერი), გეკასი (აინტრახტი), კაგავა (ბორუსია დ), შიურლე (მაინცი), ვან ნისტელროი (ჰამბურგი), ია კონანი (ჰანოვერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
4-3-ხურადო-2 !!

აუცილებლად გაამართლებს
jurado
00:13 24-09-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული