შვაინიმ ვერდერი გააგდო!

AutoSharing Option

„ბაიერნმა“ „ვერდერს“ მოუგო და მერვედფინალში გავიდა, „შალკემ“ კი მეორე ბუნდესლიგელ „ფრანკფურტთან“ იწვალა. „კიოლნმა“ დროებითი მწვრთნელის, ფრანკ შეფერის ხელმძღვანელობით „მიუნხენ 1860“ გაანადგურა, ქვედალიგელებმა, „კობლენცმა“ და „კოტბუსმა“ კი სენსაციები მოახდინეს. დეტალები გერმანიის თასის მეორე ეტაპის სამშაბათის მატჩების მიმოხილვაში:


ვიქტორია ჰამბურგი-ვოლფსბურგი 1:3
ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): ჰიტცი - პეკარიკი, მადლუნგი, ბარძალი, მ. შეფერი - ჟოსუე (61. კალენბერგი) - რიტერი, სისერო - დიეგო (72. ზიანი) - გრაფიტე (72. ჰასებე), მანჯუკიჩი.
გოლები: 0:1 პეკარიკი (17), 0:2 ჟოსუე (52), 0:3 შეფერი (55), 1:3 რანი (71)
მაყურებელი: 7 230

„ვოლფსბურგმა“ „ჭ“

კლასის „ვიქტორია ჰამბურგთან“ უდიდესი მონდომებით არ ითამაშა, მაგრამ როგორც ითამაშა, ისიც ეყო იმისათვის, რომ მატჩი დამაჯერებლად მოეგო და გერმანიის თასის მერვედფინალში გასულიყო. აი, მასპინძლები კი მართლაც თავგამოდებით, ძალიან მტკიცედ იბრძოდნენ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ ეყოთ. ანგარიში „მგლების“ მარჯვენა მცველმა, პეტერ პეკარიკმა მე-17 წუთზე გახსნა და „ვიქტორია“ ამ გოლის შემდეგაც გამეტებით იცავდა თავს. არც „ვოლფსბურგი“ მოეშვა - სტივ მაკლარენის შეგირდებმა ობერლიგელი მეტოქე მეორე ტაიმშიც წნეხის ქვეს ამყოფეს. მატჩის ბედი საბოლოოდ სამ წუთში, ჟოსუესა და მარსელ შეფერის გოლებით გადაწყდა. ჰამბურგელები კი იმითაც კმაყოფილები დარჩნენ, რომ გერმანიის ექს-ჩემპიონს ერთი გოლი გაუტანეს.

კობლენცი-ჰერტა 2:1
ჰერტა (4-1-4-1): სეინა - ლელი, ჰუბნიკი, სებასტიან ნოიმანი, კობიაშვილი - ნიმაიერი - შულცი (69. რონი), დომოვჩიისკი (74. ლასოგა), რაფაელი, რამოსი - ფრენდი.
გაძევება: რაფაელი (80. ჰერტა)
გოლები: 1:0 შტალი (60), 2:0 შტეეგმანი (71-პენ), 2:1 რამოსი (88)
მაყურებელი: 7 015

მეორე ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერის, ბერლინის „ჰერტას“ წაგებას ამ მატჩში არავინ ელოდა, რადგან ლევან კობიაშვილის გუნდი (ქართველმა თავიდან ბოლომდე ითამაშა) მესამებუნდესლიგელ „კობლენცს“ ხვდებოდა, მაგრამ მაჩანჩალა გუნდის გამარჯვება ასი პროცენტით დამსახურებულია. აღსანიშნავია, რომ ეს „ჰერტასთვის“ მიმდინარე სეზონში განცდილი პირველი მარცხია. ბერლინელები გერმანიის თასს გამოეთიშნენ და ამიერიდან, ელიტაში დაბრუნებისთვის ბრძოლა სრული კონცენტრაციით შეუძლიათ.

ფიურტი-აუგსბურგი 1:1 (დ.დ. 2:4)
გოლები: 1:0 ონუეგბუ (43), 1:1 თურკი (79), 1:2 რაფაელი (98), 2:2 სარარერი (108), 2:3 რაფაელი (111), 2:4 თურკი (120)

მეორე ბუნდესლიგელების ეს ბრძოლა ნამდვილი კრიმინალური თრილერი გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებით ტაიმებში კი აუგსბურგელებმა უფრო მოინდომეს და საბოლოოდ დამაჯერებელი ანგარიშით, 4:2 გაიმარჯვეს.

კიოლნი-მიუნხენ 1860 3:0
გოლები: 1:0 ლანიგი (58), 2:0 ნოვაკოვიჩი (79), 3:0 პოდოლსკი (83)

კიოლნის „რაინენერგიშტადიონზე“ ამჯერად მხოლოდ 25 000 მაყურებელი შეიკრიბა, რაც ალბათ იმით აიხსნება, რომ „თხები“ ბუნდესლიგაში ძალიან ცუდად გამოიყურებიან და თანაც, ახლა გუნდს დროებითი მწვრთნელი ავარჯიშებს. პირველი ტაიმი უინტერესო და დუნე იყო, მეორე ნახევარში კი, პირდაპირ ვთქვათ, მხოლოდ „კიოლნმა“ მოინდომა და შედეგსაც მიაღწია.

კოტბუსი-ფრაიბურგი 2:1
გოლები: 1:0 კრუსკა (38-პენ), 1:1 სისე (67), 2:1 იულა (81)

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიურპრიზი „კოტბუსმა“ შემოგვთავაზა - მეორებუნდესლიგელმა ელიტელი „ფრაიბურგი“ დაამარცხა (2:1), თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ფრაიბურგელებს შესუსტებული შემადგენლობით მოუხდათ თამაში - ბრაისგაუელთა მთავარ მწვრთნელს რობინ დუტს კოტბუსში მხოლოდ 14 ჯანმრთელი ფეხბურთელი ჩაჰყვა. „ენერგის“ გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია და ის ერთადერთი გოლი, რომელიც „ფრაიბურგის“ მხრიდან პაპის დემბა სისემ 67-ე წუთზე შეაგდო, არაფრისგან გავიდა.

ფრანკფურტი-შალკე 0:1
შალკე (4-1-2-1-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, შმიტცი - ჯონსი (77. მორიტცი) - ფარფანი, რაკიტიჩი - ხურადო (90. ჰაო) - ედუ, ჰუნტელაარი.
გოლი: 0:1 ხურადო (12)
მაყურებელი: 10 826

მატჩის წინ „შალკეს“ მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი ფეხბურთელებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას და ისეთ ფეხბურთს ითხოვდა, როგორის ხილვაც მას სურს, მაგრამ როგორც ჩანს, ფეხბურთელების უმრავლესობამ ფელიქსს არ გაუგონა. მართალია, გელზენკირხენელები სათამაშო უპირატესობას და სადავეებს ფლობდნენ, მაგრამ უპირატესობის გამოყენება კი ვერ ხერხდებოდა. რომ არა ხურადოს ნაადრევი გოლი, დიდი შანსია, „შალკეს“ თამაშის მოგება გასჭირვებოდა. 75-ე და 93-ე წუთებზე „ფრანკფურტის“ ფეხბურთელებს, ვუნდერლიხსა და ბუჰადუზს ასპროცენტიანი საგოლე მომენტები შეექმნათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. ერთი სიტყვით, „შალკეს“ გაუმართლა.


კაიზერსლაუტერნი-არმინია 3:0
გოლები: 1:0 ლაკიჩი (11), 2:0 ლაკიჩი (42), 3:0 ლაკიჩი (48)

კაიზერსლაუტერნის „ფრიც-ვალტერ-შტადიონზე“ კრიზისში მყოფი გუნდების დუელი შედგა - „ლაუტერნი“ პირველ ბუნდესლიგაში წვალობს, „არმინია“ კი მეორე ბუნდესლიგის აუტსაიდერია. გასაოცარიც არაფერი მომხდარა - ელიტელებმა ჩამორჩენილი ბილეფელდელები 3:0 გაანადგურეს.
„არმინია“ პირველიდან ბოლო წუთამდე მხოლოდ თავის დაცვით იყო დაკავებული, „კაიზერსლაუტერნი“ კი თავგანწირვით, ვნებიანად, მაგრამ როგორღაც უკლასოდ უტევდა. ამიტომაც, გოლები სტანდარტული მდგომარეობებიდან გავიდა: სრდიან ლაკიჩმა მე-11 წუთზე ტიფერტის საჯარიმო ჩაწოდებით ისარგებლა და ანგარიში ზუსტი თავური დარტყმით გახსნა, 42-ე წუთზე კი, უკვე კუთხურიდან იხეირა, რომელიც ასევე ტიფერტმა ჩააწოდა - 2:0.
დაიწყო მეორე ტაიმი და ლაკიჩმა მესამედ დალაშქრა „არმინიას“ კარი, რითაც დღის გმირისა და ჰეთ-თრიკის ავტორის სტატუსი მოიპოვა.


ბაიერნი-ვერდერი 2:1
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ტიმოშჩუკი, ბადშტუბერი, პრანიჩი (92. ბრააფჰაიდი) - ოტლი, შვაინშტაიგერი - ჰამით ალთინთოფი, კროოსი (79. ვან ბუიტენი), თ. მიულერი - გომესი (81. ოლიჩი).
ვერდერი (4-2-3-1): მილიტცი - ფრიტცი, მერტეზაკერი, პრიოდლი, სილვესტრი (85. ვაგნერი) - ფრინგსი, ვესლი - ბარგფრედე (78. ჰანტი), პისარო, მარინი (76. უგო ალმეიდა) - არნაუტოვიჩი.
გოლები: 0:1 პისარო (2), 1:1 შვაინშტაიგერი (27), 2:1 შვაინშტაიგერი (74)
გაფრთხილება: 1-3
მაყურებელი: 64 000

მატჩის ნებისმიერი სტატისტიკა „ბაიერნის“ სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ ბავარიელებს ეს თამაში რომ ვერ მოეგოთ, საწუწუნო არაფერი ექნებოდათ, რადგან რეკორდმაისტერმა ზედმეტად პასიურ „ვერდერს“ ძალიან ოდნავ, მხოლოდ ზერელედ აჯობა. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმზე ითქმის, როცა ბრემენული კლუბი მე-2 წუთზე კლაუდიო პისაროს გოლით დაწინაურდა. არ გვიკვირს, რომ „მუსიკოსები“ სწრაფმა გოლმა დაამშვიდა და თანაც იმდენად, რომ წინ გახედვაც კი აღარ უნდოდათ, მაგრამ „ბაიერნსაც“ შეეძლო მეტი აქტიურობა.
მეორე ტაიმში პრიოდლს პრინციპში სამართლიანი გოლი არ ჩაუთვალეს, მარკო არნაუტოვიჩმა კი ჰანს-იორგ ბუტის კარის ძელი შეაზანზარა, რის შემდეგაც ბასტიან შვაინშტაიგერმა გამარჯვების გოლი გაიტანა. „ვერდერმა“ აღარ (ვეღარ) მოუმატა და ასე მოიპოვა „ბაიერნმა“ ლუის ვან გაალის ხელში გერმანიის თასზე ზედიზედ მერვე გამარჯვება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული