გერმანიის ნაკრები: ღირსების ორდენი და საკადრო პრობლემები

AutoSharing Option

გუშინ, გერმანიის პრეზიდენტმა კრისტიან ვულფმა, რომელიც გერმანელებმა პრეზიდენტად ივლისში აირჩიეს, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ბუნდესგუნდის ფეხბურთელებმა კი ვერცხლის საპატიო მედლები მიიღეს. ალბათ მიხვდით, რომ ლიოვმა და მისმა შეგირდებმა ასეთი ჯილდოები მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები "ბრწყინვალე თამაშის" (ასე შეაფასა ვულფმა ბუნდესგუნდის გამოსვლა სამხრეთ აფრიკაში) გამო დაიმსახურეს. მართალია, გერმანია ვერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ მესამე ადგილი დაიკავა (როგორც 2006 წლის მუნდიალზე) და ძალიან კარგად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ლიოვს და მის შეგირდებს ასეთივე ჯილდოები 2006 წლის მუნდიალის შემდეგაც გადაეცათ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ გერმანიის ღირსების ორდენი პირველად 1951 წლის 7 სექტემბერს გაიცა - მაშინ ბუნდესპრეზიდენტი თეოდორ ჰოისი გახლდათ. მას მერე, გერმანიის ღირსების ორდენი 240 000-მა ადამიანმა მიიღო. აქედან, ორდენოსნების 7 პროცენტს სპორტსმენები შეადგენენ. ეს ჯილდო სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ იურგენ კლინსმანს (2007), ფრანც ბეკენბაუერს (2006), გერმანიის ხელბურთელთა ნაკრების მწვრთნელ ჰაინერ ბრანდს (2007), მოკრივე მაქს შმელინგს (1971) და მსოფლიოს ჩემპიონს კრივში, ვიტალი კლიჩკოს (2010).



დორტმუნდის "ბორუსიას" 22 წლის ნახევარმცველი კევინ გროსკროიტცი მოუთმენლად ელოდა მომავალ პარასკევს, რადგან გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ის ბუნდესგუნდის განაცხადში შეიყვანა, პარასკევს კი, გერმანელებს ბერლინში თურქეთის ნაკრებთან უმნიშვნელოვანესი მატჩი (ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი) აქვთ. გროსკროიტცისთვის ეს რიგით მეორე თამაში უნდა ყოფილიყო გერმანიის ნაკრებში - სადებიუტო შეხვედრა მას მარტში, მალტასთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ გროსკროიტცი ბუნდესგუნდს ვერ დაეხმარება, რადგან გრიპი აქვს. ჯერჯერობით ისიც უცნობია, ითამაშებს თუ არა დორტმუნდელი სამშაბათს, ყაზახეთთან მატჩში.

გროსკროიტცის არყოფნა ლიოვისთვის ერთადერთი დანაკლისი არ არის. კევინთან ერთად, ბუნდესგუნდს თურქეთთან შეხვედრაში ვერც ბაიერნელი ბასტიან შვაინშტაიგერი (მიკროტრავმა) და ჰამბურგელი მარსელ იანსენი (ვირუსი) დაეხმარებიან. როგორც ჩანს, იოგი ამ ტრიოს ნაცვლად, სხვა ფეხბურთელების გამოძახებას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, გუშინ გვიან ღამემდე მას საკადრო ცვლილებების შესახებ არაფერი უთქვამს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული