ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს შვიდი ტურის შემდეგ "მაინცი" ასპროცენტიანი შედეგით ლიდერობს და ცხადია, კარნავალელები ყველანაირად ყურადღების ცენტრში არიან. გერმანელმა ჟურნალისტებმა თომას ტუხელის გუნდს "ბოიბენდი" შეარქვეს და ხშირად იმეორებენ ხოლმე, რომ "მაინცი" ახალგაზრდა, ამომავალი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდია. ეს ლოგიკურიცაა, რადგან გერმანიის ჩემპიონატის დღევანდელი ლიდერის მთავარი გმირები ძალიან ახალგაზრდები არიან: ლუის ჰოლტბი 20 წლისაა, ანდრე შიურლე 19-ის, ხოლო ადამ შალაი კი 22-ის.
მაგრამ სენსაციური ლიდერის (შვიდი მოგება შვიდ თამაშში) საშუალო ასაკი 26.7 წელი გახლავთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ "მაინცი" სულაც არ არის ისეთი
ჰოლტბი ამბობს, რომ არა ჩვენი გამოცდილი ფეხბურთელები, ასეთ წარმატებებს ნამდვილად ვერ მივაღწევდითო. მართალიცაა და გამოცდილებში პირველ რიგში 30 წლის ცენტრალურ მცველ ნიკოლჩე ნოვესკის და 34 წლის საყრდენ ნახევარმცველ მიროსლავ კარჰანს გულისხმობს.
ლოგიკურად დაგაინტერესებთ, რომელი გუნდია ბუნდესლიგაში ყველაზე ახალგაზრდული და ყველაზე "ბებრული". თუ მოთამაშეების ასაკებს გადავხედავთ და საშუალო არითმეტიკულით გუნდების საშუალო ასაკებს გამოვიყვანთ, დავინახავთ, რომ ნაღდი "საბავშვო ბაღი" დორტმუნდის "ბორუსიაშია", რომელიც ასევე ძალიან კარგად ასპარეზობს და მეორე ადგილზეა, ხოლო "პენსიონერთა პანსიონატი" კი "ჰამბურგშია". HSV-ს საშუალო ასაკი 28.4 წელი გახლავთ - ამ გუნდში ისეთი ვეტერანები თამაშობენ, როგორებიც არიან 36 წლის ზე რობერტო და 34 წლის რუუდ ვან ნისტელროი. დორტმუნდის "ბორუსიას" საშუალო ასაკი კი სულ რაღაც 23.9 წელია.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, გთავაზობთ საშუალო ასაკების ცხრილს, სადაც იმ ფეხბურთელების ასაკებია გათვალისწინებული, რომლებმაც ამ სეზონში, ანუ, განვლილ შვიდ ტურში იასპარეზეს. დავიწყოთ ყველაზე ასაკოვანი გუნდებით:
კლუბი საშ. ასაკი
1. ჰამბურგი 28.4 წელი
2. ბაიერნი 27.5 წელი
3. აინტრახტი 26.9 წელი
4. ზტ. პაული 26.8 წელი
5. მაინცი 26.7 წელი
6. ვერდერი 26.6 წელი
7. ვოლფსბურგი 26.5 წელი
8. ფრაიბურგი 26.4 წელი
9. კიოლნი 26.4 წელი
10. ბორუსია (მ) 25.8 წელი
11. შალკე 25.7 წელი
12. ნიურნბერგი 25.7 წელი
13. ლევერკუზენი 25.5 წელი
14. ჰანოვერი 25.5 წელი
15. კაიზერსლაუტერნი 25.5 წელი
16. შტუტგარტი 25.1 წელი
17. ჰოფენჰაიმი 24.5 წელი
18. ბორუსია (დ) 23.9 წელი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"