ბუნდესლიგა: რას მოიფიქრებს პროფესორი რალფი?

AutoSharing Option

 

მაინცს მეშვიდეც უნდა, ბორუსია ბაიერნს ელის

"ჰანოვერს" ბუნდესლიგა ასე კარგად (4 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი) აქამდე არასდროს დაუწყია და გუშინ, "წითლებმა" პარასკევის მატჩში "ზანკტ პაულის" უმასპინძლეს. სენსაციური ლიდერი "მაინცი" დღეს თამაშობს და ამბიციურ "ჰოფენჰაიმთან" მეშვიდე თამაშის მოგებასაც შეეცდება, ტურის მთავარი ბრძოლები კი ხვალ ლევერკუზენსა (ბაიერი-ვერდერი) და დორტმუნდში (ბორუსია-ბაიერნი) გველის.

იქნებ ჰოფემ შეაჩეროს...

"მაინცის" აღმაფრენამ მთელ საფეხბურთო გერმანიას სუნთქვა შეუკრა: 6 თამაში, 6 მოგება, აქედან ბოლო მიუნხენში (2:1) და რა გასაკვირია, რომ ამ ყველაფერს თვით მაინცელთა დამრიგებელი თომას ტუხელიც ზღაპარს უწოდებს. ჯუჯა გუნდს

მართლაც ზღაპრული სტარტი გამოუვიდა და "ბაიერნის" თავკაც ლუის ვან გაალს რომ ჰკითხოთ, მაინცელებს გერმანიის ჩემპიონობაც კი შეუძლიათ. თვითონ ტრიუმფატორებს კი სიტყვა ჩემპიონობის გაგონებაც კი არ სურთ - როგორც საერთოდ გერმანიაში ხდება ხოლმე, იქ "ვერცხლის სინზე" თავიდანვე ხომ მხოლოდ "ბაიერნის" ქომაგები საუბრობენ ხოლმე.
"ჩვენი მხრიდან უდიდესი სისულელე იქნება ის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ან სხვა რაღაცებზე საუბარი დავიწყოთ. ეს ძალიან არარეალურია," - აცხადებს "მაინცის" ბრწყინვალე ფორმაში მყოფი გამთამაშებელი ლუის ჰოლტბი.
მოკლედ, დღეს "მაინცი" მასპინძლობს გუნდს, რომელიც ორი წლის წინ თვითონ იყო უდიდესი სენსაციის ავტორი - "ჰოფენჰაიმი" 2008 წელს დებიუტანტის რანგში გერმანიის შემოდგომის ჩემპიონი გახდა. შარშან "ჰოფემ" ვერავის გაოცება ვეღარ შეძლო, წელს კი სეზონი ისევ საკმაოდ კარგად დაიწყო (ექვსი ტურის შემდეგ, 11 ქულით მე-4 ადგილზეა). "სოფლელების" მწვრთნელი რალფ რანგნიკი ამბობს, რატომღაც მგონია, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც "მაინცის" აღმაფრენა უნდა შეაჩეროსო. გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, სეიად სალიჰოვიჩის თქმით კი, "მაინცთან" მატჩი "ჰოფენჰაიმს" უჩვენებს, თუ რა შეუძლია ერთ ან მეორე გუნდს ამ სეზონში რეალურად.
სავარაუდო შემადგენლობები
მაინცი (4-3-1-2): ვეტკლო - ზაბავნიკი, სვენსონი, ნოვესკი, ფუხსი - კარჰანი, პოლანსკი, სოტო - ჰოლტბი - ალაგუი, შალაი.
ჰოფენჰაიმი (4-3-3): შტარკე - ბეკი, შიმუნიჩი, ვორსა, კომპერი - ვაისი, ლუის გუსტავო, სალიჰოვიჩი - მლაპა, იბიშევიჩი, ბა.

ჰამბურგის მარადიული ავადმყოფობა

"ვერდერთან" ჩრდილოეთის დერბის წაგების (2:3) შემდეგ, "ჰამბურგში" ვითარება საკმაოზე მეტად დაიძაბა. წინა ტურში განცდილი მარცხიც რომ არ იყოს, HSV-ს უკვე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ეს კი "ჰამბურგისთვის" ნაცნობი და საკმაოდ ძველი პრობლემაა: აგერ უკვე მერამდენედ ხდება ისე, რომ კარგი სტარტის შემდეგ, ჰამბურგელ ფეხბურთელებს სათანადო მონდომება აღარ ეტყობათ, რაც შედეგებშიც აისახება. კაპიტანი ჰაიკო ვესტერმანი ამბობს, გუნდი ერთ მუშტად შეკრული არ არის და სწორედ ესაა ჩვენი მთავარი პრობლემაო. მწვრთნელი არმინ ფეე კვლავ უშედეგოდ აგრძელებს იდეალური "ფლეიმეიკერის" ძებნას და 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, ერთადერთ ცენტრფორვარდ რუუდ ვან ნისტელროის უკან ვინღა არ გამოსცადა. მოკლედ, ფაქტია, რომ ბუნდესლიგის "დინოს" საკმაოდ რთული შემოდგომა ელის, დღეს კი, ფეეს ბიჭებს "კაიზერსლაუტერნთან" ექნებათ საქმე. "ლაუტერნმა" სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ ექვსქულიანი სტარტის შემდეგ, ოთხ თამაშში ოდენ ერთი ქულა მოიპოვა და როგორც ხედავთ, მეცხრე ციდან ისევ მიწაზე დაეშვა. "ეშმაკებს" დაღი განსაკუთრებით დორტმუნდში განცდილმა კრახმა (0:5) დაასვა, მაგრამ კაიზერსლაუტერნში იმედოვნებენ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათ სურთ, ამისათვის კი, პირველ რიგში ჰამბურგში არწაგებაა საჭირო.

მგლები მიონხენგლადბახში

მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი მიხაელ ფრონტცეკი "შალკესთან" 2:2-ის შემდეგ ბედნიერი იყო, რაც სულაც არაა გასაკვირი - მანამდე მისი "თავმოყვარე" გუნდი ხომ უდიდესი ანგარიშებით (0:4, 0:7) აგებდა. დღეს, "ვოლფსბურგთან" შეხვედრაში "გლადბახმა" უნდა დაამტკიცოს, რომ გელზენკირხენში ფრისთვის შემთხვევით არ მიუღწევია. ეს კი ძალიან ძნელი იქნება, რადგან "ვოლფსბურგის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა გრაფიტემ საგოლე ალღო და ძველებური ინსტიქტი დაიბრუნა - 2008/09 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა ზედიზედ ორი დუბლი შეასრულა და "მგლების" ქომაგებს გაახსენა, რომ ედინ ჯეკოსთან ერთად, ისიც ცოცხალია.
ზედიზედ სამ გამარჯვებას ორი წაგება მოჰყვა - "შალკესთან" და "ვოლფსბურგთან" განცდილი მარცხების შემდეგ, "ფრაიბურგი" ცხრილის საუკეთესო სამეულიდან რეალობაში დაბრუნდა. ისიც უნდა ითქვას, რომ "ვოლფსბურგთან" წაგებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: მეკარე პუპლინის შეცდომა, თავდამსხმელ სისეს იდიოტური დარტყმა ცარიელი კარისკენ და მსაჯის ორი საეჭვო გადაწყვეტილება. ახლა კი ბრაისგაუელები "კიოლნს" ხვდებიან და კაპიტან ჰაიკო ბუტშერის (ტრავმირებულია და რამდენიმე კვირა დაისვენებს) გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა. "კიოლნს" კი სებასტიან ფრაისი დაუშავავდა.

რატომ მეგობრობენ შალკე და ნიურნბერგი?

უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში "ნიურნბერგს" "შალკე" ერთხელაც არ დაუმარცხებია (4 ფრე და 10 მარცხი 1999 წლის შემდეგ) და ფრანკების აზრით, ამ სამარცხვინო სერიას დღეს უნდა მოეღოს ბოლო. მიუხედავად ასეთი უმოწყალო სერიისა, "ნიურნბერგისა" და "შალკეს" ფანები დღემდე მეგობრობენ. დღეს კი სამი ქულა "შალკეს" უფრო სჭირდება, რადგან 6 ტურის შემდეგ მხოლოდ 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა, რაც ფელიქს მაგათს და მის შეგირდებს არაფრისდიდებით არ აკმაყოფილებთ. "ხუმარებმა" ამ სეზონში ბუნდესლიგაში ერთადერთი თამაში მოიგეს და ისიც გასვლაზე, "ფრაიბურგთან" (2:1), ამ ოთხშაბათს კი, ჩემპიონთა ლიგაში ლისაბონის "ბენფიკა" დაამარცხეს და იმედოვნებენ, რომ ბოლოს და ბოლოს, გერმანიის ჩემპიონატშიც გამოისწორებენ მდგომარეობას.
"შალკეს" დარად, ბუნდესლიგაში ჭაკად აქვს საქმე "შტუტგარტსაც", არადა, ევროპის ლიგაში შვაბური კლუბი საკმაოდ კარგად ასპარეზობს (ორ ტურში ორი მოგება აქვს). გერმანიის ჩემპიონატში კი, კრისტიან გროსის შეგირდებს 6 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვთ და რა თქმა უნდა, ბოლო ადგილზე არიან. ხვალ "შტუტგარტს" "აინტრახტის" სახით ისეთი მეტოქე ჰყავს, რომელიც შტუტგარტში ყოველთვის მიღებული სტუმარია: შვაბებს საკუთარ მოედანზე არავისთვის გაუტანია იმაზე მეტი გოლი, ვიდრე "აინტრახტს" გაუტანა (93) და ბოლო რვა დუელიდან, ფრანკფურტელებს შვაბთათვის არცერთი არ მოუგიათ. დღეს გროსი მაურო კამორანეზის ვერ გამოიყენებს - იტალიელი ნახევარმცველი დისკვალიფიცირებულია (წინა ტურში გააძევეს).

დორტმუნდი ზეიმის მოლოდინში

მართალია, "სევილიამ" ევროპის ლიგაში დორტმუნდის "ბორუსიას" დაგეგმილი "საზეიმო კვირა" ჩაუმწარა და "ვესტფალენშტადიონზე" იღბალის წყალობით 1:0 მოუგო, მაგრამ როგორც BVB-ს თავკაცი იურგენ კლოპი ამბობს, ამ მარცხს მის გუნდზე დამთრგუნველად არ უმოქმედია. ძალიანაც კარგი, თუ ასეა, რადგან ხვალ "ბორუსია" თვით მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს. მოგეხსენებათ, დორტმუნდელები მეორე ადგილზე არიან და ახლა რეკორდმაისტერის დამარცხებას მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვერ ვიტყვით, რომ "დორტმუნდმა" "სევილიასთან" ძალები დაზოგა - "ვესტფალიელები" ესპანელებს მედგრად ებრძოდნენ, ბევრი ოფლიც ღვარეს და ახლა "ბაიერნთან" მატჩისთვის დიდი მობილიზება დასჭირდებათ. შუა კვირაში მიუნხენურ გრანდსაც ჰქონდა თამაში (2:1 "ბაზელთან", ჩემპიონთა ლიგაში), მაგრამ რეკორდმაისტერს დასვენებისთვის "ბორუსიაზე" გაცილებით მეტი დრო ჰქონდა.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ 6 ტურის შემდეგ, ყველაზე მეტი გოლი "ბორუსიას" აქვს გატანილი (16) და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ყველაზე ცოტა გოლი დღემდე "ბაიერნმა" გაიტანა (5). რეკორდმაისტერის კაპიტანი მარკ ვან ბომელი ამბობს, უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს, დორტმუნდიდან აუცილებლად სამი ქულა უნდა წავიღოთო. გაგახსენებთ, რომ შარშან "ბაიერნმა" "ვესტფალენშტადიონზე" არც მეტი, არც ნაკლები, 5:1 გაიმარჯვა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - ოვომოიელა, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - გიოტცე, კაგავა, გროსკროიტცი - ბარიოსი.
ბაიერნი (4-2-2-2): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, პრანიჩი - ვან ბომელი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი - კლოზე, ოლიჩი.

ევროპის ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის შარშანდელ ტრიუმფატორებთან ("ატლეტიკოსთან" და "ინტერთან") დაპირისპირებების შემდეგ, "ლევერკუზენი" და ბრემენის "ვერდერი" ერთმანეთს ეთამაშებიან და ორივე გუნდს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება. "ლევერკუზენში" კვლავ ვერ ვნახავთ მიხაელ ბალაკს, შტეფან კისლინგსა და გონსალო კასტროს, ბრემენულ კლუბს კი კლაუდიო პისარო, ტორსტენ ფრინგსი და ნალდო ჰყავს ტრავმირებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი საშინაო მატჩიდან, "ლევერკუზენს" "ვერდერისთვის" არცერთი არ მოუგია (0/3/2).

გერმანია. VII ტურის წინ

გუშინ
ჰანოვერი-ზტ. პაული

დღეს
ჰამბურგი-კაიზერსლაუტერნი 17:30
მაინცი-ჰოფენჰაიმი 17:30
ბორუსია (მ)-ვოლფსბურგი 17:30
ფრაიბურგი-კიოლნი 17:30
ნიურნბერგი-შალკე 17:30

ხვალ
შტუტგარტი-აინტრახტი 17:30
ლევერკუზენი-ვერდერი 19:30
ბორუსია (დ)-ბაიერნი 19:30

 

თ მ ფ წ ბ ქ
1. მაინცი 6 6 0 0 14-5 18
2. ბორუსია (დ) 6 5 0 1 16-5 15
3. ჰანოვერი 6 4 1 1 11-7 13
4. ჰოფენჰაიმი 6 3 2 1 11-6 11
5. ლევერკუზენი 6 3 2 1 13-10 11
6. ვოლფსბურგი 6 3 0 3 11-10 9
7. ფრაიბურგი 6 3 0 3 8-9 9
8. ჰამბურგი 6 2 2 2 10-10 8
9. ბაიერნი 6 2 2 2 5-6 8
10. ზტ. პაული 6 2 1 3 7-8 7
11. კაიზერსლაუტ. 6 2 1 3 8-11 7
12. ვერდერი 6 2 1 3 9-14 7
13. აინტრახტი 6 2 0 4 9-8 6
14. ნიურნბერგი 6 1 3 2 5-7 6
15. კიოლნი 6 1 2 3 5-10 5
16. ბორუსია (მ) 6 1 2 3 10-19 5
17. შალკე 6 1 1 4 7-12 4
18. შტუტგარტი 6 1 0 5 11-13 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული