ბუნდესკანცლერის DANKE

AutoSharing Option

ვფიქრობდით, რომ მესუთ იოზილი თურქეთთან მაინცდამაინც კარგად ვერ ითამაშებდა, რადგან უმძიმესი წნეხის ქვეშ იყო მოქცეული, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა: თურქული ფესვების მქონე გერმანელმა სწორედ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი და გაიტანა გოლი, რომელსაც გერმანელების მიერ გატანილი სამი გოლიდან ყველაზე დიდი წონა და მნიშვნელობა ჰქონდა - მესუთმა მეორე გოლი შეაგდო. 22 წლის ფლეიმეიქერს გოლი ფაქტობრივად არ უზეიმია და როგორც მატჩის შემდეგ თქვა, ეს სპონტანური გადაწყვეტილება იყო - მანამდე ამაზე ნაფიქრი არ მქონიაო.

"ცხადია, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მიხაროდა, რომ ასეთ

მნიშვნელოვან შეხვედრაში გოლის გატანა მოვახერხე, მაგრამ სპონტანურად გადავწყვიტე, რომ დიდად არ მეზეიმა. ვფიქრობ, ეს არ იქნებოდა მაინცდამაინც მოსაწონი საქციელი, რადგან თურქეთი ჩემი წინაპრების სამშობლოა," - თქვა მატჩის შემდეგ მესუთმა.

იოზილი როგორც ჩანს არც იმ ფაქტმა გააბრაზა, ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" 40 000-მა თურქმა მაგრად რომ უსტვინა. "ვიცოდი, რომ დამისტვენდნენ და ამისთვისაც მზად ვიყავი. მათი რეაქციისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მხოლოდ თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული. მინდოდა, კარგად მეთამაშა და გერმანიას მოეგო. რაკი ასე მოხდა, კმაყოფილი ვარ. სამაგიეროდ, გერმანიის გულშემატკივრებმა მიმიღეს ძალიან კარგად ჩემი გვარის გამოცხადებისას გამაყრუებლად სკანდირებდნენ, - აღნიშნა მესუთმა და იქვე დასძინა, - ჩვენ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ."

მატჩის წინ, გერმანიაში ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ იოზილი არაგერმანელის გერმანიაში ინტეგრაციის საუკეთესო მაგალითია და ეს ყველაფერი პოპულიზმშიც კი გადაიზარდა, რადგან ვისაც არ დაეზარა, ყველამ თავი შეიქო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, გასაკვირი არც ის უნდა იყოს, რომ მატჩის შემდეგ, ბუნდესგუნდის გასახდელში თვით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გაჩნდა, რომელიც მაშინვე მესუთთან მივიდა და "ინტეგრაციის სანიმუშო მაგალითს" ნამდვილი სამშობლოს წინააღმდეგ კარგი თამაში და გოლის გატანა მიულოცა, თან, მადლობაც გადაუხადა.

გერმანიის ნაკრებს კი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრწყინვალე სტარტი (სამი მოგება, სამი თამაშის შემდეგ) გამოუვიდა და მომდევნო მატჩი ხვალ, ყაზახეთთან უწევს. მართალია, ყაზახეთის ნაკრებს ჯერ არც ქულა აქვს და არც გოლი (!), მაგრამ ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი თავის შეგირდებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს - მერე რა, რომ ყაზახები ფიფას რეიტინგში 126-ე ადგილზე არიან, სამაგიეროდ, მათ გერმანელი მწვრთნელი (ბერნდ შტორკი) ჰყავთო.

"ვფიქრობ, ყაზახეთის ნაკრები აზერბაიჯანის ნაკრებზე ძლიერი გუნდია. ამიტომაც, სიფრთხილე გვმართებს. ასტანაში გამარჯვება იოლი ნამდვილად არ იქნება," - განაცხადა ლიოვმა გუშინ ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე. ბუნდესგუნდს დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა ნახევარმცველი კევინ გროსკროიტცი ვერც ყაზახეთში გაჰყვა. იოზილი, რომელმაც თურქეთთან მცირე ტრავმა მიიღო, სავარაუდოდ ითამაშებს, ჟერომ ბოატენგი კი ალბათ - ვერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული