მაინც მაინცი?

AutoSharing Option
ბუნდესლიგა 2010/2011-მა უკვე 9 ტური მოილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის 1/4-ზე ოდნავ მეტი უკვე გასულია. აქედან გამომდინარე, უკვე რეალურია საუბარი იმის შესახებ, რომელ კლუბს აქვს საუკეთესო შანსი იმისა, რომ შემოდგომის ჩემპიონი გახდეს, ანუ, მოიგოს პირველი წრე, რაც სეზონის მეორე ნახევარში წარმატებული ასპარეზობის გარკვეული გარანტიაა ხოლმე. 9 ტურის შემდეგ, ამბიციური გუნდებიდან რამდენიმე არ არის საუკეთესო ხუთეულში. მათ შორის, მიუნხენის „ბაიერნიც“ - რეკორდმაისტერი მე-11 პოზიციაზეა.

შემოდგომის ჩემპიონობის საუკეთესო შანსი „მაინცს“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ აქვთ. მართალია, „ჰანოვერის“ და „ჰოფენჰაიმის“ საუკეთესო ხუთეულში ყოფნა,
გარკვეულწილად სენსაციაა, მაგრამ ეს გუნდები პირველივე ტურიდან საუკეთესოებს შორის არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოდგომის ჩემპიონობის კანდიდატებს შორის მათი მოხსენიებაც ლოგიკურია. მოდით, ერთად გავაანალიზოთ საუკეთესო ხუთეულში მყოფი გუნდების სუსტი და ძლიერი მხარეები ამ მომენტისთვის, ასევე, თითოეული მათგანის პერსპექტივები.

1. მაინცი
(24 ქულა, ბურთების შეფარდება: 19-8)
სიტუაცია: 24 ქულა 9 ტურის შემდეგ (8 მოგება, 1 წაგება) - ბუნდესლიგის ისტორიაში ამაზე უკეთესი სტარტი მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნს“ ჰქონდა და ისიც მხოლოდ ერთხელ (1998/1999 წლების სეზონში). ექსპერტების უდიდესი ნაწილი „მაინცს“ ორი კვირის წინ განცდილი მარცხის შემდეგ (0:1 „ჰამბურგთან“), კრიზისის დაწყებას უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ მაინცელებმა გასულ უქმეებზე „ლევერკუზენთან“ ისე ითამაშეს, რომ ყველა მიახვედრეს: „ჰამბურგთან“ წაგება მხოლოდ ფეხის დაცდენა იყო. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „მაინცმა“ მიმდინარე სეზონში სტუმრად ძალიან ძლიერი გუნდების დამარცხება შეძლო, კერძოდ კი ჩემპიონთა ლიგის „ასპირანტების“, „ვოლფსბურგის“ (4:3), „ვერდერის“ (2:0) და „ბაიერნის“ (2:1). ახლა კი, სტუმრად „ლევერკუზენსაც“ მოუგო (1:0). შედეგიც სახეზეა: „მაინცი“ მეოთხე ადგილზე მყოფ „ჰოფენჰაიმს“ უკვე 9 ქულით უსწრებს.

პლუსები: „მაინცის“ ერთ მუშტად შეკრულობა კლუბის სერიოზული მუშაობისა და სატრანსფერო პოლიტიკის დამსახურებაა. გუნდი მართლაც ერთ მუშტადაა შეკრული და ყველა ერთ საქმეს ემსახურება. მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს კი ფაქტობრივად ყველაფერი იდეალურად გამოსდის. მიუხედავად იმისა, რომ ტუხელი მუდმივად როტაციას მიმართავს, გუნდში უკმაყოფილო ფეხბურთელები არ არსებობენ. ტუხელმა ამ ცხრა ტურში ისიც დაამტკიცა, რომ საუკეთესო „ყნოსვა“ აქვს, რადგან მისი შეცვლების 80 პროცენტი ამართლებდა. თუკი „მაინცის“ რომელიმე ფეხბურთელს პაუზა ესაჭიროება, მისი შემცვლელი მინიმუმ ისევე კარგად თამაშობს ხოლმე, როგორც ფეხბურთელი, რომელიც დაასვენეს. ამ ყველაფერთან ერთად, „მაინცს“ საგოლე მომენტების გამოყენების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს და თანაც, ტუხელის ბიჭები ფიზიკურად იმდენად კარგ ფორმაში არიან, რომ ცხრა თამაშში, მეორე ტაიმებში 15 გოლის გატანა შეძლეს და მხოლოდ ორი გაუშვეს. კიდევ ერთი საინტერესო, მნიშვნელოვანი სტატისტიკა: საკმარისია, „მაინცმა“ ანგარიში გახსნას, რომ ის მატჩი ამ გუნდის სასარგებლოდ მთავრდება.

რამ შეიძლება შეაჩეროს „მაინცი“? ტუხელს საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი ჰყავს და შეიძლება ითქვას, რომ „მაინცი“ ახლა ეიფორიაშია. სამაგიეროდ, გუნდს არ აქვს ჩემპიონობისთვის
ბრძოლის გამოცდილება, რაც ხშირად გადამწვეტია ხოლმე (გაიხსენეთ ორი წლის წინანდელი „ჰოფენჰაიმი“). ტუხელის გუნდს ჩავარდნა ყველა ლოგიკის მიხედვით ექნება და საინტერესოა, როგორ გადაიტანს „მაინცი“ ზედიზედ რამდენიმე წარუმატებლობას. მოკლედ, სანამ „მაინცი“ თამაშებს იგებს, გუნდში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება, ტუხელის გუნდმა, მაგალითად, ზედიზედ სამი თამაში რომ ვერ მოიგოს.

2. ბორუსია (დ)
(22 ქულა, ბურთების შეფარდება:L21-7)
სიტუაცია: მართალია, „ჰოფენჰაიმთან“ დაფიქსირებული ფრე დორტმუნდის „ბორუსიასთვის“ შვიდმატჩიანი მოგებათა სერიის შეწყვეტას და ლიდერობის დაკარგვას ნიშნავდა, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდი ამ მატჩის შემდეგ თავს მორალურ გამარჯვებულად გრძნობდა, რადგან „შავ-ყვითლებმა“ ქულა ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით გადაარჩინეს. შედეგად: „ბორუსიას“ შეუძლია, თასისთვის (დღეს „ოფენბახს“ ეთამაშება) და მომდევნო ტურში დაგეგმილი სუპერ-მატჩისთვის (მაინცთან) მშვიდად და კარგად მოემზადოს. შარშან და შარშანწინ დორტმუნდული კლუბისგან ხშირ ფრეებს ან უიღბლო მარცხებს ვიყავით შეჩვეულები, წელს კი, „ბორუსიას“ უმართლებს კიდეც.

პლუსები: მართალია, „ბორუსიას“ ბუნდესლიგაში ჯერ კიდევ ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, მაგრამ კლოპის სამწყსო შარშანდელთან შედარებით, უფრო გამოცდილია და თანაც, თამაშების მოგებას უკვე კლასის ხარჯზე ახერხებს. აღსანიშნავია ისიც, რომ BVB-მ 21-დან 4 გოლი ბოლო 15 წუთში გაიტანა. ბუნდესლიგაში სხვა არცერთი კლუბის ფეხბურთელები არ ურტყამენ მეტოქის კარში ისე ზუსტად, როგორც დორტმუნდელები და ყველაზე ცოტა გოლიც (7) „ბორუსიას“ აქვს გაშვებული. „შავ-ყვითლები“ ყველაზე უკეთ ნახევარდაცვაში არიან დაკომპლექტებულები, სადაც კლოპს ძალიან დიდი და კარგი არჩევანი აქვს.

რამ შეიძლება შეაჩეროს „ბორუსია“? ის ფაქტი, რომ დორტმუნდელებმა „ჰოფენჰაიმთან“ წაიფორხილეს, მიმომხილველთა უდიდესმა ნაწილმა ევროპის ლიგას დააბრალა, ანუ, იმას, რომ სამი დღით ადრე დორტმუნდი პსჟ-ს ეთამაშა (ასევე ფრე). გუნდს უკვე ევროპის ლიგაში მონაწილეობის გამო გადაღლა დაეტყო. ამასთან, შარშან და შარშანწინ „ბორუსია“ წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებმა გატანჯა, წელს კი, კლოპს ჯერ სასტარტო შემადგენლობის არცერთი ფეხბურთელი არ დაშავებია - თუ არ ჩავთვლით კაპიტან სებასტიან კელს, რომელიც ისედაც სულ ტრავმირებულია და ორი წელია, გადაბმულად ოთხ მატჩზე მეტი არ ჩაუტარებია.

3. ჰანოვერი
(16 ქულა, ბურთების შეფარდება: 13-12)
სიტუაცია: გერმანიის თასის მეორე ეტაპზე „ჰანოვერს“ ვერსად აღმოაჩენთ - „წითლები“ თასს, ყველასათვის მოულოდნელად, პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ. ვერ ვიტყვით, რომ ამით ბუნდესლიგაში ხელფეხი გაეხსნათ, რადგან „ჰანოვერი“ არ არის ის გუნდი, რომელმაც ჩემპიონობისთვის კი არა, თუნდაც საუკეთესო ხუთეულში მოსახვედრად უნდა იბრძოლოს. გაგახსენებთ, რომ „ჭ“ კლასის „ელვერსბერგთან“ იმ ავადგასახსენებელი წაგების შემდეგ, „ჰანოვერის“ თავკაცი მირკო სლომკა ფაქტობრივად „ჩემოდნებზე იჯდა“, მაგრამ გუნდმა სეზონი იმდენად კარგად დაიწყო, რომ აგერ, 9 ტურის შემდეგ, მესამე ადგილზეა და თანაც, სავსებით დამსახურებულად. ეს კი უფრო დროებითი წარმატებაა. რაკი ჰანოვერელები გასავარდნ ზონაში, ან მის სიახლოვეს არ არიან, თავისუფლად თამაშობენ და ისიც ფაქტია, რომ იმ გუნდებიდან, რომლებსაც ბუნდელსიგის ისტორიაში, 9 ტურის შემდეგ 16 ქულა ჰქონიათ, მეორე ბუნდესლიგაში არავინ გავარდნილა. თავისუფლად თამაშმა კი „ჰანოვერს“, შესაძლოა, ცხრილის ზედა ნაწილში ძალიან დიდხანს გააძლებინოს.

პლუსები: „ჰანოვერის“ ფეხბურთელების მთავარი პლუსი ის არის, რომ სირბილი არცერთ ფეხბურთელს არ ეზარება. ამასთან, სლომკას ია კონანისა და აბდელაუს სახით ორი ისეთი თავდამსხმელი ჰყავს, რომლებსაც ბომბარდირული ნიჭი აქვთ. ნიშანდობლივია, რომ როცა „ჰანოვერი“ ანგარიშს ხსნის, დაცვით ტაქტიკაზე გადადის ხოლმე და კონტრშეტევებზე იწყებს თამაშს, რაც „წითლებს“ ამ სეზონში ძალიან კარგად გამოსდით.

რამ შეიძლება შეაჩეროს „ჰანოვერი“? ყველაფერი კარგია, მაგრამ „ჰანოვერი“ მაინც უკლასო გუნდია, რაც ადრე თუ გვიან, თავის შედეგს მაინც გამოიღებს. „წითლებმა“ წარმატებებს თავდაუჯერებელ გუნდებთან, „შალკესთან“, „ვერდერთან“, „კაიზერსლაუტერნთან“ და „კიოლნთან“ მიაღწიეს. ამ გუნდებთან მატჩებში „ჰანოვერმა“ თავისუფლად ითამაშა მეორე ნომრად, კონტრშეტევებზე, მაგრამ საკმარისია, გუნდს შეტევაზე გადასვლა მოუხდეს, რომ წარმატებაზე საუბარი გართულდება. ამის საუკეთესო მაგალითი „ზანკტ პაულისთან“ მატჩია, რომელის სლომკას გუნდმა 0:1 წააგო.

4. ჰოფენჰაიმი
(15 ქულა, ბურთების შეფარდება: 17-13)
სიტუაცია: ერთწლიანი პაუზის შემდეგ, „ჰოფენჰაიმი“ ისევ ისე ათამაშდა, როგორც სადებიუტო სეზონში და რომ არა „ბაიერნთან“ და დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ბოლო წუთებზე გაშვებული გოლები, რალფ რანგნიკის გუნდი დღეს მინიმუმ მესამე ადგილზე, ლიდერებთან ძალიან ახლოს იქნებოდა. „სოფლელებს“ ძველებურად საქმეები განსაკუთრებით საშინაო მატჩებში მისდით: 10 გატანილი გოლი 4 საშინაო შეხვედრაში.

პლუსები: აი, თურმე რატომ გაყიდა რანგნიკმა კარლოს ედუარდო (ყაზანის „რუბინში“, 20 მილიონად) - მას მერე, რაც „ჰოფე“ ზედმეტად ამბიციურმა ბრაზილიელმა დატოვა, გუნდი ისევ ერთ მუშტადაა შეკრული. ამ უქმეებზე „ჰოფენჰაიმმა“ ისიც დაამტკიცა, რომ დაცვითი ფეხბურთის თამაშიც ძალიან კარგად ეხერხება - რანგნიკის ბიჭები თავს 93 წუთის განმავლობაში ძალიან კარგად იცავდნენ და გოლი მხოლოდ სტანდარტული მდგომარეობიდან გაუშვეს. განსაკუთრებით კარგად ლუის გუსტავო და მეკარე ტომ შტარკე გამოიყურებიან.

რამ შეიძლება შეაჩეროს ჰოფენჰაიმი? ისევ და ისევ გამოუცდელობამ, რადგან სწორედ ამ ფაქტორმა დააკარგვინა „ჰოფეს“ ქულები როგორც „ბაიერნთან“, ისე „დორტმუნდთანაც“.

5. ლევერკუზენი
(15 ქულა, ბურთების შეფარდება: 18-15)
სიტუაცია: გასული სეზონის ტოპ-ოთხეულიდან „ლევერკუზენმა“ ყველაზე უკეთესი სტარტი აიღო და მთავარ კონკურენტებს, „ბაიერნს“ (3 ქულით), „ვოლფსბურგს“ (5), „შტუტგარტსა“ (8) და „შალკეს“ (9) უსწრებს. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ბაიერმა“ ამ სეზონში უკვე ორი საშინაო მატჩი წააგო და სხვათა შორის, ორივე ევროპის ლიგის მატჩების შემდეგ. გარდა ამისა, იუპ ჰაინკესის გუნდი ტრავმებმაც შეაწუხა - „დონ იუპს“ დღესდღეობით ლაზარეთში 5 წამყვანი მოთამაშე ჰყავს: მიხაელ ბალაკი, სამი ჰიიპია, შტეფან კისლინგი, რენატო აუგუსტო და გონსალო კასტრო.

პლუსები: ჰაინკესი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია, რომელიც გუნდს ხშირად უცვლის ტაქტიკას. ამასთან, გუნდს მარტო სტანდარტულებიდან რვა გოლი აქვს გატანილი, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია - და ეს მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერს“ მეორე სართულზე იდეალურად მოთამაშე ფეხბურთელები (ბალაკი, კისლინგი, ჰიიპია) და ჩამწოდებლები (რენატო, კასტრო) ტრავმირებული ჰყავს. როცა დაშავებულები დაბრუნდებიან, ჰაინკესი მიიღებს გუნდს, რომელსაც ნებისმიერის დამარცხება შეეძლება და სწორედ ამიტომ, მიმომხილველთა უმრავლესობა „ლევერკუზენს“ წარმატებულ სეზონს უწინასწარმეტყველებს.

რამ შეიძლება შეაჩეროს „ლევერკუზენი“? ფეხბურთელების ტრავმიანობამ და ორმაგმა დატვირთვამ ევროპის ლიგის გამო, სადაც გუნდი საკმაოდ კარგად ასპარეზობს. წლებია, „ბაიერი“ პირველ წრეში ძალიან კარგად ასპარეზობს და სეზონის მეორე ნახევარში „ფლავდება“ ხოლმე. ჰაინკესს იმედი აქვს, რომ წელს ასეთი რამ აღარ განმეორდება. და ერთიც: ჰიიპიას არყოფნაში, „ფარმაცევტებს“ დაცვაში ძალიან უჭირთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული