იუპ ჰაინკესის კონტაქტი "რეალთან"

AutoSharing Option
იუპ ჰაინკესი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ამ სეზონის დასრულებისთანავე რომ დატოვებს, ეს ჯერ კიდევ იანვარში გადაწყდა და სწორედ მაშინ გაირკვა ისიც, რომ "დონ იუპს" მიუნხენურ გრანდში ხოსეპ გვარდიოლა შეცვლის.

ყველაზე რეალური ისაა, რომ "ბაიერნიდან" წასვლის შემდეგ ჰაინკესმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულოს და პენსიაზე გავიდეს. ტენდენციაც სწორედ აქეთკენ მიდიოდა, მაგრამ როგორც ირკვევა, ბოლო დღეებში რაღაც-რაღაცები შეიცვალა და დიდი შანსია, რომ იუპმა პენსიაზე გასვლა გადაიფიქროს. ფაქტია, რომ ჰაინკესს წინადადებები არ აკლია,
დაინტერესებულთა შორის კი თვით მადრიდის "რეალიც" ფიგურირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ითქვა და დაიწერა, ჯერჯერობით უცნობია, ამთავრებს თუ არა ჰაინკესი სამწვრთნელო კარიერას. ოფიციალურად მას მხოლოდ ის აქვს ნათქვამი, რომ სხვა გერმანულ კლუბში აღარ იმუშავებს, სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება კი არ გამოურიცხავს. ამას წინათ თქვა, თითქოს მოვიდა დრო, რომ ყველაფერი დავამთავრო და დავისვენოო, მაგრამ არც ეს იყო განცხადება პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით.

"ასეთი გრანდიოზული სეზონის შემდეგ ბუნდესლიგის სხვა კლუბში გადასვლა დიდი დანაშაული იქნებოდა. ასე, რა თქმა უნდა, არ მოვიქცევი," - აცხადებს 68 წლის მწვრთნელი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, - შემოთავაზებები, რა თქმა უნდა, მაქვს. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩემი გადაბირება ბევრმა გუნდმა მოისურვა. ფიქრისთვის დრო საკმარისად მაქვს."

"კიკერის" ინფორმაციით, ჰაინკესისადმი ყველაზე დიდ ინტერესს "მონაკო" და რუსული კლუბები იჩენენ, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგები ფიქრობენ, რომ ჰაინკესი საშუალო დონის ან სუსტ ევროპულ კლუბში არ წავა. გრანდებიდან კი ყველაზე მეტად მადრიდის "რეალია" დაინტერესებული. "კიკერის" ცნობით, მადრიდულ გრანდსა და ჰაინკესს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, იუპი კი ამას არც უარყოფს და არც ადასტურებს: "ჯერ მხოლოდ "ბაიერნზე" ვარ კონცენტრირებული. წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გველის და სხვაზე არაფერზე ვფიქრობ," - ირწმუნება ჰაინკესი.

როგორც იცით, "რეალიდან" ჟოზე მოურინიოს წასვლა თითქმის გადაწყვეტილია და აქამდე მის შემცვლელად იტალიელ კარლო ანჩელოტის ასახელებდნენ, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პსჟ ამ უკანასკნელს არ გაუშვებს. თანაც, "რეალის" ფანებს ანჩელოტი გულზე არ ეხატებათ; აი, ჰაინკესს კი მადრიდში საუკეთესო სახელი და რენომე აქვს.

შეგახსენებთ, რომ "დონ იუპი" "რეალს" ერთხელ უკვე წვრთნიდა - 1997/98 წლების სეზონში და მაშინ "სამეფო გუნდმა" მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგა მოიგო. "კიკერი" წერს, რომ ჰაინკესი თავის გადაწყვეტილებას ივნისის პირველ დღეებში გაახმაურებს, მანამდე კი "ბაიერნის" თავკაცის რანგში სამი მატჩი დარჩა ჩასატარებელი - ბუნდესლიგის ბოლო ტური "გლადბახთან", ჩემპიონთა ლიგის ფინალი "დორტმუნდთან" და გერმანიის თასის ფინალი "შტუტგარტთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბაიერნის" ზეიმის დროა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული