პოლდის გალაკონცერტი ფლორიდაში

AutoSharing Option
გერმანელი საფეხბურთო ექსპერტები ბუნდესგუნდის ამერიკულ ტურნეს და ფლორიდაში დანიშნულ ეკვადორთან ამხანაგურ შეხვედრას ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ მატჩი საკმაოდ თვალსასეირო გამოვიდა და გამოჩნდა, რომ ეს მოგზაურობა გერმანიის ნაკრებისთვის არც ისე უაზროა, როგორც მატჩის წინ ბევრს მიაჩნდა. რაც მთავარია, ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მეორე და მესამე შემადგენლობის ფეხბურთელები გამოსცადა.

ლუკას პოდოლსკიმ ბუნდესგუნდი მეშვიდე წამზე (!!!) დააწინაურა და რომც არ გვეთქვა, ალბათ, ისედაც მიხვდებოდით, რომ ეს გერმანიის ნაკრების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე სწრაფი გოლია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ ეს რეკორდი გააუმჯობესოს. 4 წუთის
შემდეგ ანგარიში უკვე 2:0 იყო და ესეც რეკორდია - იოახიმ ლიოვის ბიჭები ბოკა რატონში (ფლორიდა) ლაღად თამაშობდნენ და ეკვადორელთა კარში გოლების გატანა არ უჭირდათ.

არადა, ეს გერმანიის ნაკრების მეორე შემადგენლობა გახლდათ - ბუნდესგუნდს "ბაიერნის", "დორტმუნდისა" და "რეალის" ვარსკვლავები აკლდნენ.

ამ გამარჯვების შემდეგ საფეხბურთო გერმანია ოცნებას მიეცა - თუკი ფიფას რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფ ეკვადორს მეორე შემადგენლობით ასე იოლად ვუგებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლა ყველაზე მაგარი გუნდი გვეყოლებაო.

სწორედ ამ მოსაზრებამ მიიღო ყველაზე მეტი ხმა "ბილდის" გამოკითხვაში - გერმანელები ხომ ფიფას რეიტინგს და ზოგადად, ყველა რეიტინგს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.

ბუნდესგუნდში მონდომება ყველაზე მეტად პოდოლსკის ეტყობოდა. როგორც ჩანს, გერმანიის ნაკრების მენეჯერის, ოლივერ ბირჰოფის კრიტიკამ (პოლდი დიდი ხანია, ერთ ადგილს ტკეპნისო) ლუკასზე მართლა მაგრად იმოქმედა. თანაც, ლიოვმა მეორე შემადგენლობაში კაპიტნობა არა მას, არამედ პერ მერტეზაკერს მისცა და ამით უკვე ორმაგად მოტივირებული პოლდი ეკვადორთან საუკეთესო იყო და დუბლიც შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ საგოლე პასი მას ორივე შემთხვევაში გერმანიის ნაკრების დებიუტანტმა მისცა: პირველი გოლის დროს სიდნი სემმა უპასა, მეორე გოლის დროს კი - მაქს კრუზემ.

"ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშით სიამოვნების მიღება იყო. კარგად ვითამაშე და მართლაც ვისიამოვნე. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა გერმანიის ნაკრების მოსაზრებას აქვს..."
- აღნიშნა ლუკასმა და ყველა მიხვდა, როგორი დაბოლოება იგულისხმა - და არა ბირჰოფისასო.

აღსანიშნავია, რომ პოდოლსკისთან ერთად შესანიშნავი იყო "ლევერკუზენის" საყრდენი ნახევარმცველი ლარს ბენდერიც, რომელმაც ასევე დუბლი მიითვალა. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ეკვადორისა და გერმანიის ნაკრები გუნდების ტესტ-მატჩს მხოლოდ 5 500 მაყურებელი დაესწრო, რაც ბუნდესგუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია. ანტირეკორდი 1998 წელს დაფიქსირდა, როცა რუმინეთის ნაკრებთან მალტაზე გამართულ მატჩს სულ რაღაც 1500 მაყურებელი დაესწრო.

ამხანაგური მატჩი

ეკვადორი-გერმანია 2:4
გოლები: 0:1 პოდოლსკი (1), 0:2 ლ. ბენდერი (4), 0:3 პოდოლსკი (17), 0:4 ლ. ბენდერი (24), 1:4 ვალენსია (44), 2:4 ვ. აიოვი (84)
ეკვადორი (4-2-2-2): ბანგუერა - პარედესი, აჩილიე (67. გუაგუა), ერასო, ვ. აიოვი - ნობოა (60. კვინონესი), კასტილიო (70. სარიტამა) - ვალენსია, მონტერო (81. დე ხესუსი) - ბენიტესი (60. როხასი), ფ. კაისედო (35. იბარა).
გერმანია (4-2-3-1): ადლერი - ჰიოვედესი, მერტეზაკერი, ვესტერმანი, იანსენი - ლ. ბენდერი (91. ვოლშაიდი), ნოიშტედტერი (66. რაინარტცი) - სემი (69. შიურლე), დრაქსლერი (57. ჰანტი), პოდოლსკი (89. ნ. მიულერი) - მ. კრუზე (79. აოგო).
გაფრთხილება: პოდოლსკი, რაინარტცი, ვესტერმანი
მაყურებელი: 5 500

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული