ხოსეპ გვარდიოლა 2013 წლიდან მიუნხენის "ბაიერნს" გაწვრთნის?

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელები არც ევროპის ჩემპიონატის დროს ისვენებენ და ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ამ დღეებში სენსაციურ გარიგებაზე მუშაობენ!

გაზეთ "ბილდის" ექსკლუზიური ინფორმაციით, რეკორდმაისტერის შეფები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ "ბარსელონას" ყოფილი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა დაითანხმონ.

პრეზიდენტ ული ჰიონესის და ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს მიზანი ის არის, რომ "ბაიერნი" 2013 წლის ზაფხულიდან 41 წლის პეპს ჩააბარონ!

მიუნხენური გრანდის ამჟამინდელ თავკაც იუპ ჰაინკესს კონტრაქტი სწორედ 2013 წლის ზაფხულში უმთავრდება.

"ბილდის" ცნობით, "ბაიერნის" სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი 25 მაისს მადრიდში, "ვისენტე კალდერონზე" იმყოფებოდა - ესპანეთის
თასის ფინალურ მატჩს დაესწრო და გვარდიოლას ფორმაციის "ბარსას" ბოლო ტრიუმფი (3:0 ბილბაოს "ატლეტიკთან") იხილა.

ცნობილია, რომ ნერლინგერი "სამეფო თასის" ფინალს ბილბაოელი ხავი მარტინესის გამო დაესწრო - ადრეც გაუწყეთ, რომ "ბაიერნს" ამ 23 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელის გადაბირება უნდა.

ნერლინგერი პეპის ძმას შეხვდა
ახლა კი გაირკვა, რომ ნერლინგერი მადრიდში პეპის ძმას და მრჩეველს, პერე გვარდიოლასაც შეხვდა და მასთან პირველი მოლაპარაკებები გამართა!

უფრო მეტიც: "ბილდი" საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ხოსეპ გვარდიოლამ ნერლინგერს შეუთვალა, მზად ვარ, 2013 წლის ზაფხულიდან "ბაიერნის" მწვრთნელი გავხდეო!

ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ გვარდიოლამ სწორედ "ბაიერნის" გამო უთხრა უარი "ჩელსის", სადაც რომან აბრამოვიჩი ზღაპრულ ხელფასს, წელიწადში 13 მილიონ ევროს სთავაზობდა. შესაბამისად, პეპის უარის შემდეგ ლონდონელებმა რობერტო დი მატეოს კონტრაქტი გაუფორმეს.

ცნობილია ისიც, რომ "ბარსელონადან" წამოსვლის შემდეგ გვარდიოლამ ერთწლიანი პაუზის აღება გადაწყვიტა და "ბაიერნშიც" სწორედ 2013 წლიდან სჭირდებათ!

მაისში რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ჰიონესმა გვარდიოლა ძალიან აქო და არ დამალა, რომ "ბაიერნის" მწვრთნელად სწორედ მის დანიშვნაზე ოცნებობს.

ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ისაა, რომ პეპმა გერმანული არ იცის, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს კი ისეთი მწვრთნელი სურთ, რომელიც გერმანულად ისაუბრებს. მაგრამ თუ პეპმა მართლაც ახლავე გადაწყვიტა მიუნხენში მუშაობა, ერთი წელი საკმარისი დროა იმისათვის, რომ გერმანული ისწავლოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა ქნას,თქვენს პირს შაქარი...
zura
20 ივნისი 2012 16:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული