მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი (8 ქულა 7 ტურის შემდეგ) აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერს კრიზისული პერიოდი უდგას. და სწორედ ასეთი გასაჭირის დროს, "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი, ხელმძღვანელები და გულშემატკივრები იმ ფეხბურთელის იმედად უნდა იყვნენ, რომელსაც სათვალავში აღარც კი აგდებდნენ - მარიო გომესს ვგულისხმობთ.
ამ უქმეებზე "ბაიერნი" "ჰანოვერს" ხვდება, საქმე კი იმაშია, რომ რეკორდმაისტერს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული. არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის ტრავმების შესახებ მკითხველმა ყველაფერი დეტალურად იცის. მათთან ერთად, ლაზარეთშია გუნდის
ამ ყველაფერს კი ის დაემატა, რომ ტრავმა ივიცა ოლიჩმაც მიიღო - ხორვატი თავდამსხმელს ისრაელთან მატჩში ცხვირი გაუტეხეს. "ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ სუნთქვაც კი მიჭირს და უკვე ვიცი, რომ "ჰანოვერთან" ვერ ვითამაშებ. მოკლედ, საქმეები ისედაც ცუდად მიგვდის და ახლა ტრავმებიც მოგვეძალა," - წუხს ოლიჩი. ასე და ამგვარად, "ჰანოვერთან" მატჩისთვის ვან გაალის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ხეირიანი ცენტრფორვარდი, მარიო გომესია. ეს უკანასკნელი კი ბოლო დროს საყოველთაო კრიტიკის ობიექტია, თუმცა ყაზახეთთან მატჩში გოლის გატანა მანაც მოახერხა და იქნებ ამ გოლმა თავდაჯერება დაუბრუნოს. ისე კი, გომესი ამ სეზონში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ იყო გამწესებული - დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩში, რომელიც "ბაიერნმა" 0:2 წააგო.
რობენი, რიბერი, კლოზე, ოლიჩი, შვაინშტაიგერი, ვან ბომელი, ვან ბუიტენი, ალაბა, კონტენტო, ბრენო - დაგვეთანხმებით, რომ მიუნხენურ გრანდს მართლაც ძალიან ბევრი მოთამაშე ჰყავს ლაზარეთში, რაც ვან გაალისთვის, უკვე თამამად უნდა ითქვას, სერიოზული პრობლემაა. ამ სიიდან, სამი წამყვანი ფეხბურთელი (ოლიჩი, კლოზე და ვან ბომელი) სანაკრებო პაუზის დროს დაშავდნენ. რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გუშინ ამიტომაც თქვა, ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოგვივიდაო და ამით, პირველ რიგში, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციისკენ გაისროლა (დაპირისპირების დეტალებზე გუშინდელ ნომერში ვწერდით). ჰიონესმა ისიც თქვა, რომ დროა, "ბაიერნმა" ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას სასამართლოში უჩივლოს.
მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, ბავარიელთა ცენტრალური მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი მაინც დარწმუნებულია, რომ "ბაიერნი" შედეგებს გამოასწორებს და გერმანიის ჩემპიონი გახეება.
წამყვანი ფეხბურთელების ტრავმიანობის ჟამს, უდიდესი მისია ეკისრება ახალგაზრდა ნახევარმცველ ტონი კროსს, რომელსაც ვან გაალი აქამდე უმეტესად ფლანგზე ათამაშებდა, ახლა იძულებული გახდება, ცენტრში გაამწესოს. კროოსისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს - გერმანიის ნაკრებში მან თურქეთთან (3:0) და ყაზახეთთან (3:0) შეხვედრებში შვაინშტაიგერი სწორედ ნახევარდაცვის ცენტრში შეცვალა და თანაც, ძალიან კარგად. თუმცა ვან გაალის სიჯიუტის ამბავი საქვეყნოდაა ცნობილი და ნაღდად არ გაგვიკვირდება, რომ მიუხედავად შვაინშტაიგერისა და ვან ბომელის არყოფნისა, კროოსი მაინც ფლანგზე ათამაშოს, ცენტრში კი ანატოლი ტიმოშჩუკი და დანიელ პრანიჩი ათამაშოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"