სენსაციები: დორტმუნდი და მაინცი გარეთ!

AutoSharing Option
გერმანიის თასის მეორე ეტაპი, ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 1/16 ფინალი ორ დღეზე იყო გადანაწილებული და თუკი სამშაბათმა სერიოზული სენსაციები არ შემოგვთავაზა (გუშინდელ ნომერში ვწერდით), გულმა გვიგრძნო, რომ ოთხშაბათი ძალიან საინტერესო მოულოდნელობების დღე გამოდგებოდა - ისე აგიხდეთ ყველაფერი.

მარტო ის რად ღირს, რომ დორტმუნდის „ბორუსია“ და „ლევერკუზენი“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდნენ - BVB-მ „ოფენბახთან“ წააგო, „ფარმაცევტები“ კი მიონხენგლადბახში დაეცნენ. „შტუტგარტი“ სირცხვილს ძლივს გადაურჩა, შვაბებს მხსნელად მარტინ ჰარნიკი მოევლინათ, რომელმაც „ხემნიტცს“ ჰეთ-თრიკი შეუსრულა (ერთი გოლი ძირითად დროში, ორიც დამატებითში). და რაც ყველაზე
მთავარია, გერმანიის თასს ბუნდესლიგის სენსაციური ლიდერი, „მაინცი“ გამოეთიშა. ამასთან, „აინტრახტმა“ „ჰამბურგი“ გააგდო. მოკლედ, ფავორიტებისს სტატუსი მხოლოდ „ჰოფენჰაიმმა“, „ნიურნბერგმა“ და „დუისბურგმა“ გაამართლეს.

ოფენბახი-ბორუსია (დ) 0:0 (პ.ს. 4:2)
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ნ. შაჰინი, და სილვა (81. ლე ტალეკი) - გიოტცე (91. ფოილნერი), ლევანდოვსკი, კაგავა (67. გროსკროიტცი) - ბარიოსი.
პენალტების სერია: 0:0 ჰაასს ვაიდენფელერმა აუღო, 0:1 ნ. შაჰინი, 1:1 ფელდჰანი, 1:1 ბარიოსს ვულნიკოვსკიმ აუღო, 2:1 კოპილასი, 2:2 ლე ტალეკი, 3:2 რათგებერი, 3:2 ლევანდოვსკის ვულნიკოვსკიმ აუღო, 4:2 მეჰიჩი.
მაყურებელი: 25 000

დორტმუნდელთა დამრიგებელი იურგენ კლოპი ელოდა, რომ „ოფენბახი“, რომლის მენეჯერი ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, 90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი, „ბორუსიას“ ყოფილი ათიანი ანდრეას მიოლერია, დაცვაში ჩაჯდებოდა და მოლოდინი გამართლდა კიდეც. მესამე ბუნდესლიგის ლიდერი პირველი ლიგის მეორეადგილოსანს დაცვაში ჩაუჯდა, მაგრამ კონტრშეტევებზე მწარედ კბენდა და დორტმუნდელები მეკარე რომან ვაიდენფელერს უნდა უმადლოდენ, „ოფენბახი“ 25-ე წუთზე, სწორედ ერთ-ერთი კონტრშეტევის შემდეგ რომ არ დაწინაურდა.

„ბორუსია“ საერთო ჯამში 120 წუთის განმავლობაში ცდილობდა ოფენბახელთა დაცვის გარღვევას და არაერთი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ შესანიშნავად თამაშობდა მესამებუნდესლიგელის მეკარე რობერტ ვულნიკოვსკი, რომელიც დორტმუნდელთა დარტყმებს იდეალური ნახტომებით იგერიებდა. „შავ-ყვითლები“ გვიდან მიხვდნენ, რომ „ოფენბახის“ დაცვას ცენტრიდან ვერ გაარღვევდნენ და აქცენტი ფლანგურ იერიშებზე იმ დროს გააკეთეს, როცა პენალტების სერიამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი. თერთმეტმეტრიანებში კი ვულნიკოვსკიმ ორი უდიდესი გმირობა ჩიადინა, ლევანდოვსკისა და ბარიოსის დარტყმები მოიგერია, „ოფენბახი“ მერვედფინალში გაიყვანა, დორტმუნდელები კი გერმანიის თასს მიღმა დატოვა.


ელვერსბერგი-ნიურნბერგი 0:3
გოლები: 0:1 შიბერი (43), 0:2 პინოლა (50-პენ), 0:3 სიმონსი (74)

„ელვერსბერგს“ თასის პირველ ეტაპზე ბუნდესლიგელი „ჰანოვერი“ ჰყავდა დამარცხებული და სწორედ ამიტომ, ნიურნბერგელები ერთი შეხედვით „ჭ“ კლასის გუნდთან მატჩს უდიდესი სერიოზულობით მოეკიდნენ, რამაც შედეგი გამოიღო: „ფრანკებმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს - 0:3.


ხემნიტცი-შტუტგარტი 1:1 (დ.დ. 1:3)
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - ჩელოცი, ნიდერმაიერი (46. ბიჩაკჩიჩი), ტასკი, მოლინარო - კუჟმანოვიჩი (76. ჰარნიკი), ტრეში - კამორანეზი (62. ბოკა), გებჰარდტი - პოგრებნიაკი, მარიკა.
72-ე წუთზე მარიკამ (შტუტგარტი) ვერ გაიტანა პენალტი (ძელი)
გაძევება: რიხტერი (95. ხემნიტცი)
გოლები: 1:0 ფიორსტერი (73), 1:1 ჰარნიკი (79), 1:2 ჰარნიკი (106), 1:3 ჰარნიკი (118)
მაყურებელი: 17 145

მას მერე, რაც კრისტიან გროსი „შტუტგარტის“ მწვრთნელი აღარ არის და შვაბურ კლუბს დროებით იენს კელერი წვრთნის, VFB აშკარად გამოსწორდა. მართალია, შტუტგარტელებისთვის არცთუ სახარბიელოა ის ფაქტი, რომ „ხემნიტცთან“ მატჩის მოსაგებად 120 წუთი დასჭირდათ, მაგრამ მთავარი შედეგია. მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა, როცა ხემნიტცელებმა ანგარიში გახსნეს. ზუსტად ერთ წუთში შტუტგარტის რუმინელმა თავდამსხმელმა ჩიპრიან მარიკამ პენალტი ვერ გაიტანა და ის ის იყო, ხალხმა იფიქრა, კიდევ ერთი სენსაცია ცხვებოდა, რომ შეცვლაზე შესულმა მარტინ ჰარნიკმა ანგარიში გაათანაბრა. დამატებულ ტაიმებში კი მან კიდევ ორი გოლი გაიტანა შვაბები მერვედფინალში, ფაქტობრივად, მარტომ გაიყვანა.


ბორუსია (მ)-ლევერკუზენი 1:1 (პ.ს. 5:4)
ბორუსია მ. (4-2-3-1): ჰაიმეროთი - ლეველსი, ანდერსონი, დემსი, შახტენი - ბრედლი, მარქსი - იდრისუ, როისი, არანგო - ბობადილია (71. დე კამარგო).
ლევერკუზენი (4-2-2-2): ადლერი - შვააბი, მ. ფრიდრიხი, რაინარტცი, კადლეცი - ლ. ბენდერი (100. როლფესი), ვიდალი - ბარნეტა (103. სემი), ბალიტში (100. იორგენსენი) - დერდიოკი, ჰელმესი.
63-ე წუთზე ჰელმესმა ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)
გოლები: 0:1 დერდიოკი (107), 1:1 იდრისუ (109)
პენალტების სერია: 0:1 ვიდალი, 1:1 მარქსი, 1:2 როლფესი, 2:2 დე კამარგო, 2:2 ჰელმესს ჰაიმეროთმა აუღო, 3:2 იდრისუ, 3:3 დერდიოკი, 4:3 ბრედლი, 4:4 კადლეცი, 5:4 დემსი.
მაყურებელი: 34 570

მატჩის წინ ყველა იმ 6:3-ზე ლაპარაკობდა, რაც ამ ორ გუნდს შორის ბუნდესლიგაში მეორე ტურში დაფიქსირდა - „გლადბახმა“ „ლევერკუზენს“ ასეთი ანგარიშით „ბაი არენაზე“ მოუგო. ეს კი მიონხენგლადბახელთა ერთადერთი გამარჯვება გახლდათ ამ სეზონში, რომელსაც თასზე მეორე მოაყოლეს და ისევ „ლევერკუზენთან“, ოღონდ, ამჯერად პენალტების სერიაში. ზუსტად ისე, როგორც ბუნდესლიგის იმ უხვგოლიან მატჩში, „გლადბახი“ ამჯერადაც მაგრად უტევდა მეტოქეს და რომ არა „ლევერკუზენის“ კიპერ რენე ადლერის ბრწყინვალე თამაში, შეხვედრის დაწყებიდან 10 წუთში ანგარიში უკვე 3:0 იქნებოდა.

მიუხედავად სწრაფი და ენერგიული თამაშისა, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებითში კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს (დერდიოკი), მაგრამ მომო იდრისუმ წონასწორობა მალევე აღადგინა.

მატჩის ანტიგმირი კი უდავოდ პატრიკ ჰელმესია. „ლევერკუზენის“ თავდამსხმელმა ჯერ თამაშის დროს ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი (63-ე წუთზე), მერე კი, პენალტების სერიაში, ათი დამრტყმელიდან ერთადერთი უიღბლო იყო, ვინც ვერ იხეირა. შედეგად, „ლევერკუზენის“ ფანებმა ამ წაგების გამო მხოლოდ მას უნდა უსაყვედურონ. უსტვინეს კიდეც, თანაც ძალიან მაგრად...


ჰალე-დუისბურგი 0:3
გოლები: 0:1 მაიერჰოფერი (7), 0:2 მაიერჰოფერი (33), 0:3 გრლიჩი (90)

მართალია, მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელმა „დუისბურგმა“ ფავორიტის სტატუსი გაამართლა და მეოთხელიგელ „ჰალეს“ 3:0 მოუგო, მაგრამ მასპინძლებს ცუდად ნამდვილად არ უთამაშიათ, ერთობ ვაჟკაცურად იბრძოლეს.


აინტრახტი-ჰამბურგი 5:2
აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი - ს. იუნგი, ფრანცი (88. ვასოსკი), რუსი, ცაველასი - შვეგლერი (90. კიტელი), კიოლერი - ოხსი, ა. მაიერი (10. კაიო), ჰალილ ალთინთოფი - გეკასი.
ჰამბურგი (4-1-2-1-2): დრობნი - დემელი, ვესტერმანი, მატიისენი, იანსენი (62. სონი) - რინკონი - პიტროიპა (79. ჩუპო-მოტინგი), ზე რობერტო - ტროხოვსკი - გერერო, პეტრიჩი.
გოლები: 1:0 კაიო (13), 2:0 გეკასი (21), 2:1 პეტრიჩი (23), 3:1 გეკასი (45), 4:1 პეტრიჩი (65-საკ. კარში), 4:2 პეტრიჩი (66), 5:2 ჰალილ ალთინთოფი (87-პენ)
მაყურებელი: 39 400

სწრაფი ტემპი, დაუდობელი ბრძოლა და გოლების წვიმა - ფრანკფურტში ვნებიანი მატჩი შედგა. საინტერესო ისაა, რომ „ჰამბურგის“ თავდამსხმელმა მლადენ პეტრიჩმა „არასწორი“ ჰეთ-თრიკი შეასრულა: ორი გოლი მეტოქეს გაუტანა, ერთი კი თავის მეკარეს, იაროსლავ დრობნის. „აინტრახტის“ გამარჯვება, საბოლოო ჯამში, ასი პროცენტით დამსახურებულია, „ჰამბურგი“ კი გერმანიის თასს ნაადრევად გამოეთიშა.


ჰოფენჰაიმი-ინგოლშტადტი 1:0
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, რუდი, კომპერი, აიხნერი - ლუის გუსტავო, სალიჰოვიჩი - მლაპა (75. ვაისი), სიგურდსონი (91. იაისლე), ობასი (46. ბა) - იბიშევიჩი.
გოლი: 1:0 ბა (63)
გაძევება: იბიშევიჩი (39. ჰოფენჰაიმი)
მაყურებელი: 10 500

ვაჟკაცურად მებრძოლ ინგოლშტადტელებს სენსაციამდე ძალიან ცოტა დააკლდათ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მსაჯს „ჰოფენჰაიმისთვის“ ფორვარდი ვედად იბიშევიჩი პირველივე ტაიმში რომ არ გაეძევებინა, „სოფლელები“, სავარაუდოდ, სულ სხვანაირად, ჩვეულ სტილში ითამაშებდნენ და არ ვიცით, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ „ინგოლშტადტს“ დიდი ანგარიშით მოუგებდნენ, კაცნაკლულებმა კი, ერთი რომ გაუტანეს (ბა), მერე დიდად აღარ უწვალიათ.


ალემანია-მაინცი 2:1
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - ბუნგერტი, სვენსონი, ნოვესკი, ფათი - კარჰანი (63. ფუხსი), სოტო - ჰოლტბი (46. რისსე), ივანშიტცი, შიურლე - ალაგუი (63. შალაი).
გოლები: 1:0 აუერი (26), 2:0 ჰიოგერი (60), 2:1 შალაი (68)
გაძევება: ტუხელი (90. მაინცის მწვრთნელი)
მაყურებელი: 25 657

გუნდი, რომელიც ბუნდესლიგაში ქვას ქვაზე არ ტოვებს და ბრწყინვალე თამაშით ყველას აოცებს, აახენის „ალემანიასთან“ დამარცხდა - ესეც გერმანიის თასის მეორე რაუნდის მთავარი სენსაცია. მაინცელებისთვის უდიდესი სიურპრიზი იყო ის, რომ „ალემანიამ“ თომას ტუხელის გუნდს პირველივე წუთებიდან მედგრად შეუტია - აახენელები უმძაფრეს პრესინგს მიმართავდნენ. და როცა „მაინცმა“ თავისი თამაში იპოვნა, სწორედ მაშინ გახსნა ანგარიში ბენიამინ აუერმა.

აახენელთა გოლი მაინცელთათვის შოკისმომგვრელი გამოდგა, მასპინძლებმა კი შეტევები განაგრძეს. მოკლედ, „ალემანიამ“ პირველი ტაიმი აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგო - მიუხედავად იმისა, რომ „მაინცის“ ფორვარდ სამი ალაგუის გოლი უსამართლოდ არ ჩაუთვალეს, რაც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მაინცელთა თავკაცი ტუხელი განრისხდა და გაბრაზება იმდენად ემოციურად გამოხატა, რომ მატჩის მიწურულს ტრიბუნებზე უკრეს თავი. ზოგადად კი მეორე ტაიმიც პირველის სცენარით წარიმართა და „ალემანიას“ გამარჯვება დამსახურებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული