რეკორდმაისტერის საყრდენი ნახევარმცველი ანდრეას ოტლი ამბობს, ძალიან ხმამაღლა ყვიროდა, მაგრამ ზრდილობის ფარგლებს არ გასცდენია, მეტიც, ყველას თქვენობით მოგვმართავდაო. „გასახდელიდან შოკირებულები, განადგურებულები გამოვედით. ჯერ არ მინახავს, რომ მწვრთნელს ასე აკადემიურად გაელანძღოს გუნდი. ვან გაალმა ჯერარნახულად გვაგრძნობინა, რომ იმედები ძალიან გავუცრუეთ,“ - ეს ჰამით ალთინთოფის სიტყვებია.
„ბილდის“ ცნობით, ლუისი „ბაიერნის“ ფეხბურთელებს პირველ რიგში მატჩისადმი გულგრილ დამოკიდებულებას აბრალებდა. „მიუნხენერ თაგესცაითუნგმა“ კი დაწერა, ვან გაალი ფეხბურთელებს ასეთ სიტყვებს უყვიროდაო: „როდის გაიღვიძებთ ბოლოს და ბოლოს, როდის გამოფხიზლდებით? თქვენ გააფუჭეთ თამაში, თქვენ ყველაფერი გააფუჭეთ! მოგებული თამაში ათ წუთში კინაღამ წააგეთ. გრცხვენოდეთ!“
ლუისმა პრესკონფერენციაზეც დაადასტურა, ფეხბურთელებს ძალიან გავუბრაზდიო. „რადგან დაუშვებელია, რომ ისეთი გუნდი, როგორიც „ბაიერნია“ ათ წუთში ასეთ სულელურ გოლებს უშვებდეს და თავს უდიდეს ხიფათში იგდებდეს,“ - თქვა ჰოლანდიელმა. ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი შემდეგი დასძინა: „გლადბახთან“ ფრე, თანაც ასეთი ფრე წაგების ტოლფასია. მეორე ტაიმის პირველ წუთებში „ბაიერნმა“ ისე ითამაშა, როგორც რეგიონალლიგის გუნდები თამაშობენ ხოლმე და ისიც უმოტივაციო მატჩებში.“
საინტერესო კი ის არის, რომ მიუნხენურ კლუბს მეტად ცუდი ჩვევა დასჩემდა: ვან გაალის ბიჭები წელს ჩემპიონთა ლიგის თამაშების შემდეგ ბუნდესლიგაში ვერაფრით იგებენ. „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაში ოთხი თამაში ჩაატარა (სხვათა შორის ოთხივე მოიგო), რის შემდეგაც ბუნდესლიგაში ვერცერთხელ შეძლო სამი ქულის მოპოვება. ბავარიელთა საპატიო პრეზიდენტ ფრანც ბეკენბაუერის ლოგიკური დასკვნა: „რას ვიზამთ, ეს იმას ნიშნავს, რომ წელს გერმანიის ჩემპიონი სხვა გუნდი გახდება!“
„ბილდის“ კორესპონდენტის კონტრკითხვა კაიზერს: „თქვენ ფიქრობთ, რომ მიუნხენელებმა „ვერცხლის სინის“ შენარჩუნებაზე ფიქრი უნდა შეწყვიტონ?“
ბეკენბაუერი: „ფიქრით, შეუძლიათ, იფიქრონ, მაგრამ გუნდი, რომელიც ბოლოადგილოსანს ვერ უგებს, საჩემპიონო გუნდი არ არის.“
მიმომხილველთა გარკვეული ნაწილის აზრით, „ბაიერნზე“ ნეგატიური გავლენა იქონია ვან გაალისა და ული ჰიონესის დაპირისპირებამაც. „ბაიერნის“ ლეგენდარული მწვრთნელი უდო ლატეკი: „ვგრძნობ, რომ ვან გაალი ძალიან განაწყენებულია არა მარტო ფეხბურთელებზე, არამედ ჰიონესზე და ზოგადად „ბაიერნის“ ხელმძღვანელებზე. მას თავისებური ხედვა აქვს და არ უნდა, რომ ვინმეს მოსაზრებები გაიზიაროს. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ული ჰიონესსაც თავისი, ვან გაალისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს და მას უნდა, რომ ვან გაალი მის მოსაზრებებს იზიარებდეს. მოკლედ, ული და ლუისი ერთად დიდხანს ვეღარ მოძოვენ...“
ვერდერის ფეხბურთელებს შააფის გაგდება უნდათ?
გრცხვენოდეთ! - ამ სიტყვას გასულ უქმეებზე მხოლოდ ვან გაალი როდი ყვიროდა, ამ დღეში იყო ბრემენის „ვერდერის“ მთავარი მწვრთნელი თომას შააფიც. განსხვავება კი მხოლოდ იმაშია, რომ „ვერდერის“ მდგომარეობა გაცილებით დრამატულია, ვიდრე „ბაიერნისა“. კვირას „მუსიკოსები“ შტუტგარტში 0:6 განადგურდნენ, რის შემდეგაც შააფთან ერთად, ხმა ბრემენელთა სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმაც აიმაღლა.
„მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. წარმოგიდგენიათ? „შტუტგარტს“ ოდნავადაც ვერ გავუწიეთ წინააღმდეგობა!“ - თქვა შააფმა.
ბრემენელთა დამრიგებელი გაურკვევლობაშია, მის გარშემო სრული ქაოსია. თუ მანამდე ვერ მიხვდა, თომასი კვირას, შტუტგარტის „მერსედეს-ბენც-არენაზე“ მიღებული ცივი შხაპის შემდეგ მაინც მიხვდებოდა, რომ ძალიან ცუდ დღეშია. შააფს გუნდი აღარ მიჰყვება, მიზეზი არავინ იცის და ვერც შააფი ხვდება, რაშია საქმე. ფაქტია, რომ გუნდი ასე საზიზღრად მხოლოდ მაშინ თამაშობს ხოლმე, როცა ფეხბურთელებს მწვრთნელის მოშორება უნდათ.
ბრემენელები ჩემპიონთა ლიგაშიც ძალიან ცუდად გამოიყურებიან და წინა კვირაში, „ტვენტესთან“ წაგების შემდეგ, შააფი ყველამ გააკრიტიკა, რის შემდეგაც, ფეხბურთელებმა უფრო მეტად „მოინდომეს“ და... 0:6 ყველაფერზე მეტყველებს! მეკარე ტიმ ვიზემ, რომელიც ერთადერთი ბრემენელი იყო, ვინც სამარცხვინო წაგების გამო ძალიან გაბრაზდა, მატჩის შემდეგ თავისი თანაგუნდელების თამაშს ამაზრზენი უწოდა.
შეფ ალოფსს შააფის გათავისუფლების ალბათობაზე კრინტი არ დაუძრავს - ისიც ფეხბურთელებს დაემუქრა, მოღალატეებს სასტიკად დავსჯიო, მაგრამ თუ გუნდი მართლაც შააფის წინააღმდეგ მოქმედებს, ალოფსი უძლური იქნება. არადა, თომასი „ვერდერში“ 11 წელია მუშაობს...
გეკასი და კაგავა მეხუთედ
ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-4-3)
ოკა ნიკოლოვი (აინტრახტი) - აცუტო უჩიდა (შალკე), მაიკ ფრანცი (აინტრახტი), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ) - სიდნი სემი (ლევერკუზენი), იენს ჰეგელერი (ნიურნბერგი), ილქაი გიუნდოგანი (ნიურნბერგი), შინჯი კაგავა (ბორუსია დ) - თეოფანის გეკასი (აინტრახტი), რაული (შალკე), ჩიპრიან მარიკა (შტუტგარტი)
დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალგაზრდა ვარსკვლავი შინჯი კაგავა მეხუთედ მოხვდა „კიკერის“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში, რაც ნამდვილად ფენომენალური მიღწევაა იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ მხოლოდ თერთმეტი ტურია ჩატარებული. სხვათა შორის, „კიკერმა“ ტურის სიმბოლურში ასევე მეხუთედ შეიყვანა „აინტრახტის“ ფორვარდი თეოფანის გეკასი, რომელიც ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია (11 გოლით). ზედიზედ მეორედ, ისე კი, მესამედ, სიმბოლურშია „ნიურნბერგის“ ნიჭიერი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანიც. აი, რაულ გონსალეს ბლანკოს კი, ტურის რჩეულთა შორის პირველად ვხედავთ.
ტურის გმირი
ჩიპრიან მარიკა (შტუტგარტი)
„კიკერმა“ ტურის გმირად „შტუტგარტის“ რუმინელი თავდამსხმელი ჩიპრიან მარიკა დაასახელა და უნდა ვთქვათ, რომ ეს ამ ფეხბურთელისთვის დიდი ფუფუნებაა. თვითონ განსაჯეთ: მარიკა ბუნდესლიგაში სამი წელია თამაშობს და 88 მატჩი ჩაატარა, მისი საუკეთესო შეფასება კი, რაც აქამდე „კიკერისგან“ მიუღია, მხოლოდ ორი ბალი იყო და ისიც ერთხელ დაიმსახურა. კვირა მარიკას დღე იყო - რუმინელმა ბრემენის „ვერდერს“ ერთი გოლი თვითონ გაუტანა, სამი კი სხვებს გაატანინა. გარდა ამისა, მარიკამ ბრწყინვალედ იასპარეზა - ბევრს დარბოდა, მედგრად იბრძოდა. შესაბამისად, „კიკერმა“ მას საუკეთესო შეფასება, ერთიანი დაუწერა. „შტუტგარტმა“ სამი წლის წინ ჩიპრიან მარიკას სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადა და რუმინელმა რეალურად მხოლოდ ახლაღა დაამტკიცა, რომ ამხელა თანხად ღირდა.
საუკეთესო ფეხბურთელები
ათი ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.32
2. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.50
3. კრისტიან ვეტკლო მაინცი 2.55
4. თეოფანის გეკასი აინტრახტი 2.60
5. მანუელ ნოიერი შალკე 2.64
6. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.64
7. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.68
8. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.69
9. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.73
10. ტომ შტარკე ჰოფენჰაიმი 2.75
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
1. თეოფანის გეკასი აინტრახტი 11 2 13
2. იულიან შიბერი ნიურნბერგი 3 7 10
3. დემბა ბა ჰოფენჰაიმი 6 3 9
4. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 9 0 9
5. ლუის ჰოლტბი მაინცი 2 7 9
6. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 6 2 8
7. ედინ ჯეკო ვოლფსბურგი 7 1 8
8. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 3 5 8
9. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 4 4 8
10. გრაფიტე ვოლფსბურგი 6 1 7
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"