თუ სახელფასო ბიუჯეტით (დაახლოებით 75 მილიონი ევრო წელიწადში) ვიმსჯელებთ, "ვოლფსბურგი" ბუნდესლიგაში მეორე ადგილზეა! ამ კლუბზე დიდი სახელფასო ფონდი ბუნდესლიგაში მხოლოდ "ბაიერნს" აქვს! ამრიგად, როგორც ხედავთ, ვოლფსბურგელთა სურვილები რეალობისგან ძალიან შორსაა!
როგორც იცით, "ვოლფსბურგს" საავტომობილო გიგანტი, "ფოლკსვაგენის" კონცერნი მფარველობს და სწორედ "ფოლკსვაგენის" შეფებმა გადაწყვიტეს, რომ კლუბს სახელფასო ბიუჯეტი შეუმცირონ.
მართალია, გვიან, მაგრამ კონცერნში მიხვდნენ, რომ კლუბში, რომლის 90% "ფოლკსვაგენს" ეკუთვნის, ზედმეტად მაღალი ხელფასებია.
ცნობისათვის, კლუბში
შედარებისთვის, "ფოლკსვაგენის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ხავიერ გარსია სანსის შემოსავალი 2011 წელს, პრემიებთან ერთად, 7.7 მილიონი ევრო გახლდათ. ანუ დიეგოს მასზე მეტი ხელფასი აქვს! ვოლფსბურგელები დიეგოს კონტრაქტს ჯერ ვერაფერს მოუხერხებენ, მაგრამ ყველანაირად ეცდებიან ზოგადი სურათის შეცვლას - მიზანი სახელფასო ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირებაა.
"ჩვენ აქ იმიტომ მოგვიყვანეს, რომ გუნდი უფრო წარმატებული იყოს. ინვესტიციები გაგრძელდება, მაგრამ აზრიანად," - ეს "ვოლფსბურგის" ახალი სპორტული დირექტორის, კლაუს ალოფსის განცხადებაა. მასთან ერთად, გუნდს ახალი მწვრთნელი (დიტერ ჰეკინგი) ჰყავს.
ყველაფერი ფელიქს მაგათის ბრალია
ბოლო წლებში (განსაკუთრებით მაშინ, როცა "ვოლფსბურგში" ფელიქს მაგათი დაბრუნდა) "მგლებმა" ძალიან ბევრი ფული დახარჯეს და ახლა პირველ გუნდში 35 ფეხბურთელი ჰყავთ. მათგან ბევრი საერთოდ არ თამაშობს, ან, თუ თამაშობს, ვერაფერს ახერხებს.
მაგალითად, თავდამსხმელ სრდიან ლაკიჩის ხელფასი წელიწადში 2.6 მილიონი ევროა - მან 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია. ვეტერანი ბერძენი მცველი სოტირიოს კირიაკოსი წელიწადში 2 მილიონს იღებს და ამ სეზონში არცერთ მატჩში არ უასპარეზია!
საიდან, როდის და რატომ დაიწყეს ვოლფსბურგელებმა ზღაპრული ხელფასების გაცემა? ტენდენცია 2009 წელს დაიწყო: სენსაციური ჩემპიონობის შემდეგ "ვოლფსბურგში" ხელფასები ყველას გაუზარდეს. მიზანი წარმატებული შემადგენლობის შენარჩუნება იყო, რაც სრულფასოვნად ვერ მოხერხდა - მაგალითად, ედინ ჯეკო "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.
სახელფასო ბიუჯეტი კლუბში მეორედ 2011 წელს გაიზარდა, როცა "ვოლფსბურგში" დაბრუნებულმა ფელიქს მაგათმა მარტო წინა ზამთარში 8 ახალი ფეხბურთელი გადაიბირა და ჯამში 20 მილიონი ევრო დახარჯა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სახელფასო ფონდის შემცირების დაგეგმვისა, ახლახან ვოლფსბურგელებმა დორტმუნდის "ბორუსიადან" 7.5 მილიონ ევროდ ივან პერიშიჩი იყიდეს და მას წელიწადში 2.8 მილიონი ევრო დაუნიშნეს. ეს იმას ნიშნავს, რომ "ვოლფებს" კვლავ დიდი მიზნები აქვთ.
მიუხედავად პირველი წრის მე-15 ადგილზე დამთავრებისა, გუნდის პროგრამა-მინიმუმი ამ სეზონში ევროპალიგის საგზურის მოპოვება, ანუ, მინიმუმ, საუკეთესო ექვსეულში მოხვედრაა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ვოლფსბურგს" პერიშიჩი მოუხდება
ხორვატმა - 9-ნომრიანი მაისურა, "დორტმუნდმა" 8 მილიონი მიიღო...