"ნიურნბერგი" მიხაელ ვიზინგერს ჩააბარეს

AutoSharing Option
"ნიურნბერგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ვოლფსბურგში" გადასულ დიტერ ჰეკინგს მიხაელ ვიზინგერი შეცვლის, რომელიც აქამდე "ფრანკების" 23-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი გახლდათ.

ეს ინფორმაცია 24 დეკემბერს ნიურნბერგელებმა ოფიციალურად დაადასტურეს. დაწინაურებული მწვრთნელი გუნდს 3 იანვარს ჩაიბარებს და ბუნდესლიგის მეორე წრისთვის მოამზადებს.

39 წლის მიხაელ ვიზინგერი (27 დეკემბერს 40 წლის ხდება) ყოფილი ფეხბურთელია და 1993-დან 1999 წლამდე "ნიურნბერგში" თამაშობდა, მერე კი მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა, სადაც 2001 წლამდე ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი (2000, 2001), მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2001), დაეუფლა გერმანიის თასს (2000) და ორჯერ მოიგო გერმანიის ლიგის
თასი (1999, 2000).

სამწვრთნელო კარიერა მან 2009 წელს, "ინგოლშტადტის" 23-წლამდელთა გუნდში დაიწყო და იმავე წელს პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა, 2010 წელს კი "ინგოლშტადტი", მთავარი მწვრთნელის რანგში, მეორე ბუნდესლიგაში გადაიყვანა.

"ინგოლშტადტიდან" ვიზინგერი 2010 წლის 6 ნოემბერს იმის გამო გაათავისუფლეს, რომ 11 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ ოთხი ქულა ჰქონდა მოპოვებული. მას მერე მიხაელი "ნიურნბერგის" 23-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა, ახლა კი პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად დააწინაურეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული