თომას მიულერის ფორმულა: ძალა აღმართს მოხნავს!

AutoSharing Option
იმაში, რაზეც მთელი საფეხბურთო გერმანია ბჭობს, „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების წინახაზელ თომას მიულერს ეჭვი ოდნავადაც არ ეპარება: 21 წლის მიულერი დარწმუნებულია, რომ დღეს მიუნხენის „ბაიერნი“ „მაინცს“ შესანიშნავ სერიას (5 მოგება 5 თამაშში) შეაწყვეტინებს და თანაც, აუცილებლად დაამარცხებს.

„ვფიქრობ, არავინ შემეწინააღმდეგება, თუ ვიტყვი, რომ „ბაიერნი“ „მაინცზე“ გაცილებით ძლიერი გუნდია. შესაძლოა, მაინცელები უბრალოდ ჩვენზე კარგ ფორმაში არიან და პირველი ხუთი თამაში ამიტომაც მოიგეს. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ „მაინცს“ დავამარცხებთ. მეტსაც გეტყვით: გამარჯვებაში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ,“ - განუცხადა მიულერმა გუშინ „ბილდს“.

 


მოკლედ,

მიულერის ფორმულა ასეთია: ძალა აღმართს მოხნავს! მიულერს სჯერა, რომ „ჰოფენჰაიმთან“ მოგებულმა მატჩმა რეკორდმაისტერს თავდაჯერება დაუბრუნა, რაც დღევანდელ თამაშში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. „ზუსტად ისეთი მოტივაციით უნდა ვითამაშოთ, როგორც „ჰოფენჰაიმთან“ ვიასპარეზეთ და ზუსტად ვიცი, „მაინცი“ „ალიანს არენიდან“ ერთ ქულასაც ვერ წაიღებს. მე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ „მაინცზე“ უკეთესი გუნდი თუნდაც „ჰოფენჰაიმია“, რომელსაც სამშაბათს 2:1 მოვუგეთ. თანაც, იქნებ ამჯერადაც ჩვენც გაგვიმართლოს და ნაადრევი გოლის გატანა შევძლოთ?“ - აცხადებს მიულერი. მართლაც: რეკორდმაისტერმა მიმდინარე სეზონში პირველ ტაიმში გოლი მხოლოდ ერთხელ გაიტანა - პირველ ტურში, „ვოლფსბურგთან“ (2:1).


ამასობაში, მიუნხენელთა ხორვატი თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს ორი თავდამსხმელით ასპარეზობას სთხოვს. „რაკი ფრანკ რიბერი და არიენ რობენი ტრავმირებულები არიან და კიდევ დიდხანს ვერ დაგვეხმარებიან, ვფიქრობ, ტაქტიკური სქემა უნდა შევცვალოთ და მათ არყოფნაში ორი ცენტრალური თავდამსხმელით უნდა ვითამაშოთ. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ვან გაალის გადასაწყვეტია,“ - აღნიშნა 31 წლის ოლიჩმა „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული