ბიჭო, ლუკას, სადამდე?

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მერვე ტურის შემდეგ, რომელმაც სატურნირო ცხრილში ლიდერი შეცვალა, დიდი, თუ პატარა, ყველა დორტმუნდის "ბორუსიას" მოსალოდნელ ჩემპიონობაზე საუბრობს. ლოგიკურიცაა, რადგან ვესტფალიელები დღესდღეობით იმდენად კარგ ფორმაში არიან და ფეხბურთს ისე ვნებიანად თამაშობენ, რომ ამ ყველაფერს გულგრილად ვერავინ შეხედავს. ერთადერთი ადამიანი საფეხბურთო გერმანიაში, ვინც მერვე ტურის შემდეგ "ბორუსიასთან" მიმართებაში სიტყვა ჩემპიონობა არ ახსენა, თავად "ბორუსიას" მწვრთნელი იურგენ კლოპია.


დორტმუნდში სრულფასოვანი ზეიმია
...თუმცა დორტმუნდელებს ახლა ზედმეტი ლაყბობისთვის არც სცხელათ - "ბორუსია" თავის ისტორიაში სეზონის ყველაზე კარგად დაწყებას და უხანგრძლივესი პაუზის შემდეგ სატურნირო ცხრილში

გალიდერებას ზეიმობს. პირველ ტურში "ლევერკუზენთან" განცდილ უიღბლო მარცხს ზედიზედ შვიდი გამარჯვება მოჰყვა და ამ უქმეებზე BVB-მ "მაინცის" ტახტიდან ჩამოგდება შეძლო. ამასთან, "ბორუსიას" ბუნდესლიგაში დღესდღეობით საუკეთესო თავდასხმა და საუკეთესო დაცვა ჰყავს, მაგრამ დორტმუნდელ ფანებს ყველაზე მეტად მაინც ის უხარიათ, რომ მათი საყვარელი და ახლა უკვე საამაყო გუნდი მოსისხლე მტერ "შალკეს" 16 ქულით უსწრებს.

ეიფორია, რომელმაც დორტმუნდი მოიცვა, სავსებით ლოგიკურია, რადგან "ბორუსია" გერმანიის ჩემპიონი ბოლოს 2002 წელს, გერმანული სიზუსტით რომ ვთქვათ, 3089 დღის წინ იყო. 43 წლის სპეციალისტ კლოპისთვის კი ეს სულაც პირველი ლიდერობაა მის სამწვრთნელო კარიერაში. მიუხედავად ამისა, იურგენი ამბობს: "გერმანიის ჩემპიონობაზე საუბარს გუნდში არავის ვუკრძალავ, რადგან ვფიქრობ, რომ ეს დიდი სისულელე იქნებოდა, მაგრამ პირადად მე ჩემპიონობაზე ლაპარაკს და "ვერცხლის სინის" ხსენებას არ ვაპირებ. სიმართლე გითხრათ, სრულიად არ მაინტერესებს ის, რომ ახლა ლიდერები ვართ, რადგან სეზონის დამთავრებამდე 26 ტურია დარჩენილი."

კლოპს "ბორუსიას" ბოსი ჰანს-იოახიმ ვატცკეც ეთანხმება: "მერვე ტურის შემდეგ ლიდერობა აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ჩემპიონობაზე საუბარი ხომ მით უმეტეს, არარეალურია. ჩვენი გუნდის წამყვანი ფეხბურთელებიდან რვა მოთამაშე ჯერ 23 წლისაც არ არის და აქედანვე ამხელა ტვირთს არ ავკიდებთ, მათ წნეხის ქვეშ არ მოვაქცევთ. თანაც, დარწმუნებული ვარ, რომ ჩავარდნებიც გვექნება."

მწვრთნელსა და შეფს ჩემპიონობაზე საუბარი არ სურთ, სამაგიეროდ, 22 წლის კევინ გროსკროიტცი ღიად აცხადებს, "ვერცხლის სინზე" წელსვე ვოცნებობ, განვლილმა თამაშებმა ყველანი დაგვარწმუნა, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია და რატომ ხვალ, როცა შეიძლება, დღესო. ფაქტი ერთია, სპორტული თვალსაზრისით, "ბორუსია" გერმანიაში დღეს საუკეთესო გუნდია - რაღა შორს წავიდეთ, დორტმუნდელები მოქმედ ჩემპიონ "ბაიერნს" ათი ქულით უსწრებენ. შუა კვირაში "შავ-ყვითლებს" ევროპის ლიგის მატჩი ელით პსჟ-სთან, რის შემდეგაც, "ჰოფენჰაიმს" უნდა შეხვდნენ და საინტერესოა, როგორ გადაიტანს BVB ამ დატვირთვას. ფაქტია, რომ კლოპის გუნდი ერთ კვირაში სამი მატჩის ჩატარებას მიჩვეული არაა.


...გელზენკირხენში მოჩვენებითი სიმშვიდე
დორტმუნდელი ქომაგებისთვის გალიდერებით გამოწვეული სიხარული და ეიფორია "შალკეს" უმძიმესმა კრიზისმა გააორმაგა. გელზენკირხენელებმა "შტუტგარტსაც" ვერ მოუგეს და შავ დღეში არიან. მიუხედავად ამისა, "შალკეს" თავკაცი ფელიქს მაგათი მაინც თავისას გაიძახის: გუნდში რადიკალური ცვლილებები რომ დავიწყე, ისიც ვიცოდი, რომ ამ გზას მტკივნეული დასაწყისი ექნებოდა, კატასტროფა არ ხდება, ყველაფერი გამოსწორდებაო.

"თუ წარმატების მიღწევა გინდა, რისკზეც უნდა წახვიდე. მე რისკიანი კაცი ვარ და "შალკეში" მანამდე დავრჩები, სანამ ეს გუნდი გერმანიის ჩემპიონი არ გახდება," - თქვა "დესპოტმა ფელიქსმა" გადაცემა "დოპელპასში", რაზეც ლეგენდარულმა უდო ლატეკმა მოსწრებულად მიუგო, მაშინ ჩემპიონობას რომ იზეიმებ, ჩემი ასაკის იქნებიო - ლატეკი ახლა 75 წლისაა და გამოდის, რომ "შალკე" ჩემპიონი 18 წლის მერე უნდა გახდეს.

ფაქტია ერთია: ტოტალურმა ცვლილებებმა (14 ფეხბურთელი მივიდა, 15 წავიდა) "შალკეს" კარგი არაფერი მოუტანა. პირიქით, მოქმედი ვიცე-ჩემპიონის ამოცანა ახლა გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევაა. ყველა ბედნიერებასთან ერთად, "ხუმარებს" 16 გოლი აქვთ გაშვებული. თავდასხმაში მხოლოდ კლაას-იან ჰუნტელაარი (5 გოლი) ვარგა, რაულის ანგარიშზე კი ჯერ მხოლოდ ერთადერთი გოლია. იმედებს ვერც "ატლეტიკოდან" ნაყიდი გამთამაშებელი ხოსე მანუელ ხურადო ამართლებს.


ისევ აპატიეს...
კიოლნელ ლუკას პოდოლსკის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სასჯელი არ ემუქრება. ყოველ შემთხვევაში, გერმანიის საფეხბურთო ლიგამ მისთვის დისკვალიფიკაციის მიცემის საკითხი დღის წესრიგში არცკი დააყენა და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ პოლდი გერმანიაში მართლაც "წითელი კვერცხია", მაგრამ რა უნდა გაგკვიკვირდეს იმის მერე, რომ ორი წლის წინ ლუკასს გერმანიის ნაკრების კაპიტან მიხაელ ბალაკისთვის საქვეყნოდ ხელის გარტყმა შეარჩინეს. ამჯერად კი ლუკასმა ის დააშავა, რომ "ბორუსიასთან" მატჩის მეორე ტაიმში ნური შაჰინის პროვოცირებას ცდილობდა. ჯერ 3:0-ს უჩვენებდა (გერმანიამ თურქეთს ხომ ასეთი ანგარიშით მოუგო) და მერე ის ჟესტი გაუკეთა, ფოტოზე რომ უყურებთ. მატჩის შემდეგ ლუკასს ჰკითხეს, ეს რატომ გააკეთეო. პოლდის პასუხი: "ყველაფერზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ!"


ტურის სიმბოლური ნაკრები
(3-4-3)
ოკა ნიკოლოვი (აინტრახტი) - ჰაიკო ვესტერმანი (ჰამბურგი), ჰოლგერ ბადშტუბერი, კრისტიან ფუხსი (მაინცი) - ჯერალდ ასამოა (ზტ. პაული), ნური შაჰინი (ბორუსია დ), სიმონ როლფესი (ლევერკუზენი), შინჯი კაგავა (ბორუსია დ) - თეოფანის გეკასი (აინტრახტი), მარიო გომესი (ბაიერნი), დემბა ბა (ჰოფენჰაიმი)

ტურის გმირი
სიმონ როლფესი (ლევერკუზენი)

სიმონ როლფესი "ლევერკუზენის" კაპიტანია, მაგრამ რაკი გასულ უქმეებზე, "ვოლფსბურგთან" მატჩში (3:2 "ბაიერის" სასარგებლოდ) შეცვლაზე ითამაშა (ახლახან გამოჯანმრთელდა და პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშეს), მისთვის კაპიტნის სამკლავური მანუელ ფრიდრიხს უნდა გადაეცა, რაც "ფარმაცევტების" ცენტრალურმა მცველმა არაერთხელ სცადა, მაგრამ როლფესი უარზე იდგა. მატჩის შემდეგ სიმონმა თქვა, სამკლავურის გაკეთების დრო არ მქონდა, მძაფრი თამაში მიდიოდა და სხვაც ბევრი საქმე გვქონდაო. პირდაპირ ვთქვათ: ყველაზე მეტი საქმე სწორედ როლფესს ჰქონდა: მან 20 წუთის განმავლობაში პენალტი მოიპოვა და თან დუბლი შეასრულა, რაც საყრდენი ნახევარმცველისთვის გასაოცარი შედეგია. როგორც ჩანს, როლფესს ფეხბურთის თამაში ძალიან მოენატრა - არცაა გასაკვირი, მან ლაზარეთში ხომ თითქმის ერთი წელი გაატარა.


საუკეთესო ფეხბურთელები
რვა ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.19
2. ლუის ჰოლტბი მაინცი 2.25
3. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.38
4. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.40
5. კრისტიან ფუხსი მაინცი 2.50


გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
1. ლუის ჰოლტბი მაინცი 2 7 9
2. თეოფანის გეკასი აინტრახტი 7 1 8
3. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 4 4 8
4. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 7 0 7
5. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 3 4 7


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული