შეუძლია "მაინცს" დორტმუნდის წნეხის ქვეშ მოქცევა?
დორტმუნდის "ბორუსია" და "მაინცი" მდევრებს ჯერჯერობით მაგრად უსწრებენ, რის გამოც, მინიმუმ ორ ტურში, პირველ ადგილზე დარჩენისა, თუ გალიდერების შანსი მხოლოდ ამ გუნდებს აქვთ. რაკი "ბორუსიამ" ხუთშაბათს ევროპის ლიგაში ითამაშა (0:0 პსჟ-სთან), იურგენ კლოპის გუნდი გერმანიის ჩემპიონატის მატჩს ხვალ გამართავს. მეორეადგილოსანი "მაინცი"
"არ არსებობს მიზეზი, რის გამოც თავი ცუდად უნდა ვიგრძნოთ. ათი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი მეორე ადგილზეა, რაც ზღაპრული შედეგია. შესაბამისად, ჩვენთან კითხვის ნიშნები ჯერ არ დასმულა," - ეს "მაინცის" მენეჯერის, კრისტიან ჰაიდელის სიტყვებია. თუმცა "მაინცმა" ბოლო ოთხი ოფიციალური მატჩიდან სამი წააგო (ორი ბუნდესლიგაში, ერთიც გერმანიის თასზე) და არა გვგონია, რომ კარნავალელები ამაზე არ ნერვიულობდნენ. სხვათა შორის, ბოლო ოთხი ოფიციალური თამაშიდან, "მაინცის" მეტოქე "ფრაიბურგსაც" სამი აქვს წაგებული. წინა ტურში "ფრაი" "ბაიერნთან" დამარცხდა (2:4) და ეს იყო პირველი თამაში ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, რომელშიც ბრაისგაუელთა გოლეადორმა პაპის დემბა სისემ გოლის გატანა ვერ შეძლო.
ვან გაალი დაკვირვების ქვეშ, ფრონტცეკი ჩემოდნებზე
"ბაიერნისთვის" ქულების დაკარგვა უკვე კატეგორიულად აკრძალულია. რეკორდმაისტერს ჰიონესისა და ვან გაალის კინკლაობა ჩემპიონთა ლიგაში ოდნავადაც არ დაეტყო ("ბაიერნმა" კლუჟი 4:0 გაანადგურა), მაგრამ შესაძლოა, იმიტომაც, რომ მეტოქე ჰყავდა ძალიან სუსტი. დღეს მიუნხენელები მიონხენგლადბახში ჩადიან და ისევ სახელდახელოდ შეკრებილი შემადგენლობით უნდა ითამაშონ. თუმცა ბავარიული გრანდი მაინც ფავორიტია - თუნდაც იმიტომ, რომ ვან გაალმა "მეორეხარისხოვანი" ფეხბურთელებით ბოლო ექვსი თამაშიდან, ხუთი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა...
მიონხენგლადბახელები კი ნამდვილად ბედნიერები იქნებოდნენ, "ბაიერნის" დარი პრობლემები რომ ჰქონდეთ. ბუნდესლიგაში "გლადბახს" მეორე ტურის (6:3 "ლევერკუზენთან") შემდეგ აღარ მოუგია, წინა ტურში კი "კაიზერსლაუტერნთან" 0:3 განადგურდა. არცაა გასაკვირი, საფეხბურთო გერმანია "ბორუსიას" თავკაც მიხაელ ფრონტცეკს მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში, უმუშევრად დარჩენას რომ უწინასწარმეტყველებს.
თხების შეფად შეფერს ტოვებენ
"კიოლნში" სამწვრთნელო საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილია: ზვონიმირ სოლდოს გათავისუფლების შემდეგ, დროებით დამრიგებლად დანიშნული ფრანკ შეფერის ხელში "თხებმა" ორივე თამაში მოიგეს, რის გამოც ეს უკანასკნელი ჯერჯერობით გუნდის მწვრთნელად რჩება. "კიოლნის" ფანები განსაკუთრებით "ჰამბურგის" დამარცხებამ (3:2) გააბედნიერა და თუ "თხები" დღეს "ნიურნბერგსაც" მოუგებენ, იქნებ ქომაგები მენეჯერ მიხაელ მაიერსაც შეურიგდნენ, რომელიც, მიუხედავად წარმატებებისა, ლანძღვა-გინების ობიექტად დარჩა. თუმცა "ნიურნბერგი" ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. რაც უნდა იყოს, "ფრანკებმა" ამ სეზონში "შტუტგარტის", "ვოლფსბურგის", "შალკეს" და "ვერდერის" დამარცხება შეძლეს, "ჰამბურგთან" და "ლევერკუზენთან" კი არ წააგეს. "ნიურნბერგის" ფანები უდიდეს იმედებს ამყარებენ ექიჩი-შიბერ-გიუნდოგანის ტრიოზე - ეს ფეხბურთელები მართლაც ბრწყინვალე ფორმაში არიან. თუ "ნიურნბერგმა" "კიოლნი" დაამარცხა, შესაძლოა, ფრანკები ჰანს მაიერის ეპოქის შემდეგ პირველად მოხვდნენ საუკეთესო ხუთეულში. გაგახსენებთ, "რკინის ჰანსის" დროს "ნიურნბერგმა" გერმანიის თასი მოიგო.
მინიმუმ საუკეთესო ხუთეულში ყოფნაზე ოცნებობენ ის გუნდებიც, რომლებიც ამ ტურში ერთმანეთში ხვდებიან: "ჰამბურგი"-"ჰოფენჰაიმი", "აინტრახტი"-"ვოლფსბურგი". მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდები ცხრილში ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, მომხვდურებში სხვადასხვანაირი განწყობაა. მიუხედავად წინა ტურში "შტუტგარტთან" მოგებისა (2:0), ექს-ჩემპიონ "ვოლფსბურგის" მდგომარეობას მაინც კრიზისული ეთქმის, ჰამბურგელებმა კი უკვე აღიარეს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა HSV-სთვის უტოპიაა. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ არმინ ფეეს "ჰამბურგი" "ჰოფენჰაიმთან" აუტსაიდერად მიიჩნევა - თუნდაც იმიტომ, რომ HSV-ს რუუდ ვან ნისტელროი დაუშავდა. "ჰოფემ" წინა ტურშიც ბრწყინვალედ ითამაშა, "ჰანოვერი" მიწასთან გაასწორა (4:0) და ხალხს კიდევ ერთხელ გაახსენა შარშანწინდელი "ჰოფენჰაიმი", რომელიც 2008/2009 წლის სეზონში დებიუტანტის რანგში შემოდგომის ჩემპიონი გახდა. სხვათა შორის, "ჰოფეს" ფორვარდ დემბა ბას, ათი ტურის შემდეგ, ორი წლის წინაც 6 გოლი ჰქონდა გატანილი...
გეკასი მკვდრეთით აღსდგა?
დემბა ბაზე უფრო მეტად მონდომებულია "აინტრახტის" თავდამსხმელი თეოფანის გეკასი, რომლის ანგარიშზე უკვე ათი გოლია. ბერძენი გოლეადორი ერთხელ უკვე გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი (მაშინ "ბოხუმის" ღირსებას იცავდა) და ახლაც პირველ ადგილზეა. "აინტრახტი" კი მეხუთე ადგილზეა, მაგრამ დღეს "ვოლფსბურგის" სახით ძალიან სახიფათო მეტოქე ჰყავს.
დორტმუნდი დაღლილია
ლიდერმა დორტმუნდის "ბორუსიამ" ხუთშაბათს პარიზში დამღლელი ომი გადაიტანა (0:0), ხვალ "ჰანოვერს" ხვდება და ლიდერობის შენარჩუნებას ეცდება. გერმანიის თასსა და ევროპის ლიგის მატჩსაც თუ ჩავთვლით, "ბორუსიასთვის" ეს ზედიზედ მეოთხე გასვლითი შეხვედრაა. BVB-ს თავკაცმა იურგენ კლოპმა იცის, რომ "ჰანოვერი" სახიფათო გუნდია. "წითლები" მეექვსე ადგილზე, კომფორტულად არიან მოკალათებულები.
სეზონში მიმდინარე მოვლენებით კამყოფილი უნდა იყოს "ლევერკუზენიც". იუპ ჰაინკესის გუნდი ევროპის ლიგაშიც წარმატებით ასპარეზობს, ხოლო ბუნდესლიგაში კი, "შალკეს" დამარცხების შემდეგ (1:0), საუკეთესო ოთხეულშია გაშინაურებული. დღეს "ლევერკუზენის" მეტოქე "კაიზერსლაუტერნია", რომელმაც ერთი კვირის წინ "გლადბახი" გაამწარა (3:0) და კრიზისიდან გამოდის.
"შტუტგარტმა" ევროპის ლიგაში ჯგუფიდან გასვლა უკვე გაინაღდა (ხუთშაბათს "ხეტაფეს" 3:0 მოუგო), ბუნდესლიგაში კი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია: "ვოლფსბურგთან" წაგების (0:2) მერე შვაბები ისევ გასავარდნ ზონაში, ბოლოდან მესამე ადგილზე არიან). ამას ემატება ტრავმირებულთა გრძელი სიაც: მართალია, შვაბებს კაპიტანი მატიო დელპიერი უბრუნდებათ, სამაგიეროდ, "ხეტაფესთან" მეორე ცენტრალური მცველი, სერდარ ტასკი დაშავდა და "ვერდერთან" ვერ ითამაშებს. მძიმე მდგომარეობაშია "ვერდერიც" - ბრემენელები გერმანიის თასიდანაც გავარდნენ და ჩემპიონთა ლიგაშიც მხოლოდ მესამე ადგილზე გასვლაა რეალური. პოზიტიური მხოლოდ ისაა, რომ თომას შააფის გუნდს ახლა მთლიანად ბუნდესლიგაზე შეუძლია კონცენტრირება. ამრიგად, "მერსედეს-ბენც-არენაზე" ჩასატარებელი მატჩი ორივე გუნდისთვის საორიენტაციოა.
დღეს
ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30
აინტრახტი-ვოლფსბურგი 18:30
ბორუსია (მ)-ბაიერნი 18:30
ფრაიბურგი-მაინცი 18:30
ნიურნბერგი-კიოლნი 18:30
ხვალ
ჰანოვერი-ბორუსია (დ) 18:30
ლევერკუზენი-კაიზერსლაუტერნი 20:30
შტუტგარტი-ვერდერი 20:30
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 10 8 1 1 23-7 25
2. მაინცი 10 8 0 2 19-10 24
3. ჰოფენჰაიმი 10 5 3 2 21-13 18
4. ლევერკუზენი 10 5 3 2 19-15 18
5. აინტრახტი 10 5 1 4 17-10 16
6. ჰანოვერი 10 5 1 4 13-16 16
7. ბაიერნი 10 4 3 3 12-10 15
8. ჰამბურგი 10 4 3 3 15-14 15
9. ნიურნბერგი 10 4 3 3 14-14 15
10. ფრაიბურგი 10 5 0 5 16-18 15
11. ვერდერი 10 4 2 4 19-21 14
12. ვოლფსბურგი 10 4 1 5 17-16 13
13. ზტ. პაული 10 4 1 5 12-15 13
14. კაიზერსლაუტ. 10 3 1 6 13-18 10
15. კიოლნი 10 2 2 6 12-19 8
16. შტუტგარტი 10 2 1 7 16-19 7
17. შალკე 10 1 3 6 10-17 6
18. ბორუსია (მ) 10 1 3 6 14-30 6
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"