ახალი ვარსკვლავი: დორტმუნდის ვუნდერკინდი

AutoSharing Option

ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მასზე უკვე მთელი საფეხბურთო გერმანია ლაპარაკობს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველ მარიო გიოტცეს შესახებ მთელი ევროპა, ან სულაც მთელი მსოფლიო ილაპარაკებს. კვირას, „დორტმუნდმა“ გერმანიის ჩემპიონატის მე-10 ტურისა და პირველი წრის ცენტრალურ მატჩში „მაინცი“ 2:0 რომ დაამარცხა, მოედანზე საუკეთესო სწორედ გიოტცე გახლდათ, რომელმაც ჯერ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა, მერე კი შესანიშნავი საგოლე პასიც გააკეთა. შედეგი: „ბორუსია“ პირველ ადგილზე დაბრუნდა და დორტმუნდელი ქომაგები გერმანიის ჩემპიონობაზე კვლავ რეალურად ოცნებობენ.

ცხადია, გიოტცე გერმანიის

ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვსაც შემჩნეული ჰყავს და თუ ასე გააგრძელა, წყალი არ გაუვა იმას, რომ 17 ნოემბერს დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში (შვედეთთან) მარიოს აუცილებლად გამოიძახებს და ათამაშებს კიდეც. თუ ასე მოხდა, მარიო გიოტცე ბუნდესგუნდის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდება. გერმანიის ნაკრებში ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს დებიუტი ბოლოს 2004 წელს ჰქონდა - ეს იყო ლუკას პოდოლსკი, რომელიც მაშინ 19 წლისა და ერთი თვის გახლდათ. გიოტცე კი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა.

ჩვენთვის ამაში გასაკვირი არაფერია, გერმანიაში კი ბევრისთვის დიდი სიურპრიზია ის, რომ 18 წლის ბიჭი, რომელიც ბუნდესლიგაში თამაშობს და სულ მალე მილიონერი გახდება, ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს... მარიო 6 წლის იყო, როცა მისი ოჯახი დაბა ალგოიდან დორტმუნდში გადასახლდა. ბუნდესლიგის ფეხბურთელი და „ბორუსიას“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე კი გახდა, მაგრამ მარიოს ცალკე ცხოვრებაზე ჯერ არც უფიქრია.

„ჩემთვის „ჰოტელ-მამაზე“ უკეთესი არაფერია. აქ ყველაზე გემრიელ კერძებს მიმზადებენ და სახლში თავს ყველაზე უკეთ ვგრძნობ. რატომ უნდა გადავიდე ცალკე საცხოვრებლად?“ - აცხადებს მარიო.

მამამისი, იურგენ გიოტცე პროფესორია და მარიოს ორი ძმაც ჰყავს: 13 წლის ფელიქსი „ბორუსიას“ ბავშვთა გუნდში თამაშობს, 20 წლის ფაბიანი კი „მაინცის“ მოყვარულთა გუნდში.

თავისუფალ დროს მარიო (როგორც ყველა თინეიჯერი) ფლეისთეიშენს თამაშობს ანაც მეგობარ გოგონასთან ერთადაა. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, გიოტცე თავის მეგობარ გოგონას ჟურნალისტებს არ აჩვენებს - ფიქრობს, რომ გაზეთებში მისი პირადი ცხოვრების შესახებ არ უნდა იწერებოდეს.

იყნოსეს რა, რომ დიდი ტალანტი ჰყავთ და შეიძლება, უდიდესი ფეხბურთელი გაეზარდოთ, „დორტმუნდის“ ხელმძღვანელებმა გიოტცეს ოქტომბრის მიწურულს ახალი კონტრაქტი გაუფორმეს, რომელსაც ვადა 2014 წლამდე აქვს. მანამდე მარიო წელიწადში 250 000 ევროს იღებდა, ახლა კი, „ბილდის“ ცნობით მისი ხელფასი წელიწადში ერთი მილიონია.
„ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, იმდენად მალე გავხდი ბუნდესლიგის ფეხბურთელი, რომ ხანდახან მგონია, სიზმარში ვარ. ეს ყველაფერი მართლა დაუჯერებელია,“ - ამბობს გიოტცე.

ისე, როგორც მისი ასაკის თითქმის ყველა თინეიჯერი, ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად მასაც კრიშტიანო რონალდო მოსწონს: „იმიტომ, რომ რონალდოც 18 წლის იყო, როცა ევროპა აალაპარაკა. კრიშტიანო გენიალური ფეხბურთელია.“
მიუხედავად იმისა, რომ „ბორუსია“ ბუნდესლიგის ლიდერია და მოსისხლე მტერ „შალკეს“ 19 ქულით უსწრებს, გიოტცე მეცხრე ცაზე არ დაფრინავს: „ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია და კარგად ვხვდები, რომ გენიალური გუნდის ნაწილი ვარ. მიხარია ნებისმიერი მატჩის მოახლოვება, საკუთარ თავზე შრომას ვაგრძელებ. წინ ხომ მთელი კარიერაა!“

ფაქტია, რომ დორტმუნდელ ქომაგებს და გუნდის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს მარიო გიოტცესგან ახლა სწორედ ასეთი
წინადადებების მოსმენა სურთ...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 1 /
სუ ესე იწყებენ ეს გერმანელები ბოლო წლებია და შედეგიც ვიცით მაგის ჩვენ!!!
mitridate pontoeli
15:08 04-11-2010
0

სიახლეები პოპულარული