მაგათის შეცდომა მაინცის... ღმერთია

AutoSharing Option

"მაინცი" არა მარტო გერმანიაში, არამედ მთელ საფეხბურთო ევროპაში ერთ-ერთი უპირველესი სალაპარაკო თემაა. არც ისე დიდი ამბიციების მქონე გუნდი, რომელსაც მხოლოდ პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ, შვიდი ტურის შემდეგ, გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას და თანაც როგორ - შვიდი მოგებით, ანუ, ასპროცენტიანი შედეგით. ეს კი, როგორც ორშაბათის ნომერშიც ვწერდით, რეკორდის გამეორებას ნიშნავს. და "მაინცს" ბევრი აღარაფერი აკლია იმისათვის, რომ ყველა დროის ყველაზე სენსაციური რეკორდსმენი გახდეს.

ამიერიდან, სადაც "მაინცს" ან მის მწვრთნელ თომას ტუხელს ვახსენებთ, არც ახალგაზრდა გამთამაშებელი ლუის ჰოლტბი

უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც ტუხელის გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურაა. 20 წლის შემტევი ნახევარმცველი იმდენად კარგად ასპარეზობს, რომ მთელ საფეხბურთო გერმანიას პირი დააღებინა. გოლები, დრიბლინგები, საოცნებო პასები - როცა "მაინცი" უტევს, ეს კი ძალიან ხშირად ხდება, ჰოლტბი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. შაბათს კარნავალელებმა "ჰოფენჰაიმი" 4:2 დაამარცხეს და ახალგაზრდა ფლეიმეიქერი ოთხივე (!) გოლში მონაწილეობდა. არადა, ეს ბიჭი სულაც არ არის "ნაღდი მაინცელი" და ალბათ ზემოთვე უნდა გვეთქვა, რომ მისი წარმატებული თამაში პირველ რიგში "შალკეს" მწვრთნელ ფელიქს მაგათს გააოგნებდა. "დესპოტი ფელიქსი" არც მალავს, რომ მას მერე, რაც სეზონი დაიწყო, არაერთხელ ინანა ამ ბიჭის განათხოვრება. დიახ, ჰოლტბი "შალკეს" საკუთრებაა და ჩათვალა რა, რომ ლუისი გელზენკირხენულ კლუბს არ გამოადგებოდა, მაგათმა უნიჭიერესი ნახევარმცველი "მაინცში" არენდით გაუშვა და არ იკითხავთ, რამდენი გადაუხადეს კარნავალელებმა "შალკეს"? სულ რაღაც 200 000 ევრო - არენდა ერთწლიანია.

თანაც, მაგათმა ჰოლტბი უკვე მეორედ გაანათხოვრა. წინა სეზონში ლუისი "ბოხუმში" ასპარეზობდა (6 თვე), მაგრამ ეს გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა და ჰოლტბიც "შალკეში" დაბრუნდა, თუმცა ფელიქსმა თავიდანვე თქვა, რომ ლუისისთვის გელზენკირხენულ კლუბში თამაში ჯერ კიდევ ადრე იყო.

კითხვაზე, რატომ გაანათხოვრა ფელიქსმა ჰოლტბი და ნანობს თუ არა ამ ნაბიჯს, "შალკეს" თავკაცმა "ბილდის" კორესპონდენტს ასე უპასუხა: "როგორც ხედავთ, ლუისი "მაინცს" ძალიან კარგად, მეტიც, ბრწყინვალედ შეეწყო. დარწმუნებული რომ ვიყო, რომ ლუისი ჩვენთანაც ასე კარგად ითამაშებდა, მაშინ ძალიან ვინანებდი. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად დავფიქრდი იმაზე, რომ ჰოლტბი იანვარში დავიბრუნო, მაგრამ ეს შეუძლებელია."

"მაინცს" ჰოლტბის შესყიდვის უფლება არ აქვს. ერთადერთი შანსი იმისა, რომ ლუისი თავისუფალი აგენტი გახდეს, "შალკეს" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებაა, რაც, თუ სატურნირო ცხრილის დღევანდელ მდგომარეობას (გელზენკირხენელები ბოლოსწინა ადგილზე არიან) გავითვალისწინებთ, არარეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ ზოგადად უტოპიაა.

სხვათა შორის, სულ მალე ლუის ჰოლტბი გერმანიის ნაკრებში დებიუტს იზეიმებს. ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა თქვა, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ლუისს 17 ნოემბერს დაგეგმილი ტესტ-მატჩისთვის (შვედეთთან) აუცილებლად გამოვიძახებო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული