ბუნდესლიგა: ცეცხლი ბრუხვეგზე!

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-10 ტურში სამი განსაკუთრებული შეხვედრა შედგება, რომელთაგან ერთი აბსოლუტური სუპერ-მატჩია: პირველადგილოსანი მეორეადგილოსანს მასპინძლობს - ანუ, „მაინცი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ წინააღმდეგ! ამასთან, მეოთხე ადგილზე მყოფი „ჰოფენჰაიმი“, მესამეადგილოსან „ჰანოვერს“ დაუპირისპირდება. საკმაოდ საინტერესოა კრიზისში მყოფი გუნდების, „კაიზერსლაუტერნისა“ და მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ დუელიც.


კრიზისული დუელი ბეტცენბერგზე

ცენტრალური მატჩი ხვალ უნდა გაიმართოს და პოტენციურად არცისე დრამატული ტურის დესერტი იქნება, მანამდე კი, ანუ დღეს, ყველაზე დიდ ინტერესს შავ დღეში მყოფი „კაიზერსლაუტერნისა“ და არანაკლებ დამძიმებული „გლადბახის“ კრიზისული დუელი იწვევს. ამ გუნდების ბოლო შედეგები პირ
დაპირ მიუთითებენ იმაზე, რომ „ლაუტერნიცა“ და „გლადბახიც“ მეორე ბუნდესლიგაში უნდა გავარდნენ. „წითელმა ეშმაკებმა“ ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი საცოდავი ქულა მოიპოვეს (ბურთსების შეფარდებით 5:17), ხოლო მიონხენგლადბახელებმა კი, ასევე ბოლო შვიდ მატჩში ოდნავ უკეთესი შედეგი აჩვენეს - ორი ქულა (ბურთების შეფარდებით 7:23). თუმცა, ამ ტრაგედიების ფონზე, გერმანიის თასის მეორე რაუნდი ორივე გუნდმა დაძლია: „კაიზერსლაუტერნმა“ „არმინია“ გააგდო (3:0), „გლადბახმა“ კი სულაც ლევერკუზენი (5:4 პენალტების სერიაში).


შეფერის პირველი გამოცდა
საქმე ცუდად აქვს „გლადბახის“ მოსისხლე მტერ „კიოლნსაც“. მართალია, გერმანიის თასზე „თხებმაც“ მოიგეს (3:0 მეორებუნდესლიგელ „მიუნხენ 1860-თან“), მაგრამ კიოლნში ვითარება უცვლელი, ანუ, ფეთქებადია. მწვრთნელ ზვონიმირ სოლდოს გაგდების შემდეგ, ფანები მენეჯერ მიხაელ მაიერის გათავისუფლებასაც ითხოვენ, პრეზიდენტი ვოლფგანგ ოვერატი კი ამ უკანასკნელს პოსტზე ტოვებს. ამასობაში, „კიოლნის“ „ვაიპრინცმა“ ლუკას პოდოლსკიმ დორტმუნდელი ნური შაჰინის შემდეგ, გერმანიის თასზე „მიუნხენ 1860-ის“ გულშემატკივრების პროვოცირებაც სცადა. პოლდის ამჯერად საშინელი არაფერი ჩაუდენია, მაგრამ რაც დრო გადის, ფანებს 25 წლის თავდამსხმელი, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 83 მატჩი აქვს ჩატარებული, უფრო და უფრო აღარ ესიმპატიურებათ.

სამაგიეროდ, ფანებმა ტაში დაუკრეს გუნდის დროებით მწვრთნელ ფრანკ შეფერს, რომელსაც ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ძალიან უხარია. „კიოლნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუს ტოპმიოლერიც განიხილება, მაგრამ ფანებს საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ჭირისდღესავით სძულთ. მიზეზი ისაა, რომ ტოპმიოლერი „ლევერკუზენის“ მწვრთნელი იყო, ეს გუნდი კი კიოლნელი ფანებისთვის ყველაზე საძულველია. შესაბამისად, ქომაგები შეფერის დატოვებას, მისთვის სერიოზული შანსის მიცემაც ითხოვენ. მოკლედ, აი, ასეთ გაწამაწიაში მყოფი „კიოლნი“ დღეს „ჰამბურგს“ მასპინძლობს - გუნდს, რომელმაც არა მარტო „მაინცი“ დაამარცხა, არამედ „ბაიერნსაც“ წაართვა ქულა. სამაგიეროდ, ჰამბურგელები თასზე „აიჭრნენ“ და „აინტრახტთან“ 2:5 განადგურდნენ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ შეხვედრას HშV-ს თავკაცი არმინ ფეე ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო.


გაასწრებს შტუტგარტი ვოლფსბურგს?

ისე, ბუნდესლიგაში დროებითი მწვრთნელები ამჯერად იმედებს ამართლებენ. „კიოლნის“ დარად, მთავარი მწვრთნელი შტუტგარტშიც გაათავისუფლეს და იქ კრისტიან გროსის ნაცვლად, ასევე დროებით, იენს კელერი დაინიშნა და მას მერე შვაბებს აღარ წაუგიათ. ამ კაცის ხელში „შტუტგარტმა“ ბუნდესლიგაში „შალკესთან“ 2:2 ითამაშა, „ზანკტ პაულის“ 2:0 მოუგო, ევროპის ლიგაზე ესპანური „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხა, გერმანიის თასზე კი, „ჭ“ კლასის „ხემნიტცთან“ ოდნავ გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოიგო (3:1 დამატებით დროში).
დღეს შვაბები ვოლფსბურგში ჩადიან და ასევე არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ექს-ჩემპიონს ხვდებიან. „მგლებმა“ წინა ტურში „ნიურნბერგთან“ წააგეს, რის შემდეგაც, „ვოლფების“ ინგლისელმა მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა განგაშის ზარებს შემოჰკრა და მცველები ლანძღა. თასზე „ვოლფსბურგმა“ დამაჯერებლად კი იასპარეზა და 3:1 მოიგო, მაგრამ ეს მიღწევა „მგლებს“ წარმატებად ვერ ჩაეთვლებათ, რადგან მეტოქედ მეხუთე (!) ლიგის წარმომადგენელი, ჰამბურგის „ვიქტორია“ ჰყავდათ - გუნდი, რომელსაც „ზანკტ პაულის“ სტადიონზეც კი სამადლოდ ათამაშებენ.


მუსიკოსების აიწონა-დაიწონა
ბრემენის „ვერდერის“ მთავარი პრობლემა ამ სეზონში არასტაბილურობაა. მოიგებენ თუ არა „მუსიკოსები“, მომდევნო მატჩში ან მარცხდებიან, ანაც ფრეს თამაშობენ ხოლმე. „ვერდერმა“ წინა ტურში „გლადბახს“ მოუგო, სამშაბათს კი, თასზე „ბაიერნთან“ დამარცხდა. დღეს კი ბრემენელ ფანებს ის ფაქტი ამშვიდებთ, რომ მათი საყვარელი გუნდი, „საყვარელ“ მეტოქეს, „ნიურნბერგს“ ეთამაშება - ამ უკანასკნელმა „ვერდერი“ ბოლოს 1998 წელს დაამარცხა (3:2).

„ზანკტ პაულისა“ და „აინტრახტის“ დაპირისპირება სატურნირო ცხრილის შუაში, ერთმანეთის მეზობლად მყოფი გუნდების დუელია. ელიტაში წელს აღზევებული „პაულისთვის“ ასეთი მდგომარეობა წარმატებაა, „აინტრახტისთვის“ კი ჩვეულებრივი ამბავი.


მაგათი: მხოლოდ სამი ქულა!
მორჩა, „შალკეს“ მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათს თავისი ფეხბურთელების გამართლებები ყელში ამოუვიდა და მიუხედავად იმისა, რომ გელზენკირხენელებმა თასზე „ფრანკფურტი“ დაამარცხეს (1:0), შეგირდებს მისდგა. „დესპოტი ფელიქსი“ ამბობს, რომ დღეს, „ლევერკუზენთან“ მატჩში მისთვის მხოლოდ სამი ქულა იქნება მისაღები. „ლევერკუზენისთვის“ კი წაგება, ასე ვთქვათ, აკრძალულია, რადგან „ფარმაცევტები“ წინა ტურშიც დამარცხდნენ (მაინცთან) და გერმანიის თასიდანაც გავარდნენ.


უყურეთ, არ ინანებთ!
...და აი, დესერტსაც მივადექით: ხვალ „ბრუხვეგშტადიონზე“ უგემრიელესი მატჩია: სენსაციური ლიდერი „მაინცი“ მეორე ადგილზე მყოფ „დორტმუნდს“ მასპინძლობს. შეხსენებას, წესით, აღარ უნდა საჭიროებდეს, მაგრამ მაინც ვიტყვით, რომ ისედაც უაღრესად საინტერესო მატჩს, დამატებით ინტრიგას ის ფაქტორი სძენს, რომ „ბორუსიას“ „მაინცის“ ქომაგთათვის საკულტო მწვრთნელი იურგენ კლოპი წვრთნის. „კიკერმა“ გერმანიაში დიდი გამოკითხვა ჩაატარა და გამოკითხულთა 50 პროცენტი ფიქრობს, რომ „ბორუსია“ მაინციდან სამ ქულას წაიღებს. თუ ასე მოხდა, დორტმუნდელები ლიდერობას დაიბრუნებენ. არადა, „მაინცმა“ BVB-ს ორი კვირის წინ დაკარგული ლიდერობა წინა კვირას წაართვა. გასათვალისწინებელია, რომ დორტმუნდს ბოლო 4 გასვლითი მატჩიდან, ოთხივე მოგებული აქვს. და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ გერმანიის თასზე ორივე გუნდი სასტიკად შერცხვა: „მაინცი“ აახენში დამარცხდა (1:2), „დორტმუნდი“ კი სულაც ოფენბახში (პენალტების სერია: 2:4).


სავარაუდო შემადგენლობები
მაინცი (4-3-1-2): ვეტკლო - ბუნგერტი, სვენსონი, ნოვესკი, ფუხსი - კალიგიური, პოლანსკი, სოტო - ჰოლტბი - ალაგუი, შალაი.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი (ან გიოტცე), კაგავა, გროსკროიტცი - ბარიოსი.

ბრძოლა მესამე ადგილისთვის
„მაინცმა“ და „დორტმუნდმა“ მდევრები იმდენად ჩამოიტოვეს, რომ მესამე მესამე და მეოთხეადგილოსნების დუელი მხოლოდ მესამე პოზიციისთვის ბრძოლაა: „ჰოფენჰაიმი“ „ჰანოვერს“ მიიღებს. „ჰოფენჰაიმმა“ თასზე „ინგოლშტადტი“ 1:0 დაამარცხა, „ჰანოვერს“ კი არც უთამაშია, რადგან მირკო სლომკას გუნდი გერმანიის თასს პირველსავე ეტაპზე გამოეთიშა.

დღეს
ვერდერი-ნიურნბერგი 17:30
ვოლფსბურგი-შტუტგარტი 17:30
კიოლნი-ჰამბურგი 17:30
კაიზერსლაუტერნი-ბორუსია (მ) 17:30
ზტ. პაული-აინტრახტი 17:30
შალკე-ლევერკუზენი 20:30

ხვალ
მაინცი-ბორუსია (დ) 17:30
ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 19:30

 თ მ ფ წ ბ ქ
1. მაინცი 9 8 0 1 19-8 24
2. ბორუსია (დ) 9 7 1 1 21-7 22
3. ჰანოვერი 9 5 1 3 13-12 16
4. ჰოფენჰაიმი 9 4 3 2 17-13 15
5. ლევერკუზენი 9 4 3 2 18-15 15
6. ჰამბურგი 9 4 3 2 13-11 15
7. ფრაიბურგი 9 5 0 4 14-14 15
8. ვერდერი 9 4 2 3 17-18 14
9. აინტრახტი 9 4 1 4 14-9 13
10. ზტ. პაული 9 4 1 4 11-12 13
11. ბაიერნი 9 3 3 3 8-8 12
12. ნიურნბერგი 9 3 3 3 11-12 12
13. ვოლფსბურგი 9 3 1 5 15-16 10
14. შტუტგარტი 9 2 1 6 16-17 7
15. კაიზერსლაუტერნი 9 2 1 6 10-18 7
16. შალკე 9 1 3 5 10-16 6
17. ბორუსია (მ) 9 1 3 5 14-27 6
18. კიოლნი 9 1 2 6 9-17 5

შვაინი დაკაცდა!
და ბაიერნს მისი დაკარგვის ეშინია

ბასტიან შვაინშტაიგერმა ოთხშაბათს, გერმანიის თასის მეორე ეტაპზე კიდევ ერთხელ, ვინ მოთვლის, უკვე მერამდენედ დაამტკიცა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა მიუნხენის „ბაიერნისთვის“. მან ბრემენის „ვერდერს“ დუბლი შეუსრულა და თამაში მიუნხენური გრანდის სასარგებლოდ შეატრიალა, განსაკუთრებით ლამაზი კი მეორე გოლი გამოუვიდა, რომლის აღნიშვნის დროს, გახარებული შვაინი რეკორდმაისტერის მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს შეახტა...

„შვაინის ამ ბოლო დროს უკანალში ძალიან ბევრი შაქარი შეაყარეს. როგორც ჩანს, ქებამ აწყინა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ბასტიანი აზრზე მოვიყვანო,“ - ეს განცხადება „ბაიერნის“ პრეზიდენტ ული ჰიონესს ეკუთვნის, რომელიც მან 2007 წლის იანვარში, ანუ, სამი წლის წინ გააკეთა.

„ბასტიან შვაინშტაიგერი დაკაცდა! ახლა ის უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა, ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა, რომ გამხდარიყო. მისი თამაშისა და ქცევისთვის თვალის დევნება ჩემთვის ახლა უკვე დიდი სიამოვნებაა,“ - ესეც ჰიონესის განცხადებაა, ოღონდ ცოტა ხნის წინ, სექტემბერში გაკეთებული განცხადებისა.
რეკორდმაისტერის პრეზიდენტი შვაინშტაიგერს დიდი ხანია იცნობს - იმ დროიდან, როცა 14 წლის ბასტიანი „როზენჰაიმიდან“ „ბაიერნში“ გადავიდა. ულის ზემოთ მოყვანილი ციტატები კი, რომელთა შორის სამი წელია, ნათლად მეტყველებს შვაინშტაიგერის პროგრესზე.

იყო დრო, როცა შვაინის დიდი პოპულარობისგან ცოტა ზედმეტი მოუვიდა და ფეხბურთზე მეტად იმაზე ფიქრობდა, რას და როგორ დაწერდნენ გერმანული გაზეთები როგორც მასზე, ასევე მის მეგობარ გოგონა სარა ბრანდნერზე. დღეს კი ბასტიანი ნამდვილი ბოსია, „ბაიერნის“ შეფ-სტრატეგი, რომელმაც 26 წლის ასაკში მიაღწია იმას, რომ გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. ბუნდესგუნდში უკვე 83 მატჩი აქვს ჩატარებული (21 გოლი) და ლიდერია როგორც რეკორდმაისტერში, ისე ქვეყნის პირველ გუნდში. მას დღესაც უყვარს ფოტოგრაფების წინ სხვადასხვა სამოსით პოზირება, მაგრამ სარას გარეშე. შვაინიო ამბობს, ჩემი პირადი ცხოვრება არავის საქმე არ არისო.

ბასტიანის პროგრესში, ჰიონესის გარდა, ვან გაალსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორედ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დააკისრა მას „ბაიერნში“ მეტი პასუხისმგებლობა და ტაქტიკურ სქემაშიც გაცილებით საპასუხისმგებლო პოზიცია ჩააბარა: მოედნის ცენტრი. ნახა რა, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან პოზიციაზე თამაშს თავს კარგად ართმევდა, შვაინი გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმაც ფლანგიდან ცენტრში გადასწია. ბასტიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე იდეალურად ითამაშა და მიმდინარე სეზონშიც ბრწყინვალედ გამოიყურება.

შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი ის, რომ მისით სხვა სუპერგრანდების თავკაცები ძალიან სერიოზულად დაინტერესდნენ. საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის, რომ შვაინშტაიგერის გადაბირება სერ ალექს ფერგიუსონს (მანჩესტერ იუნაიტედი), კარლო ანჩელოტის (ჩელსი) და ჟოზე მოურინიოს (რეალი) სურთ. ამ უკანასკნელმა ბასტიანის თავის გუნდში ხილვის სურვილი სულაც საქვეყნოდ დააფიქსირა, მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ფრანც ბეკენბაუერის თასის მატჩის შემდეგ, რომელშიც ერთმანეთს „რეალი“ და „ბაიერნი“ ხვდებოდნენ, მოურინიოს შვაინშტაიგერისთვის პირდაპირ უთქვამს, შარშანაც მინდოდი და წელსაც მინდიხარ, სურვილს აუცილებლად ავისრულებ და ჩემს გუნდში გიხილავო.

შარშან მოურინიო მილანის „ინტერის“ დამრიგებელი იყო და საინტერესოა ისიც, რომ შვაინის ყიდვის სურვილი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის პრეზიდენტ მასიმო მორატისაც გაუძლიერდა. ცოტა ხნის წინ მორატიმ თქვა: „დიდი ხანია, „ბაიერნთან“ შვაინშტაიგერის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას ვცდილობ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოჩნდა, რომ ბასტიანი ახლა უკვე სრულყოფილი სუპერ-ფეხბურთელია. „ინტერი“ მის ხელში ჩასაგდებად ყველაფერს გააკეთებს.“ საიდუმლოს არც ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ბასტიანი ტურინის „იუვენტუსსაც“ ძალიან უნდა.

მოკლედ, „ბაიერნს“ შვაინშტაიგერის შენარჩუნებისთვის დიდი ომის გადატანა მოუწევს. მის კონტრაქტს ვადა 2012 წელს ეწურება და მიუნხენელებს ახლავე სურთ ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ეშინიათ, რომ სხვა გრანდები შესანიშნავი წინადადებებით მოხიბლავენ და „ბაიერნი“ იძულებული გახდება, ზაფხულში გაყიდოს, ან 2012 წელს თავის ლიდერს უფასოდ დაკარგავს.

„შვაინისადმი ინტერესს ყოველი მატჩი ზრდის და ვშიშობ, რომ სხვადასხვა კლუბების შეფები მის მოსათაფლად უკვე გეგმებს ამუშავებენ. ყველაზე დიდ საფრთხეს მადრიდის „რეალისგან“ ვგრძნობ - „რეალში“ თამაში ხომ ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. ძალიან მინდა, რომ ბასტიანმა ჩვენთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. მისთვისაც უმჯობესია, რომ „ბაიერნში“ დარჩეს,“ - ეს ვან გაალის სიტყვებია. ლუისი „ბარსელონასგან“ საფრთხეს არ ელოდება, რადგან მიაჩნია, რომ ჩავისა და ინიესტას გამო, კატალონიური გრანდი შვაინით არასდროს დაინტერესდება, „ბარსაში“ მისი ადგილი არ არისო.

თვითონ ფეხბურთელი კი გახსნილი კარტით თამაშობს. „ბაიერნზე“ არ დავქორწინებულვარ და ვერავის შევპირდები, რომ კარიერის ბოლომდე მიუნხენში ვითამაშებ,“ - განაცხადა შვაინშტაიგერმა ზაფხულში, მუნდიალის შემდეგ.

ჰიონესი ამბობს, ძალიან დაჭკვიანდა, რაც მისი ნებისმიერი ინტერვიუდან ჩანსო...

დორტმუნდმა სუპერტალანტი დაიბევა

„მიუნხენ 1860-ის“ უნიჭიერეს ფეხბურთელ მორიტც ლაიტნერზე დიდი ამბავი იყო ატეხილი - ახალგაზრდა ნახევარმცველის გადაბირება თითქმის ყველა წამყვან გერმანულ კლუბს უნდოდა, მაგრამ ამომავალ ვარსკვლავად შერაცხული ლაიტნერი ხელში დორტმუნდის „ბორუსიამ“ ჩაიგდო. 17 წლის შემტევი ნახევარმცველი „ბორუსიაში“ სეზონის ბოლოს, 2011 წლის ზაფხულში გადავა. წინასწარი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია - 2015 წლამდე. „მიუნხენ 1860“ BVB-სგან 600 000 ევროს მიიღებს.

„ლაიტნერი უნიჭიერესი, გერმანულ ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია და მიხარია, რომ ჩვენთან გადმოვა,“ - აცხადებს „ბორუსიას“ დამრიგებელი იურგენ კლოპი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული