ვაი!!! ჰიონესი ვან გაალს მისდგა!

AutoSharing Option

გელზენკირხენში კი უკვე სერიოზულად შიშობენ, რომ შალკე ჰერტას ბედს გაიზიარებს

ბუნდესლიგის მე-10 ტური მიუნხენის „ბაიერნისთვის“ წარმატებული იყო: რეკორდმაისტერმა „ფრაიბურგი“ 4:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილამდე აღზევდა. როგორც ჩანს, „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი სწორედ ამას ელოდა, რათა მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი გაეკრიტიკებინა - ხომ იცით, გამარჯვების შემდეგ მწვრთნელის ლანძღვა ჯანსაღ კრიტიკად აღიქმება, წარუმატებლობის შემდეგ კი - მისი გათავისუფლების საშიშროებად.

მაგრამ კრიტიკაცაა და კრიტიკაც, ბავარიელთა მთავარმა ბოსმა კი ჰოლანდიელ მწვრთნელზე, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად ილაპარაკა. როგორც ჩანს, ულის რაღაც

-რაღაცები ყელში ამოუვიდა - ფაქტია, რომ ლუისსა და მას შორის იდეალური ურთიერთობა დამთავრებულია. სხვა დანარჩენს კი, დრო გვიჩვენებს.

მაინც რა თქვა ასეთი ჰიონესმა? „ვან გაალთან ლაპარაკი ძალიან ძნელია, რადგან ის სხვების მოსაზრებებს არა თუ არ იზიარებს, არამედ აბუჩადაც იგდებს. ამ მხრივ ლუისი ძალიან ჰგავს ფელიქს მაგათს და მინდა ვუთხრა, რომ დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა დრო, როცა გუნდში მხოლოდ მწვრთნელს ეთქმოდა წონადი სიტყვა. დღეს მსოფლიოს არცერთ ნორმალურ კლუბში ასე აღარ არის და ეს ვან გაალმაც უნდა შეიგნოს,“ - ვფიქრობთ, დასაწყისისთვის უკვე საკმაოდ მკვახე მიმართვაა.

ტელეკომპანია „სქაი სპორტის“ პირდაპირ ეთერში მიწვეულმა ჰიონესმა ისიც აღნიშნა, რომ ვან გაალის ქცევა ბოლო 5-6 თვეა, აღარ მოსწონს და მიზეზებზეც გულახდილად ისაუბრა. ფაქტია, რომ ყველაფერი მას მერე დაიწყო, რაც ვან გაალმა „ბაიერნის“ შეფებს ბრაზილიელი მცველი ლუსიო გააყიდინა, ეს ფეხბურთელი არაფერში მჭირდებაო. ყოველ შემთხვევაში, ჰიონესი ვან გაალს ზოგიერთი ფეხბურთელის არასწორ, უფრო ზუსტად, ეგოისტურ და სუბიექტურ შეფასებაში ადანაშაულებს. მაგალითად, პარასკევს, „ფრაიბურგის“ კარში გოლები მარიო გომესმა, ანატოლი ტიმოშჩუკმა და მარტინ დემიკელისმა გაიტანეს - ფეხბურთელებმა, რომლებიც ვან გაალს არ მოსწონს და თანახმაა, გუნდიდან გაუშვას. „ფრაიბურგთან“ კი ზემოთხსენებულმა ტრიომ მხოლოდ იმიტომ ითამაშა, რომ რეკორდმაისტერს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული და ვან გაალს სხვა გზა, უბრალოდ არ ჰქონდა.

ჰიონესი: „ტრიბუნაზე ვიჯექი და დავინახე, როგორ გაიტანეს გოლები იმ მოთამაშეებმა, რომლებიც, ვან გაალს თუ დავუჯერებთ, დიდი ხნის წინ უნდა გაგვეშვა. არადა, სამივე მათგანი ძალიან საჭირო ფეხბურთელია, რაც მათ პარასკევს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. მაგალითად, ანატოლი ტიმოშჩუკი „ფრაიბურგთან“ მატყის მეორე ტაიმში მოედანზე საუკეთესო მოთამაშე იყო. მოკლედ, 4-5 ფეხბურთელს ლუისი არასწორად, უფრო ზუსტად, ზედმეტად სუბიექტურად აფასებს.“

ალბათ ხვდებით, რომ ამ განცხადებით ჰიონესი ვან გაალის კომპეტენციაში ერევა და მის შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებს. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა, როგორი რეაქცია ექნება ჰოლანდიელს, რომელიც ზოგადად ძალიან ამაყი და აროგანტი კაცია.

აი, ჰიონესის მორიგი განცხადება, რომლის წაკითხვის შემდეგ, თქვენც დარწმუნებით, რომ ულის კრიტიკა არა სპონტანური, არამედ კარგად მოფიქრებულ-გაანალიზებულია: „ვან გაალი მეორეხარისხოვან ფეხბურთელებს იოტისოდენა იმედსაც კი არ აძლევს, მათი მოტივირებისთვის არაფერს აკეთებს. ზოგადად კი ძალიან ამაყი და შეუვალი პიროვნებაა. როდესაც ასეთ თემებზე ვესაუბრები, ისე მპასუხობს, თითქოს მეუბნება, შენც ძალიან ჭკვიანი ხარ და მადლობთ, რომ სათქმელს მეუბნები, მაგრამ მე მაინც ისე მოვიქცევი, როგორც მე მინდა, რადგან მხოლოდ მე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეო. ლუისს მინდა ვუთხრა, ცოტა უფრო მეტი პატივისცემით მოეკიდოს იმ ხალხს, ვისაც ამ საქმეში უდიდესი გამოცდილება აქვს!“

კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ულიმ ვან გაალის საჯაროდ გაკრიტიკება, ჰიონესმა ასე უპასუხა: „როცა ელემენტარული რაღაცები არ მომწონს, ამას ყოველთვის პირდაპირ და თანაც, საჯაროდ ვიტყვი. გულახდილად გეუბნებით, უკვე ექვსი თვეა, რაც რაღაც-რაღაცები არ მომწონს!“

ჰიონესი ხვდება, რომ მის ასეთ განცხადებებს ლუისის მხრიდანაც სკანდალური ფრაზები მოჰყვება, მაგრამ ამაზეც თანახმაა. ამას წინათ ვან გაალმა განაცხადა, ხელმძღვანელები მუდმივად წნეხის ქვეშ მაქცევენ, ზეწოლა უმძიმესიაო.
ჰიონესი: „ნუთუ არ იცოდა, რომ „ბაიერნში“ მწვრთნელს მოსვენებისა და მშვიდად ყოფნის უფლება არ აქვს? ჩვენთან ყველა წნეხის ქვეშაა, მშვიდად არავინ ცხოვრობს. ეს არ არის „ალკმაარი“, სადაც წარუმატებლობასაც აიტანენ. მიუნხენის „ბაიერნი“ ყოველთვის წარმატებული უნდა იყოს! ვიცი, რომ ვან გაალი ამ მოსაზრებებს არ გაიზიარებს, მაგრამ ეს არც მაინტერესებს. ფაქტი ერთია: ამ ყველაფერთან შეგუება მოუწევს!“

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ხუთი თვის წინ ჰიონესი ვან გაალის შესახებ სულ სხვანაირად საუბრობდა. კერძოდ, ული ამბობდა, ლუისი ფეხბურთელებისთვის შესანიშნავი მოტივატორიაო, ახლა კი სწორედ ეს კომპეტენცია გაუკრიტიკა ყველაზე მეტად. რისი მიღწევა სულს ულის ამით? შესაძლოა, პოლიტიკური გათვლა ჰქონდეს და ამ ყველაფრით ვან გაალის გამოფხიზლება უნდოდეს. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ლუისსაც და მის „ბაიერნსაც“ ბოლო დროს აშკარად ჩაეძინათ. რეკორდმაისტერი 10 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზეა, ამ უქმეებამდე კი უფრო ქვემოთ იყო და მიუხედავად ამისა, „ზებენერშტრასეზე“ არავინ აყვირებულა. და ვის უნდა დაეწყო ყვირილი, თუ არა ისევ და ისევ ული ჰიონესს?..

უახლოეს მომავალში (ალბათ უკვე ამ დღეებში) ვან გაალის პასუხს უნდა ველოდოთ. ხვალ რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „კლუჟს“ სტუმრობს და არა გვგონია, რომ ლუისმა ჰიონესს ამ მატჩამდე უპასუხოს...


შოკი: ოლიჩი 6 თვე დაისვენებს!
ამ ყველაფრის ფონზე, „ბაიერნისთვის“ ორმაგად შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ არიენ რობენის, ფრანკ რიბერის, კაპიტან მარკ ვან ბომელისა და მიროსლავ კლოზეს შემდეგ, სერიოზულად დაშავდა ხორვატი თავდამსხმელი ივიცა ოლიჩიც. ამ უკანასკნელს სასწრაფოდ ოპერაცია სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოლიჩი ფეხბურთს დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ვეღარ ითამაშებს.

შალკე ჰერტას გზაზე?
მხოლოდ ექვსი ქულა ათი ტურის შემდეგ, მხოლოდ ერთი მოგება, არცერთი გამარჯვება საკუთარ მოედანზე - „შალკეში“ ვითარება ისე მძიმეა, როგორც არასდროს. „ლევერკუზენთან“ წაგების (0:1) მერე თამამად უნდა ვთქვათ, რომ გელზენკირხენული კლუბი დღესდღეობით მეორე ბუნდესლიგაში გავარდნის რეალური კანდიდატია. ამაზე სტატისტიკა მეტყველებს: ბუნდესლიგის ისტორიაში, 10 ტურის შემდეგ ექვსი ან ექვსზე ნაკლები ქულა სულ 46 გუნდს ჰქონდა და აქედან 21 გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა. გამოდის, რომ „შალკეს“ ელიტიდან გავარდნის შანსი 46 პროცენტია, რაც ნაღდად არაა სახუმარო საქმე.
სწორედ ამიტომ შეადარა გელზენკირხენელთა მცველმა ბენედიქტ ჰიოვედესმა „შალკეს“ მდგომარეობა ბერლინის „ჰერტას“ შარშანდელ ყოფას. მოგეხსენებათ, „ჰერტა“ ახლა მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს. უკვე „შალკეს“ ფანებიც შიშობენ, რომ შესაძლოა, ვიცე-ჩემპიონის სტატუსის მქონე გუნდი პირველ ბუნდესლიგას დაემშვიდობოს. ამიტომაც უსტვინეს როგორც ფეხბურთელებს, ისე მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათსაც...


ტურის სიმბოლური ნაკრები (3-4-3)
რომან ვაიდენფელერი (ბორუსია დ) - სიმონ კიაერი (ვოლფსბურგი), ანატოლი ტიმოშჩუკი (ბაიერნი), დანიელ პრანიჩი (ბაიერნი) - გილფი სიგურდსონი (ჰოფენჰაიმი), ილქაი გიუნდოგანი (ნიურნბერგი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), მარიო გიოტცე (ბორუსია დ) - თეოფანის გეკასი (აინტრახტი), მილოვოე ნოვაკოვიჩი (კიოლნი), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი)

ტურის გმირი
მილოვოე ნოვაკოვიჩი (კიოლნი)


ტურის ცენტრალური მატჩის (მაინცი-დორტმუნდი) გმირი მარიო გიოტცე იყო, მაგრამ მთლიანად ტურში, „კიოლნის“ თავდამსხმელმა მილოვოე ნოვაკოვიჩმა გაცილებით დიდი საქმე გააკეთა - მან „ჰამბურგთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა და „თხებმა“ სამი ქულა რომ მოიპოვეს, პირველ რიგში მისი დამსახურებაა. ზვონიმირ სოლდო ნოვაკოვიჩს არ ათამაშებდა, მაგრამ სოლდო გააგდეს და ნოვას დროც დადგა. სხვათა შორის, მატჩის შემდეგ მან უკვე თამამად თქვა, თუ ხშირად არ ვითამაშებ, ზამთარში „კიოლნიდან“ წავალო.


საუკეთესო ფეხბურთელები
ათი ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.30
2. კრისტიან ვეტკლო მაინცი 2.50
3. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.55
4. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.55
5. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.58

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
1. თეოფანის გეკასი აინტრახტი 9 2 11
2. ლუის ჰოლტბი მაინცი 2 7 9
3. იულიან შიბერი ნიურნბერგი 2 7 9
4. დემბა ბა ჰოფენჰაიმი 6 2 8
5. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 8 0 8
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული