ყველაფერი ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე, კერძოდ ავსტრიასთან მატჩში ვერგამოყენებული საგოლე მომენტით დაიწყო. მას მერე, ვინც გერმანიაში მარიო გომესის სახელსა და გვარს ახსენებს, იქვე ამატებს ხოლმე, რომ ეს არის თავდამსხმელი, რომელიც თავდასხმაში არასდროს უნდა დააყენო. სწორედ ევრო 2008-ის შემდეგ წავიდა მარიოს საქმეები უკან-უკან და ერთ დროს გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც შტუტგარტელობის ჟამს მოედანს უგოლოდ არ ტოვებდა, დღეს მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების სათადარიგოთა სკამს ხეხავს.
თვითონ გომესიც დარწმუნებულია იმაში, რომ მისი "მომენტების ვერგამომყენებლის" იმიჯი სწორედ ავსტრიასთან მატჩში, იმ დროს "დაიბადა",
25 წლის თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ მას მთელი საფეხბურთო გერმანია უსამართლოდ ექცევა, მაგალითად კი ერთი კვირის წინანდელი ამბავი მოჰყავს, მატჩი, რომელშიც "ბაიერნმა" დორტმუნდის "ბორუსიასთან" 0:2 წააგო: "ივიცა ოლიჩს ისე რომ ეთამაშა, როგორც მე, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ შეფასებას, მაგალითად, ორიანს მიიღებდა. მე კი ჟურნალისტებმა ხუთიანი დამიწერეს (ყველაზე ცუდი შეფასება ექვსიანია - გ. ლ). მე რომ ოთხი მომენტი ვერ გამოვიყენე, ეს ძალიან ცუდ თავდამსხმელობას ნიშნავს, ხოლო ოლიჩს რომ ვერ გამოეყენებინა, იტყოდნენ, ბევრი იშრომა, მაგრამ არ გაუმართლა და რა ქნასო. უკვე ორი წელზე მეტია, რაც ასე ხდება: გომესმა გოლები უნდა გაიტანოს, სხვებს კი ყველაფერი ეპატიებათ."
თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, მარიო არც ედინ ჯეკოსთან შედარებას ერიდება. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ბუნდესლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირია და დღესდღეობით გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორად მიიჩნევა. "გასულ სეზონში ჯეკომ მართლაც ჩემზე გაცილებით მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ წინა სამ წელიწადში ჩემზე ბევრი ნაღდად არ გაუტანია. ახლა შეადარეთ ჯეკოს და ჩემი იმიჯები ერთმანეთს და დაინახავთ, რამდენად დაჩაგრული ვარ და რაოდენ უსამართლოდ," - წუხს გომესი.
გომესი-ჯეკო 53:56
მოდით, გადავხედოთ სტატისტიკას: თუ გომესისა და ჯეკოს შედეგებს ერთმანეთს შევადარებთ (2007/08-დან 2009/2010 წლის სეზონის ჩათვლით), ედინ ჯეკომ სულ 56 გოლის გატანა შეძლო, მარიო გომესმა კი 53 გოლი გაიტანა. ბოლო ორ სეზონში ბოსნიელმა გერმანელ ფორვარდს ორივეჯერ აჯობა: შარშანწინ 26:24, შარშან 22:10. თუმცა, ერთ სეზონში 24 გოლის გატანა ნამდვილად შესანიშნავი შედეგია და ამდენი გოლი გომესმა არც ისე დიდი ხნის წინ, სწორედ ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის მომდევნო სეზონში გაიტანა.
"მიუხედავად ამისა, - ამბობს მარიო, - ჩემი იმიჯი არ შეცვლილა. 24-მა გოლმაც კი ვერ მიშველა. ხალხს მარტო ის მომენტი უდგას თვალწინ, ავსტრიასთან ერთი მეტრიდან რომ ავაცილე".
ახალგაზრდა ფორვარდი, რომელიც "ბაიერნის" ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ძვირფასი შენაძენია (ბავარიელებმა შტუტგარტელებს გომესის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაუხადეს), გამოსავალს მხოლოდ იმაში ხედავს, რომ მან მუდმივად ძირითად შემადგენლობაში უნდა ითამაშოს.
"სათამაშო პრაქტიკა ერთადერთი რამაა, რასაც შეუძლია, დამამტკიცებინოს, რომ ცუდი თავდამსხმელი არ ვარ. პრინციპში, დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, რადგან ზემოთ სტატისტიკა მოვიყვანე, რომელიც არანაირად არ არის თვით ყველაზე პოპულარულ ედინ ჯეკოზე უარესი, მაგრამ მაინც: მე თამაში მჭირდება. ისეთი თავდამსხმელი ვარ, რომელიც ათ წუთში თამაშს ვერ მოგაგებინებს. როცა ვხვდები, რომ სავარაუდოდ, მარტო 8-10 წუთი მომიწევს თამაში, ისიც ვიცი, რომ იმ დღეს გოლს ვერ გავიტან," - ამბობს მარიო "თაგესცაითუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
შედარება
გომესი ჯეკოს წინააღმდეგ
სეზონი მარიო გომესი ედინ ჯეკო
2007/08 19 გოლი 8 გოლი
2008/09 24 გოლი 26 გოლი
2009/10 10 გოლი 22 გოლი
2010/11 0 გოლი 5 გოლი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"