ლიდერობას შენარჩუნება უნდა!

AutoSharing Option
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ლევერკუზენისა“ და „მაინცის“, ან დორტმუნდის „ბორუსიასა“ და „ჰოფენჰაიმის“ დაპირისპირებას არასდროს გამოუწვევია იმხელა ინტერესი, როგორსაც დღეს და ხვალ ჩასატარებელ, ბუნდესლიგის მე-9 ტურში იწვევს. ამას დაუმატეთ გუშინდელი მატჩი „ნამდვილ“ ფავორიტებს შორის (ჰამბურგი-ბაიერნი) და ასევე შეხვედრები შავ დღეში მყოფი ამბიციური კლუბების მონაწილეობით („შალკე“ ფრანკფურტში ჩადის, „შტუტგარტი“ „ზტ. პაულის“ მასპინძლობს) და მიხვდებით, რაოდენ საინტერესოა ბუნდესლიგის მორიგი ტური.

შალკე ფრანკფურტში
„შალკე“ ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთხელ დანაყრდა (3:1 ჰაპოელთან) და გელზენკირხენული კლუბის გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ მიეცათ იმის იმედი, რომ მათი საყვარელი გუნდი, ბოლოს

და ბოლოს, ბუნდესლიგაშიც ისე ათამაშდება, როგორც ეკადრება. ფელიქს მაგათის გუნდის მეტოქე ამჯერად მისი ყოფილი კლუბი „აინტრახტია“ - „შალკე“ ფრანკფურტში ჩადის. „აინტრახტს“ ზედიზედ სამი თამაში აქვს მოგებული, რის გამოც გუნდში სრული ჰარმონიაა. მთავარმა მწვრთნელნა მიხაელ სკიბემ კი ამაყად თქვა, ამ სეზონში ჩვენი მიზანი მინიმუმ 50 ქულის დაგროვებააო. გაგახსენებთ, წინა სეზონში „აინტრახტმა“ 46 ქულას მოუყარა თავი და მეათე ადგილი დაიკავა. შესაბამისად, მიზნად 50 ქულის მოპოვების დასახვა რევოლუციური განცხადება ნამდვილად არ არის.

ვერდერი ვიზეს გარეშე
„შალკესთან“ ერთად, ჩემპიონთა ლიგაში „ვერდერმაც“ ითამაშა, ოღონდ, „მუსიკოსებს“ „ტვენტესთან“ ფრე (1:1) მხოლოდ ნაწილობრივ წარმატებაში ჩაეთვალათ. თუმცა საერთო ჯამში, ამ მატჩმა ბრემენულ კლუბს კარგი არაფერი მოუტანა, პირიქით, მეკარე ტიმ ვიზემ ტრავმა მიიღო და დღეს, მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ მისი ასპარეზობა ფაქტობრივად გამორიცხულია. რა გასაკვირია, რომ „მუსიკოსების“ მთავარი მწვრთნელი თომას შააფი ყველაფრით უკმაყოფილოა და ამბობს, სწორად არაფერს ვაკეთებთ, სულ შეცდომებს ვუშვებთო. ბუნდესლიგაში უკვე რვა ტურია გასული, „ვერდერი“ კი მე-11 ადგილზეა, რაც ამ გუნდისთვის ყოვლად მიუღებელია. შესაბამისად, შააფი შეგირდებს მიონხენგლადბახიდან სამი ქულის წაღებას სთხოვს. „გლადბახი“ კი ამ სეზონში კონტრასტების, ამოუცნობი, არაპროგნოზირებადი გუნდია. ერთადერთი, რაც ნათელი და ასპროცენტიანია, დღეს მიონხენგლადბახელებს საკადრო პრობლემები აქვთ, რადგან წინა ტურში ორი წამყვანი ფეხბურთელი გაუძევეს. მწვრთნელი მიხაელ ფრონტცეკი არანგოს, შახტენსა და დაცვის ბურჯ ბრუვერსს ვერ გამოიყენებს.

თათბირი კიოლნში
შაბათს მოთამაშე სხვა გუნდებიდან, ყველაზე ცუდად საქმე „კაიზერსლაუტერნს“ და „კიოლნს“ აქვთ, რომლებიც წინა ტურში „აინტრახტთან“ და შესაბამისად, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ დამარცხდნენ. კიოლნში კი უკვე სულაც განგაშის ზარებს შემოჰკრეს - „თხების“ მთავარი მწვრთნელი ზვონიმირ სოლდო ჩემოდნებზე ზის. ამბობენ, მას თურქეთიდან გამოგდებული თომას დოლი შეცვლისო. ხუთშაბათს „კიოლნში“ კრიზისული თათბირი მოეწყო, რომელსაც თვინ კლუბის პრეზიდენტი ვოლფგანგ ოვერატიც დაესწრო. ფეხბურთელებს პრეზიდენტთან საუბარმა მოტივაცია შემატა. იუსუფ მოჰამადი ამბობს, ოვერატი თვითონ ფეხბურთელი იყო და ზუსტად იცის, რაც გვჭირდება, კარგი იქნება, ყოველი თამაშის წინ გასახდელში რომ შემოდიოდესო. „თხებს“ ჰანოვერში უწევთ გასვლითი მატჩი - გუნდთან, რომელმაც სეზონის შესანიშნავად დაწყების შემდეგ, ზედიზედ ორი თამაში წააგო (0:1 „ზტ. პაულისთან“ და 0:3 „ბაიერნთან“).

ეშმაკებიც წნეხის ქვეშ არიან
„კაიზერსლაუტერნმა“ სეზონი ორი გამარჯვებით დაიწყო, რაც საკმარისი გახლდათ საიმისოდ, რომ ქალაქი ეიფორიას მოეცვა, მაგრამ მას მერე ექვსი ტური გავიდა და „წითელ ეშმაკებს“ ერთი თამაშიც კი აღარ მოუგიათ (1 ფრე, 5 მარცხი). ბოლო დროს კი „ლაუტერნმა“ გოლების გაშვებას ძალიან მოუხშირა: 0:5 „დორტმუნდში“, 0:3 „აინტრახტთან“. მოკლედ, პფალცელები დარწმუნდნენ, რომ ეიფორიიდან ჯოჯოხეთამდე ერთკ ნაბიჯია, თუმცა „კიოლნისგან“ განსხვავებით, „კაიზერსლაუტერნში“ ქაოსს ჯერჯერობით არ დაუსადგურებია. ბოსმა შტეფან კუნტცმა მთავარი მწვრთნელი მარკო კურცი დაიცვა, ეს უკანასკნელი კი ამბობს, შექმნილი ვითარება სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ გადარჩენისთვის მოგვიწევდა ბრძოლა, პირადად მე ჩემპიონობაზე ან ჩემპიონთა ლიგაზე იმ ორი გამარჯვების შემდეგაც არ მიფიქრია, პირველ და მეორე ტურში რომ მოვიპოვეთო.

დიეგოს აპატიეს
„შალკესა“ და „შტუტგარტის“ დამარცხების შემდეგ (2:1), „ნიურნბერგის“ გულშემატკივრებს იმედი მიეცათ, რომ მათი საყვარელი გუნდი წელს მაინც იქნებოდა მშვიდად და სეზონის ბოლომდე გასავარდნი ზონის სიახლოვეს არ იტრიალებდა (გასულ სეზონში ფრანკები მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას რელეგაციის მოგებით, ძლივს გადაურჩნენ), მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მერე ფეხბურთელებმა ყველაფერი ჩააფლავეს (2:3 „ზანკტ პაულისთან“). დღეს კი „ნიურნბერგს“ ასევე ამჟავებულ „ვოლფსბურგთან“ ექნება საქმე. „ვოლფსბურგის“ ლიდერი დიეგო წინა ტურში (ლევერკუზენთან 2:3) ცუდად მოიქცა (არასპორტული საქციელი ვიდალთან ორთაბრძოლისას), მაგრამ გერმანიის საფეხბურთო ლიგამ ბრაზილიელი არ დასაჯა. არადა, დიეგო ლუკას პოდოლსკის ბიძაშვილი ნამდვილად ვერ იქნება...

საით, მაინც?
ევროპის ლიგაზე მოასპარეზე ბუნდესლიგელები კი ხვალ ითამაშებენ. უდიდეს ინტერესს იწვევს გალიდერებული „დორტმუნდისა“ და „ჰოფენჰაიმის“ მატჩი - განსაკუთრებით იმიტომ, რომ „ჰოფემ“ წინა ტურში, „გლადბახთან“ ისევ ისეთი გრანდიოზული ფეხბურთი ითამაშა, როგორსაც 2008 წელს, ელიტაში აღზევების პირველ სეზონში თამაშობდა. „ჰოფეს“ თავკაც რალფ რანგნიკს კარგ ფორმაში ჰყავს ფლანგის ფორვარდები მლაპა და ბა, რომლებიც ხვალ „ბორუსიასთვის“ პრობლემების შექმნას შეეცდებიან. დორტმუნდმა ევროპის ლიგაზე პსჟ-ს ვერ მოუგო (1:1), მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ბუნდესლიგისთვის ძალები დაზოგა, რადგან BVB-მ საუკეთესო შემადგენლობით ითამაშა და ფრანგულ კლუბთან მატჩში დიდი ძალები დახარჯა.
„ლევერკუზენი“ „მაინცს“ მასპინძლობს და ეს „მაინცისთვის“ პირველი მატჩია სენსაციური სტარტისა და პირველი წაგების შემდეგ. მიუხედავად „ჰამბურგთან“ განცდილი მარცხისა, თომას ტუხელის შეგირდები დეპრესიაში არ ჩავარდნენ, მაგრამ საქმეს მაინც სხვანაირად, ოდნავ ფრთხილად მიუდგებიან. ტუხელი შეგირდებს პირველ რიგში ტაქტიკურ დისციპლინას სთხოვს.
მძიმე მდგომარეობაში მყოფ „შტუტგარტს“ „ზანკტ პაულისთან“ მოუწევს საქმის დაჭერა. „პაული“ კი ის გუნდია, რომელმაც ამ სეზონში უკვე სამი გასვლითი თამაშის მოგება შეძლო.

დღეს
აინტრახტი-შალკე 17:30
ბორუსია (მ)-ვერდერი 17:30
ფრაიბურგი-კაიზერსლაუტერნი 17:30
ჰანოვერი-კიოლნი 17:30
ნიურნბერგი-ვოლფსბურგი 17:30

ხვალ
ბორუსია (დ)-ჰოფენჰაიმი 17:30
ლევერკუზენი-მაინცი 19:30
შტუტგარტი-ზტ. პაული 19:30

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 8 7 0 1 20-6 21
2. მაინცი 8 7 0 1 18-8 21
3. ლევერკუზენი 8 4 3 1 18-14 15
4. ჰოფენჰაიმი 8 4 2 2 16-12 14
5. ჰამბურგი 8 4 2 2 13-11 14
6. ზტ. პაული 8 4 1 3 11-10 13
7. ჰანოვერი 8 4 1 3 11-11 13
8. აინტრახტი 8 4 0 4 14-9 12
9. ფრაიბურგი 8 4 0 4 12-13 12
10. ბაიერნი 8 3 2 3 8-8 11
11. ვერდერი 8 3 2 3 13-17 11
12. ვოლფსბურგი 8 3 1 4 14-14 10
13. ნიურნბერგი 8 2 3 3 9-11 9
14. კაიზერსლაუტერნი 8 2 1 5 9-16 7
15. ბორუსია (მ) 8 1 3 4 13-23 6
16. შალკე 8 1 2 5 10-16 5
17. კიოლნი 8 1 2 5 8-15 5
18. შტუტგარტი 8 1 1 6 14-17 4

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული