„ჩვენთვის ყველაზე კარგი ის იქნება, თუ ახლა მხოლოდ მომვდენო, „ჰამბურგთან“
ცხადია, ბოსს ფეხბურთელებიც მაშინვე აჰყვნენ. მაგალითად, მეკარე რომან ვაიდენფელერმა თქვა, ამ სეზონს ჯერჯერობით „ძალიან მაგარ სეზონს“ ვუწოდებ, სხვა დანარჩენს კი დრო გვიჩვენებსო. „გერმანიის ჩემპიონობაზე მხოლოდ მაშინ და იმ შემთხვევაში ავლაპარაკდები, თუ ბოლო ტურის წინაც პირველ ადგილზე ვიქნებით და მეორე ადგილზე მყოფ გუნდთან მინიმუმ ოთხქულიანი უპირატესობა გვექნება,“ - აღნიშნა ვაიდენფელერმა.
„ბორუსია“ მოქმედ ჩემპიონ „ბაიერნს“ ახლა 12 ქულით უსწრებს და იმედია, არ გიკვირთ, საზომად ისევ რეკორდმაისტერი რომ ავიღეთ და არა მეორე ადგილზე მყოფი „მაინცი“. არც დორტმუნდელთა მიდგომაა გასაკვირი - გერმანიაში „ბაიერნის“ გარდა, ჩემპიონობაზე ხმამაღლა არცერთი გუნდის ფეხბურთელები და შეფები არ ლაპარაკობენ ხოლმე. „ვერცხლის სინზე“ საუბარი მხოლოდ მაშინ იწყება, თუ ამა თუ იმ გუნდის ჩემპიონობის პერსპექტივა ძალიან რეალური ხდება ხოლმე.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, დორტმუნდელები ვერსად გაექცევიან იმ ფაქტს, რომ „ბორუსია“ გერმანიაში დღესდღეობით საუკეთესო გუნდია. არგუმენტები? რამდენიც გინდათ: BVB -ს ბუნდესლიგაში ათმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (სულ კი 11 ტურია ჩატარებული); ცხრა მოგება, ერთი ფრე; „ბორუსიას“ ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (27) და ყველაზე ცოტა გასვებული (7); დორტმუნდელებმა განვლილ თერთმეტ ტურში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი (103) შექმნეს; „ბორუსიას“ ყველაზე სახიფათო ნახევარმცველები ჰყავს (17 გოლი, 20 საგოლე პასი); სათადარიგო ფეხბურთელები ყველაზე ხარისხიანები არიან - მე-4 და მე-5 „ჯოკერ-გოლები“ „ჰანოვერთან“ (ლევანდოვსკი, ბლაშჩიკოვსკი).
გერმანიაში ახლა ყველა 21 წლის შინჯი კაგავაზე ლაპარაკოვს - იაპონელმა ჰანოვერში კიდევ ერთხელ „ჩართო ტურბო“ და 690-წუთიანი უგოლო სერიაც შეწყვიტა, რის გამოც, თურმე სულაც არ ნერვიულობდა. კლოპს უთქვამს, ნუ გეშინია, კარისკენ ურტყიო, იაპონელმაც დაარტყა და ისევ გაიტანა.
„ჰანოვერთან“ მატჩის შემდეგ უკმაყოფილო არც 22 წლის ნური შაჰინი იყო, რომელმაც „წითლების“ მეკარე ფლორიან ფრომლოვიტცს პენალტი ვერ გაუტანა. თურქს უკმაყოფილების საფუძველი ნამდვილად ჰქონდა, რადგან ბოლო ორ კვირაში მეორე თერთმეტმეტრიანი გააცუდა.
მატჩის შემდეგ კი კიდევ ერთხელ, ვინ მოთვლის, უკვე მერამდენედ დამტკიცდა, რომ „დორტმუნდს“ შესანიშნავი, ყველასგან განსხვავებული მწვრთნელი ჰყავს. იურგენ კლოპმა თქვა, სანამ „ბორუსიას“ მწვრთნელი ვარ, თერთმეტმეტრიანებს მხოლოდ ნური შაჰინი დაარტყამსო. შესაძლოა, იმიტომაც, რომ შაჰინის პოტენციურმა ალტერნატივებმა, ლუკას ბარიოსმა და რობერტ ლევანდოვსკიმ ბოლოს თურქზე უარესი ქნეს - „ოფენბახთან“ გერმანიის თასის მატჩის თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტები ორივე მათგანმა გააფუჭა, BVB -მ კი 2:4 წააგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"