პეპ გვარდიოლას პირველი შოუ: 15:1

AutoSharing Option
ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში მიუნხენის "ბაიერნი" პირველ ტესტ-მატჩს ყოველთვის თავის რომელიმე ფანკლუბის ნაკრებთან ატარებს ხოლმე და ეს ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა:

რეკორდმაისტერი ამჯერად ვილდენაუს ფანკლუბის ნაკრებს შეხვდა - მატჩი 11 000 მაყურებლის თვალწინ ჩატარდა, რომელიც "ბაიერნმა", მოლოდინისამებრ, დიდი ანგარიშით, 15:1 მოიგო. ეს გახლდათ მიუნხენური გრანდის პირველი ამხანაგური შეხვედრა ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით.

პოლიციელებისგან, სტუდენტებისგან, მექანიკოსებისგან და სხვა პროფესიის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული მოყვარული ფანების გუნდი "ბაიერნის" ძალის საზომად რომ არ გამოდგება, ამას თქმაც არ უნდა, მაგრამ ამ მატჩშიც ბევრი რამ იყო საინტერესო. ხოსეპ
გვარდიოლა თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში რაღაც-რაღაცებს იწერდა, ფეხზე კი მხოლოდ ერთხელ წამოხტა. მეორე ტაიმში პეპმა ჟერომ ბოატენგი მიიხმო და დიდხანს ესაუბრებოდა. პეპის გვერდით, სათადარიგო ფეხბურთელებთან ერთად, მისი ასისტენტები დომენეკ ტორენტი და ჰერმან გერლანდი, ასევე, "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი ისხდნენ.

"ბაიერნმა" თამაში იუპ ჰაინკესის ფორმაციის ტაქტიკით, 4-2-3-1 დაიწყო, თუმცა პეპმა სქემა პირველივე ტაიმში რამდენჯერმე შეცვალა და გუნდი ხან 4-1-4-1-ზე, ხანაც 4-3-3-ზე გადააწყო. რამდენიმე ახალგაზრდა, მეორე გუნდის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა "ბაიერნმა" პირველი ტაიმი 3:0 მოიგო, შესვენებაზე კი გვარდიოლამ თითქმის მთელი შემადგენლობა გამოცვალა.

ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ მეორე ნახევარში ფრანკ რიბერი ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა - პეპმა ფრანგი გარემარბი ზუსტად იმ პოზიციაზე გაამწესა, რომელზეც "ბარსელონაში" ლიონელ მესის ათამაშებდა. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ რიბერი ცენტრალური თავდამსხმელის რანგში ოფიციალურ შეხვედრებშიც ვიხილოთ ხოლმე.

პირველი გოლი "ბაიერნის" ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელმა ოლივერ მარკუტცმა გაიტანა, მერე კი მიულერმა, რანკოვიჩმა, ვაინრაუხმა (4-ჯერ), კროოსმა, გრინმა (3), ვაიზერმა (2) და რიბერიმ (2) იხეირეს. ფანკლუბის ნაკრებიდან კი პრესტიჟის გოლი ფიორსტერმა შეაგდო.

"გვარდიოლას ხელმძღვანელობით ვარჯიში და თამაში ძალიან სასიამოვნოა. პეპს უამრავი ახალი იდეა აქვს. ყველაფერთან ერთად, მას ისიც ეტყობა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო, - განაცხადა მატჩის შემდეგ რიბერიმ და იქვე დასძინა, - ჰეთ-თრიკის გამეორება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის მაქსიმალური კონცენტრაცია იქნება საჭირო".

თავად გვარდიოლას ჩვენი გერმანელი კოლეგებისთვის ისევ არაფერი უთქვამს - პეპმა მატჩის შემდეგ გუნდის ავტობუსს უკომენტაროდ მიაშურა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფილიპ ლამი: პეპს მალე შევეჩვევით!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული