ბუნდესლიგა: დრამატული ბოლო ტური [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ბოლო ტური დრამატული და საინტერესო გამოვიდა. ჩემპიონთა ლიგის საგზური, მოლოდინისამებრ, "შალკეს" დარჩა, ევროპალიგაში "ფრაიბურგი" და "აინტრახტი" ითამაშებენ, გადარჩენისთვის ბრძოლაში კი დიდი ამბები დატრიალდა.

შალკე - მეოთხეზე, შტრაიხს გული ცუდს უგრძნობს
მეოთხე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური, როგორც მოსალოდნელი იყო, "შალკეს" დარჩა. ფრაიბურგელებმა გელზენკირხენელებთან კარგად იბრძოლეს, მაგრამ დამარცხდნენ და ევროპალიგის საგზურს დასჯერდნენ. მწვრთნელ იენს კელერთან და ტალანტ იულიან დრაქსლერთან კონტრაქტების გაგრძელების შემდეგ "შალკესთვის" მეოთხე ადგილის დაკავება არასტაბილური სეზონის იდეალური გვირგვინია.

არადა, თავიდან "ფრაიბურგი" "შალკეს" სჯობდა. კრისტიან შტრაიხის გუნდი
აგრესიულად უტევდა, კელერის ბიჭები კი ზედმეტად პასიურობდნენ. თუმცა "შალკემ" პირველივე საგოლე მომენტი გამოიყენა და წინ გავიდა: მე-20 წუთზე ანგარიში სწორედ დრაქსლერმა გახსნა - ბაუმანის კარი მან 17 მეტრიდან დალაშქრა.

ამის შემდეგ შტრაიხმა და მისმა შეგირდებმა ყველაფერი გააკეთეს თამაშის შესატრიალებლად და 54-ე წუთზე ჯონათან შმიდმა ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ ზუსტად ოთხ წუთში "შალკე" ისევ წინ გავიდა და თანაც როგორ - იულიან შუსტერის ავტოგოლით, რომელსაც ბურთი თანაგუნდელმა იმანუელ ჰიონმა მოარტყა. ამის შემდეგ გელზენკირხენელებმა ბრაისგაუელებს აღარაფერი გააბედვინეს და თამაში მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე.

საფინალო სასტვენის შემდეგ შალკელები ემოციურად ზეიმობდნენ, "ფრაიბურგის" თავკაცმა კი ძალიან საინტერესო, პესიმისტური განცხადება გააკეთა: "მომდევნო სეზონში შეიძლება სულაც მეორე ბუნდესლიგაში გავვარდეთ, რადგან მთელი გუნდი იცვლება. წინა ხაზის ყველა ფეხბურთელი მიდის, ახლები ჯერ მოსაძებნია. შემდეგ კი გუნდში ინტეგრირება დასჭირდებათ. მოკლედ, "ფრაიბურგს" ზაფხულის მერე ძალიან რთული სეზონი ელის."

არადა, "ფრაი" ევროპალიგაში ითამაშებს და აქვე ვთქვათ, რომ "ფრაისთან" ერთად, ამ მეორეხარისხოვანი ევროტურნირის საგზურები ფრანკფურტის "აინტრახტმა" (მე-6 ადგილი ბუნდესლიგაში) და "შტუტგარტმა" (გერმანიის თასის ფინალისტი ჩემპიონ "ბაიერნთან" ერთად) გაინაღდეს.

დიუსელდორფი შოკშია, აუგსბურგი გადარჩა, ჰოფენჰაიმი - რელეგაციაზე
თუკი ზემოთ მშვიდობა იყო, გასავარდნ ზონაში დიდი ამბები დატრიალდა და ამოტრიალდა. "ფიურტთან" ერთად, მეორე ბუნდესლიგაში პირდაპირ დაქვეითებას პირველ რიგში "ჰოფენჰაიმისგან" ველოდით, მაგრამ "სოფლელებმა" დორტმუნდში მოგება (2:1, თანაც, თამაშის შეტრიალებით) მოახერხეს და მე-16 სარელეგაციო ადგილზე აღმოჩნდნენ. "აუგსბურგმა" "ფიურტთან" იოლი გამარჯვება მოიპოვა და გადარჩა, მეორე ბუნდესლიგისკენ კი გეზი, ბევრისთვის მოულოდნელად, "ფორტუნამ" აიღო! დიუსელდორფელები ჰანოვერში 0:3 დამარცხდნენ და ერთწლიანი ელიტელობის შემდეგ პირველ ბუნდესლიგას ისევ დაემშვიდობნენ.

"იმდენი თამაში წავაგეთ, რომ თავის მართლების უფლება არ გვაქვს. საშინელ ხასიათზე ვარ, ყველანი დაცარიელებულები ვართ. ახლა უკვე ვიცი, ვისაც ვუქომაგებ ჩემპიონთა ლიგის ფინალში..." - ეს "ფორტუნას" კაპიტან იენს ლანგენეკეს სიტყვებია, რომელიც ლიგის ფინალში აუცილებლად "ბაიერნს" უქომაგებს, რადგან "დორტმუნდზე" ახლა მთელი დიუსელდორფი ნაწყენია იმის გამო, რომ "ჰოფენჰაიმს" სამი ქულა აჩუქა.

ტურის წინ დიუსელდორფელები არ ნერვიულობდნენ, რადგან უმოტივაციო "ჰანოვერთან" ფრეც ჰყოფნიდათ მინიმუმ იმისათვის, რომ სარელეგაციო მე-16 ადგილი დაეკავებინათ. შესაბამისად, დიდი იყო იმედგაცრუება - მატჩის შემდეგ "ფორტუნას" ფანებმა ჰანოვერის ქუჩებში არეულობა მოაწყვეს და პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება ჰქონდათ.

ოფიციალური ინფორმაციით, ათი პოლიციელი დაშავდა და აქედან ორი იმდენად მძიმედ, რომ პოლიციაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ. სამართალდამცავებმა 19 დიუსელდორფელი ფანი დააკავეს.

ქაოტური იყო უშუალოდ საფინალო სასტვენის შემდგომი წუთებიც: "ფორტუნას" ფეხბურთელები და 6 200 ფანი "დორტმუნდისა" და "ჰოფენჰაიმის" მატჩის დამთავრებას ელოდებოდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ "ბორუსია" "ჰოფეს" ანგარიშს გაუთანაბრებდა. აღსანიშნავია, რომ "დორტმუნდმა" მართლაც შეძლო გათანაბრება, რამაც დიუსელდორფელთა სიხარული გამოიწვია, მაგრამ გოლი არ ჩათვალეს. "ჰოფენჰაიმმა" მოიგო, "ფორტუნა" კი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა.

არავინ იცის, დატოვებენ თუ არა პოსტზე დიუსელდორფელთა თავკაც ნორბერტ მაიერს. თავად 54 წლის სპეციალისტი ამბობს, მუშაობის გაგრძელება მინდაო, მაგრამ დიდი შანსია, რომ "ფორტუნას" ხელმძღვანელებს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ.

მოკლედ, დიუსელდორფული კლუბი გავარდა და აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რაოდენ უსამართლოდ მოიპოვა "ფორტუნამ" შარშან ამ დროს პირველი ბუნდესლიგის საგზური - გეხსომებათ ბერლინის "ჰერტასთან" სარელეგაციო დუელები და სკანდალური საპასუხო მატჩი, რომელსაც "ჰერტას" დაქვეითება და ლევან კობიაშვილის უსამართლო ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მოჰყვა.

თანაც, სწორედ დიუსელდორფში მომხდარი სკანდალის გამო ვერ შეძლო კობიმ ბუნდესლიგის რეკორდის დამყარება, თუმცა ლევანს ამის შანსი ჯერ კიდევ აქვს - "ჰერტა" ხომ ელიტაში ბრუნდება. სარელეგაციო დუელები კი ამჯერად "ჰოფენჰაიმს" მოუწევს - "სოფლელებს" ორრაუნდიანი დუელი მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსან "კაიზერსლაუტერნთან" მოუწევთ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზარბაზანი კისლინგს დარჩა
ბუნდესლიგა 2012/2013 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი "ლევერკუზენის" ფორვარდი შტეფან კისლინგი გახდა და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "კიკერის ზარბაზანი" "ჰამბურგთან" მატჩში 90-ე წუთზე გატანილი ბურთით გაინაღდა. ეს კისლინგის 25-ე გოლი გახლდათ და შტეფანმა "დორტმუნდის" გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკის (24) ერთი ბურთით გაასწრო. ამრიგად, "ლევერკუზენის" ფეხბურთელმა საუკეთესო ბომბარდირის წოდება 1997/98 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიპოვა - მაშინ ეს ულფ კირსტენმა მოახერხა 22 გოლით.

"ძალიან ამაყი ვარ! ეს წოდება მარტო მე კი არა, მთელ გუნდს ეკუთვნის!" - განაცხადა მატჩის შემდეგ კისლინგმა, რომელიც გერმანიის ნაკრებში კვლავ არაა გამოძახებული.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ლევერკუზენის" გარემარბმა ანდრე შიურლემ თამაშის შემდეგ ოფიციალურად აღიარა, დიდი შანსია, რომ ეს ჩემთვის "ლევერკუზენის" ფორმით უკანასკნელი მატჩი იყოსო.

ცრემლიანი ჰაინკესი
მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" და "ბაიერნმა" შესანიშნავი საფეხბურთო სპექტაკლი შემოგვთავაზეს: რეკორდმაისტერმა ბოლო მატჩი 4:3 მოიგო - მიონხენგლადბახელებმა და მიუნხენელებმა იუპ ჰაინკესი 7 გოლით გააცილეს, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კი "დონ იუპმა" ცრემლები ვერ შეიკავა. შეგახსენებთ, რომ ჰაინკესი "ბაიერნს" კიდევ ორ მატჩში უთავკაცებს - ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის ფინალებში....

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბუნდესლიგა. ბოლო ტური

დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 1:2
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (6), 1:1 სალიჰოვიჩი (77-პენ), 1:2 სალიჰოვიჩი (82-პენ)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი (69. შიბერი), სუბოტიჩი, ჰუმელსი (77. ფელიპე სანტანა), შმელცერი - გიუნდოგანი, ს. ბენდერი (60. კელი) - ბლაშჩიკოვსკი, როისი, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): კასტეელსი - ბეკი, აბრაამი, ვესტერგაარდი, ჯონსონი - პოლანსკი, რუდი (46. სარკა) - სალიჰოვიჩი, ოხსი (58. შიპლოკი) - რობერტო ფირმინიო (85. ზიულე), ფოლანდი.
გაფრთხილება: როისი - რუდი, ვესტერგაარდი, შიპლოკი, რობერტო ფირმინიო
გაძევება: ვაიდენფელერი (81. დორტმუნდი)
ვაიდენფელერის გაძევების შემდეგ დორტმუნდის კარში გროსკროიტცი ჩადგა
კუთხური: 3-0; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 8-6; კარში დარტყმა: 21(8)-9(5); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 80 645

გლადბახი-ბაიერნი 3:4
გოლები: 1:0 შტრანცლი (4), 2:0 ჰანკე (5), 2:1 ხავი მარტინესი (7), 3:1 ნორდტვეიტი (10), 3:2 რიბერი (18), 3:3 რიბერი (53), 3:4 რობენი (59)
გლადბახი (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ბრუვერსი, ვენდტი - ნორდტვეიტი, ჯაკა - ჰერმანი (77. იუნესი), არანგო - ჰრგოტა (65. რუპი), ჰანკე (84. ლ. დე იონგი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი (81. შაჩირი), თ. მიულერი (81. პისარო), რიბერი - მანჯუკიჩი (75. გომესი).
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 1-10; ჯარიმა: 7-7; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 11(5)-26(13); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 54 010

შტუტგარტი-მაინცი 2:2
გოლები: 0:1 ედე (16), 1:1 ვეტკლო (22-საკ. კარში), 2:1 ბოკა (33), 2:2 ნ. მიულერი (42)
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - გ. საკაი (87. ჰუგლანდი), ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო - გენტნერი, ბოკა - ჰარნიკი, მაქსიმი (77. ჰოლცჰოიზერი), ოკაზაკი (71. მაკედა) - იბიშევიჩი.
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - პოსპეხი, ბუნგერტი, ბელი, ზაბავნიკი - ბაუმგარტლინგერი - ზიმლინგი, მალი (75. ზალერი) - ედე (68. შ. პარკერი) - ნ. მიულერი, ივანშიტცი (76. სოტო).
გაფრთხილება: ულრაიხი, გენტნერი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 10(3)-15(3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 51 020

ჰანოვერი-ფორტუნა 3:0
გოლები: 1:0 მ. დიუფი (36), 2:0 ია კონანი (61), 3:0 ია კონანი (76)
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჯურუ, ეგიმანი (72. ჰაგი), პანდერი - და სილვა პინტუ (80. ანდრეასენი), ჰოფმანი (65. შტინდლი) - ჰ. საკაი, რაუში - მ. დიუფი, ია კონანი.
ფორტუნა (4-2-2-2): გიფერი - ვებერი, ბოძეკი, ლანგენეკე, ვან დერ ბერგი - პაურევიჩი (77. ილსიო), ო. ფინკი (52. რაიზინგერი) - ლამბერტცი, ბელინგჰაუზენი - ბოლი (68. კრუსი), შაჰინი.
გაფრთხილება: მ. დიუფი - ლანგენეკე, ვან დერ ბერგი, პაურევიჩი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 15(6)-13(2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 49 000

ნიურნბერგი-ვერდერი 3:2
გოლები: 0:1 დე ბრუინი (37), 1:1 ნილსონი (61), 2:1 პოლტერი (81), 3:1 პეკჰარტი (88), 3:2 დე ბრუინი (89)
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ბალიჩი, ნილსონი, კლოზე, პინოლა (77. ესვაინი) - სიმონსი, შტარკი (87. დაბანლი) - მენდლერი (59. პოლტერი), მაკი, პლატენჰარდტი - პეკჰარტი.
ვერდერი (4-1-2-1-2): მილიტცი - გებრე სელასიე, პრიოდლი, ლუკიმია, იგნიოვსკი - კროოსი (84. ა. სტევანოვიჩი) - ფრიტცი, იუნუზოვიჩი (67. შმიტცი) - დე ბრუინი - აკპალა (86. ვურტცი), პეტერსენი.
გაფრთხილება: მენდლერი, კლოზე
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16(5)-18(4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 46 157

ფრაიბურგი-შალკე 1:2
გოლები: 0:1 დრაქსლერი (20), 1:1 შმიდი (54), 1:2 შუსტერი (58-საკ. კარში)
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა (71. ჰედენსტადი), ჰიონი, გინტერი, ზორგი - შუსტერი (77. ფლუმი), მაკიადი - შმიდი, კერკი (64. სანტინი) - როზენტალი, კრუზე.
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი - ნოიშტედტერი, ჯონსი - ფარფანი (70. ფლუმი), რაფაელი, დრაქსლერი (80. ჰიოგერი) - ჰუნტელაარი (90. ბარნეტა).
გაფრთხილება: გინტერი, მაკიადი - ფარფანი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 14(3)-12(3); ბურთის ფლობა: %-%.
მაყურებელი: 24 000

აუგსბურგი-ფიურტი 3:1
გოლები: 1:0 ვერნერი (30), 2:0 კალსენ-ბრაკერი (55), 2:1 ტრინკსი (62), 3:1 ჟი (75)
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, მორავეკი (61. ფოგტი), ჟი, ვერნერი (77. კოო) - მიოლდერსი (89. დე იონგი).
ფიურტი (4-1-3-1-1): ჰესლი - მ. ციმერმანი, სობიეხი, მავრაი, ბაბა - გაისი (64. პლედლი) - კლაუსი, პრიბი, პარკი (43. აზემი) - ტრინკსი (79. შტიბერი) - ჯურჯიჩი.
მე-5 წუთზე პრიბმა (ფიურტი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: მორავეკი, ჰანი - კლაუსი, პარკი, მავრაი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 19-22; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 16(5)-6(2); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 30 112

ჰამბურგი-ლევერკუზენი 0:1
გოლი: 0:1 კისლინგი (90)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, იანსენი - ბადელი (66. რუდნევსი), რინკონი - ირაჩეკი (81. ილიჩევიჩი), ვან დერ ვაარტი, აოგო (78. ბაისტერი) - სონი.
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი (93. შვააბი), ვოლშაიდი, თოფრაქი, კადლეცი - რაინარტცი - ლ. ბენდერი, როლფესი - ჰეგელერი (68. ჰეგელერი), შიურლე (92. მ. ფრიდრიხი) - კისლინგი.
გაფრთხილება: ვესტერმანი, ბადელი, ვან დერ ვაარტი, ილიჩევიჩი - თოფრაქი, რაინარტცი
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 13(1)-15(7); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 57 000

აინტრახტი-ვოლფსბურგი 2:2
გოლები: 0:1 პოლაკი (8), 0:2 დიეგო (19), 1:2 ა. მაიერი (36-პენ), 2:2 როდრიგესი (90-საკ. კარში)
აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი (66. იოზერი) - ს. იუნგი, სამბრანო (59. შვეგლერი), ანდერსონი, ოჩიპკა (46. ჯაპკა) - როდე, რუსი - აიგნერი, ა. მაიერი, ინუი - ლაკიჩი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ჰასებე, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - მედოიევიჩი, პოლაკი - ვიეირინია (89. მადლუნგი), პერიშიჩი (38. ტრეში), დიეგო - ოლიჩი (82. ჰასანი).
გაფრთხილება: სამბრანო, როდე, რუსი - დიეგო
გაძევება: ჰასებე (35. ვოლფსბურგი)
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 11(3)-14(4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 51 500

საბოლოო მდგომარეობა

Sportall.Ge
საუკეთესო ბომბარდირი
შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი) - 25 გოლი

ბომბარდირები: 25 - კისლინგი (ლევერკუზენი); 24 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 16 - ა. მაიერი (აინტრახტი), იბიშევიჩი (შტუტგარტი), მანჯუკიჩი (ბაიერნი); 14 - როისი (დორტმუნდი); 13 - თ. მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი); 12 - მ. დიუფი (ჰანოვერი), რუდნევსი (ჰამბურგი), სონი (ჰამბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რობერტ ლევანდოვსკი: "დორტმუნდს" ორი უმთავრესი მატჩი დარჩა [VIDEO]
იუპ ჰაინკესი: მიონხენგლადბახი ჩემი სახლია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული