უკვე აღარ ვიცით, რა ეპითეტები ვიხმაროთ "მაინცზე" საუბრისას. თავიდან ამ გუნდის გამარჯვებები სენსაცია იყო, მერე პატარა სასწაული, დიდი სასწაული და ახლა? თომას ტუხელის ბრწყინვალე გუნდმა მეექვსე თამაშიც მოიგო და თანაც სად? მიუნხენში, "ალიანს არენაზე" და ისევ შესანიშნავი ფეხბურთით! თავს ზემოთ ძალა აღარაა - ეპითეტები და შეფასება თქვენზე იყოს, "მაინცის" საგიჟეთს, რაც გინდათ, ის დაარქვით.
ჯერ სამი ალაგუიმ, მერე კი ადამ შალაიმ, რეკორდმაისტერს ისეთი გოლები გაუტანეს, იშვიათი სილამაზისააო, რომ ვამბობთ ხოლმე. მაინცელთა მორიგი გრანდიოზული წარმატების
ახალგაზრდა ფლეიმეიკერმა მე-15 წუთზე გენიალური პასით მოძებნა ალაგუი, რომელიც იოლად დაუძვრა ბავარიელთა ცენტრალურ მცველებს, ვან ბუიტენსა და ბადშტუბერს, რომლებიც იმ მომენტში რაღაცაზე ოცნებობდნენ და ჰანს-იორგ ბუტს ქუსლით ულამაზესი გოლი გაუტანა - ზუსტად ისეთი, როგორიც ალესანდრო დელ პიერომ შეუგდო 1997 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის "ბორუსიას". მერე იყო ბო სვენსონის უიღბლო ავტოგოლი და ეს იმ დროს, როცა ბავარიელებს კარში ერთი დარტყმაც კი არ ჰქონდათ განხორციელებული და როცა ყველას ეგონა, რომ "მაინცი" უკან დაიხევდა და მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე დაიწყებდა ზრუნვას, ტუხელის გუნდმა შეტევები არ შეწყვიტა და საქმე ბოლომდე მიიყვანა: უნგრელი შალაის გოლიც (საფინალო სასტვენამდე 13 წუთით ადრე) ისეთი იყო, ავ თვალს რომ არ დაენახვებოდა.
"ბაიერნისთვის" "ვერდერთან" და "კიოლნთან" საშინაო ფრეებიც (ორივე 0:0) წარუმატებლობად ჩაითვალა და "მაინცთან", თანაც საკუთარ მოედანზე განცდილი კრახი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ რეკორდმაისტერის შეფებს განგაშის ზარებისთვის შემოეკრათ. ვან გაალმა პირდაპირ თქვა, საქმე ძალიან ცუდადააო, მენეჯერმა კრისტიან ნერლინგერმა კი დასძინა, პირველიდან ბოლო წუთამდე ამაზრზენად ვითამაშეთო. ფაქტია ისიც, რომ რობენისა და რიბერის გარეშე (ორივე ტრავმირებულია) მიუნხენელებს უბრალოდ არაფერი გამოსდით. სამაგიეროდ, ვან გაალი "მაინცითაა" აღფრთოვანებული. კითხვაზე, რას უწინასწარმეტყველებს ლუისი ტუხელის გუნდს, ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ასეთი პასუხი გასცა: "ეს გუნდი 1998 წლის "კაიზერსლაუტერნს" მაგონებს. "მაინცს" შეუძლია, გახდეს გერმანიის ჩემპიონი!"
შეგახსენებთ, რომ 1998 წელს "ლაუტერნი" ბუნდესლიგის დენიუტანტი იყო და გერმანიის ყველა დროის ყველაზე სენსაციური ჩემპიონობა იზეიმა. "ბილდის" კორესპონდენტმა იგივე კითხვით "მაინცის" თავკაც ტუხელსაც მიმართა. "ჩემგან ამ კითხვაზე პასუხს ვერ მიიღებთ!" - მკაცრად უპასუხა კარნავალელთა 37 წლის დამრიგებელმა. ფაქტი კი ის არის, რომ თუ ტუხელი ასე გააგრძელებს, "მაინცის" ჩემპიონობა მართლაც რეალური გახდება. ახალგაზრდა სპეციალისტმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა, "კიოლნთან" მოგებულ მატჩთან (2:0) შედარებით, ძირითადი შემადგენლობის ხუთი (!) ფეხბურთელი შეცვალა და ისევ მოიგო, თანაც ამჯერად მიუნხენში! "ალიანს არენაზე" გამარჯვება განსაკუთრებული შემთხვევაა. ბიჭებს ახლა ორი დღე დავასვენებ. დასვენება მეც მჭირდება," - თქვა "მაინცის" დამრიგებელმა. "ბაიერნი" კი სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაში (ბაზელთან) ითამაშებს...
"მაინცს" ფეხდაფეხ მისდევს დორტმუნდის "ბორუსია", სადაც იაპონური "ოსაკადან" 350 000 ევროდ ნაყიდი თინეიჯერი შინჯი კაგავა ბრწყინავს. იაპონელმა ფლეიმეიკერმა გოლი "ზანკტ პაულისაც" (3:1) გაუტანა და ახლა მის ანგარიშზე უკვე 4 გატანილი ბურთია. სულ კი, "დორტმუნდს" 16 გოლი აქვს გატანილი და 6 ტურის შემდეგ, 15 ქულა დააგროვა, რაც ამ გუნდის უდიდეს ისტორიაში სარეკორდო სტარტს ნიშნავს. მაგრამ BVB-ს ეს ყველაფერი გალიდერებისთვის არ ეყო, რადგან "მაინცი" უფრო მაგარ სასწაულებს სჩადის. დორტმუნდელთა მწვრთნელი იურგენ კლოპი კი მაინც ბედნიერია, რადგან "მაინციც" მისი გუნდია - იურგენი კარნავალელებს 2001-დან 2008 წლამდე წვრთნიდა და იქ საკულტო ფიგურაა.
"მაინცის" წარმატებები ძალიან მიხარია და სხვათა შორის, ჩვენს ბოს მიხაელ ცორკს 50 ევროზე დავენიძლავე, რომ "მაინცი" "ბაიერნს" მოუგებდა," - თქვა კლოპმა, რომელმაც ფულიც მოიგო და თამაშიც. ისიც ვთქვათ, რომ ექს-შალკელმა ჯერალდ ასამოამ და "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერმა ისევ იჩხუბეს (გეხსომებათ, რაც მოხდა მათ შორის 2007 წელს, რურის დერბის დროს). მატჩის შემდეგ ასამოამ სარკაზმით თქვა, რომანისთვის ხელის ჩამორთმევა მინდოდა, ჩვენ ხომ კარგი მეგობრები ვართო. ვაიდენფელერმა კი დასძინა: "ზანკტ პაულიში მარტო ორი მეგობარი მყავს, ბრუნსი და ებერსი," - ორივე ყოფილი დორტმუნდელები არიან...
შაბათს საღამოს, ჩრდილოეთის რიგით 93-ე დერბიში კი გოლების ცვენა და ნერვების წყვეტა იყო. ბრემენელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ "ჰამბურგმა" ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა სტატუს კვო დიდხანს ვერ შეინარჩუნა, რადგან 85-ე წუთზე უგო ალმეიდამ ვესლის პასით მშვენიერი გამარჯვების გოლი გაიტანა. ამრიგად, "ჰამბურგმა" ზედიზედ მეოთხე თამაში ვერ მოიგო, ცხრილში უკან დაიხია და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არმინ ფეემ საფინალო სასტვენის შემდეგ პირდაპირ დაადო ხელი ფეხბურთელს, რომელსაც წარუმატებლობას აბრალებს: ეს "უბედური" კი პიოტრ ტროხოვსკი აღმოჩნდა. ფეემ ეს უკანასკნელი მოედანზე მე-80 წუთზე შეუშვა და სწორედ ტროხოვსკიმ დაკარგა ის ბურთი, რომელიც მერე ალმეიდამ გაიტანა. ფეემ ტროხოვსკი არც პრესკონფერენციაზე დაინდო, ბურთი ძალიან უაზროდ დაკარგა, არადა მოედანზე ახალი შესული იყო და მის საქციელს გამართლება არ აქვს, შრომა მთელ გუნდს წყალში ჩაუყარაო. ხმა კაპიტანმა ჰაიკო ვესტერმანმაც აიმაღლა, 2:2-ის შემდეგ ფაქტობრივად ჰარაკირი გავიკეთეთო. ბრემენში კი შვებით ამოისუნთქეს - თომას შააფის გუნდს 7 ქულა აქვს, "ვერდერმა" ცხრილის მისთვის შეუფერებელ ქვედა ზონას თავი დააღწია.
რაულს ზუსტად 600 წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ "შალკეს" მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში (ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა) პირველი გოლი გაეტანა, მაგრამ გელზენკირხენულ კლუბს არც რაულის და არც ჰუნტელაარის გოლები არ ეყო იმისათვის, რომ მიონხენგლადბახის "ბორუსია" დაემარცხებინა. მიზეზი: "შალკეს" დაცვაში ისევ "ორპირი ქარია". შარშან "ხუმარები" საშუალოდ მატჩში 0.9 გოლს უშვებენ, წელს კი ეს კვოტა 2-მდე გაიზარდა! არადა, "გლადბახი" ის გუნდია, ვისზეც უნდა გვეფიქრა, რომ ვისაც არ დაეზარებოდა, ყველა გადაუვლიდა - მიხაელ ფრონტცეკის გუნდი ბოლო სამ ტურში ხომ ამაზრზენად გამოიყურებოდა (0:4 "აინტრახტთან", 0:7 "შტუტგარტთან", 1:2 "ზანკტ პაულისთან"). "შალკე" კი სულაც 0:2-ს აგებდა და 2:2-ითაც კმაყოფილი უნდა იყოს. ფელიქს მაგათი: "პირველი ტაიმი საშინებელა იყო, მეორე ნახევრით კი კმაყოფილი ვარ და წესით, თამაში უნდა მოგვეგო. მიხარია, რომ რაულმა გოლი გაიტანა. ეს მისთვის დიდი შვებაა და ზუსტად ვიცი, რომ ახლა უკვე სულ სხვანაირად ათამაშდება."
ვნახოთ...
კიოლნი-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 1:0 პოდოლსკი (17), 1:1 ბა (54)
ზტ. პაული-ბორუსია (დ) 1:3
გოლები: 0:1 გროსკროიტცი (17), 1:1 ჰენინგსი (26), 1:2 კაგავა (50), 1:3 გროსკროიტცი (61)
აინტრახტი-ნიურნბერგი2:0
გოლები: 1:0 გეკასი (17), 2:0 კრისი (88)
შალკე-ბორუსია (მ) 2:2
გოლები: 0:1 დემსი (15-პენ), 0:2 ბრედლი (43), 1:2 ჰუნტელაარი (52), 2:2 რაული (87)
შტუტგარტი-ლევერკუზენი 1:4
გოლები: 0:1 ჰიიპია (19), 0:2 ვიდალი (21), 1:2 კუჟმანოვიჩი (52), 1:3 ბალიტში (69), 1:4 სემი (88)
ბაიერნი-მაინცი 1:2
გოლები: 0:1 ალაგუი (15), 1:1 სვენსონი (45-საკ. კარში), 1:2 შალაი (77)
ვერდერი-ჰამბურგი 3:2
გოლები: 1:0 დემელი (25-საკ. კარში), 2:0 უგო ალმეიდა (29), 2:1 ვან ნისტელროი (59), 2:2 პიტროიპა (63), 3:2 უგო ალმეიდა (85)
მომდევნო ტური
1 ოქტომბერი. ჰანოვერი-ზტ. პაული. 2 ოქტომბერი. ჰამბურგი-კაიზერსლაუტერნი, მაინცი-ჰოფენჰაიმი, ბორუსია (მ)-ვოლფსბურგი, ფრაიბურგი-კიოლნი, ნიურნბერგი-შალკე. 3 ოქტომბერი. შტუტგარტი-აინტრახტი, ლევერკუზენი-ვერდერი, ბორუსია (დ)-ბაიერნი.