- ამ რეკორდის მეშვეობით ფეხბურთის ისტორიაში უკვდავი გახდით?
- როგორც იქნა, გოლების გატანა დავიწყე და ცხადია, ბედნიერი ვარ იმით, რომ ინძაგის გავასწარი, მაგრამ ჩემს რეკორდზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ „შალკემ“ მოიგო და მერვედფინალში გასვლის შანსი გაიუმჯობესა. თანაც, მართლა ძალიან კარგად
- როგორ ფიქრობთ, ვის შეუძლია თქვენი რეკორდის გაუმჯობესება?
- პირველ რიგში ისევ ინძაგის, მაგრამ პიპო უკვე 37 წლისაა და ისე ვერ გააუმჯობესებს, რომ მიღწევის გამეორება შეუძლებელი გახდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან კი საუკეთესო შანსები კრიშტიანო რონალდოს და ლიონელ მესის აქვთ, რომლებიც კიდევ ძალიან დიდხანს ითამაშებენ უმაღლეს დონეზე. ვფიქრობ, რომ რონალდო ან მესი ერთხელაც ჩემს რეკორდს დაამხობენ.
- „შალკე“ ჩემპიონთა ლიგაში საკმაოდ კარგად თამაშობს და მერვედფინალისკენ იყურება, გერმანიის ჩემპიონატში კი საქმეები ძალიან ცუდად მიგდით - გუნდი მე-16 ადგილზეა. ხომ არ შიშობთ, რომ „შალკე“ მეორე ბუნდესლიგაში გავარდება?
- არა, ამის ნამდვილად არ მეშინია, რადგან ზუსტად ვიცი, ადრე თუ გვიან, ყველაფერი გამოსწორდება. ვიცოდი, რომ თავიდან ძალიან გაგვიჭირდებოდა, რადგან გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. ნელ-ნელა შევთამაშდით და პროგრესს გავაგრძელებთ. სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ და მას მერე ბევრი რამ გაუმჯობესდა.
- „შალკეს“ ფანებმა გრანდზიოული ტაშით დაგაჯილდოვეს იმის გამოც, რომ ერთ-ერთ მომენტში „ჰაპოელის“ ფეხბურთელს ფეხებში ჩაუვარდით...
- მე მხოლოდ გოლების გატანა როდი მევალება. მე გუნდური მოთამაშე ვარ და არც ართმევაზე თამაში მეზარება ხოლმე. მიხარია, რომ ქომაგები ჩემს მონდომებას ძალიან აფასებენ.
- 33 წლის ასაკის კვალობაზე ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში ჩანხართ...
- ჰო, თავს გაცილებით ახალგაზრდად ვგრძნობ, ჩემი თავი მინიმუმ ხუთი წლით ახალგაზრდა მგონია. ზაფხულში ფელიქს მაგათი ძალიან მაგრად რომ მავარჯიშებდა, მაშინ ვფიქრობდი, რომ მოვკვდებოდი, მაგრამ ახლა ვატყობ, დატვირთვები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის ფაქტი, რომ ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მაგათის დამსახურებაა. მან ხუთი წლით გამაახალგაზრდავა.
- მაგათმა არაერთხელ აღნიშნა, უბედნიერესი მწვრთნელი ვიქნები, თუკი რაული ჩემს ხელში რენესანსს განიცდის და გენიალურ კარიერას ტიტულებს კიდევ შემატებსო. როგორი ურთიერთობა გაქვთ ფელიქსთან?
- ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მწვრთნელთან ვმუშაობ. ჩემს გამო ნურაფერზე ინერვიულებს, მართალია, დასაწყისი არ გამომივიდა ისეთი, როგორსაც პირადად ვნატრობდი და როგორსაც ხალხი ელოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ხომ იცით, რაც ცუდად იწყება, თითქმის ყოველთვის კარგად მთავრდება ხოლმე.
- მაგრამ ფაქტია, რომ გერმანიის ჩემპიონები წელს ვეღარ გახდებით...
- საკმარისია, ზედიზედ რამდენიმე თამაში მოვიგოთ, რაც სავსებით რეალურია, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყება. სეზონი გრძელია, ჯერ მხოლოდ რვა ტურია გასული და დამერწმუნეთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მთავარია, ცხრილის ქვედა ნაწილს თავი დავაღწიოთ და რეალურ მიზნებზე საუბარი მხოლოდ ამის მერე იქნება შესაძლებელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"