იტალიელმა და ინგლისელმა ერთმანეთს როგორ უნდა გაუგონ?

AutoSharing Option
„ვოლფსბურგი“ მიმდინარე სეზონში ერთ ადგილს ტკეპნის, თანაც, ისეთს, სადაც ნამდვილად არ არის იმ გუნდის ადგილი, რომელსაც ჯერ კიდევ შარშან გერმანიის მოქმედი ჩემპიონი ერქვა. მაგრამ თავი დავანებოთ იმას, რომ „ვოლფსბურგი“ ცხრილში მე-12 ადგილზეა. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ცნობა, რომლის შესახებაც გუშინდელ ნომერში მოკლედ ვწერდით, საბოლოოდ დადასტურდა: „აინტრახტთან“ მატჩის დროს, რომელიც „მგლებმა“ 1:3 წააგეს, გუნდის მთავარ მწვრთნელ სტივ მაკლარენსა და დაცვის იტალიელ ბურჯ ანდრეა ბარძალის ძალიან მაგრად უჩხუბიათ.

ეს ყველაფერი „ვოლფსბურგის“ გასახდელში მოხდა და ალბათ არც გახმაურდებოდა, რომ არა ერთი
უცნაურობა: მეორე ტაიმში მაკლარენმა ბარძალი ალექსანდერ მადლუნგით შეცვალა. არადა, თუ მცველებიდან ვინმე იყო მოედნიდან გასაყვანი, პირველ რიგში ბარძალის მეწყვილე სიმონ კიაერი. ინგლისელი სპეციალისტის ოფიციალური განმარტება ასეთია: „მადლუნგის სახით, მოედანზე ისეთი მცველის გაყვანა მსურდა, რომელიც მეორე სართულზე კარგად თამაშობს.“

იტალიელი მცველი და ინგლისელი სპეციალისტი გასახდელში ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარძალი მაკლარენის ხელში ვეღარ გაიხარებს. იტალიელს, რომელიც „ვოლფსბურგში“ 2007 წელს გადავიდა და რომლის სანაცვლოდაც გერმანულმა კლუბმა „პალერმოს“ 13.9 მილიონი ევრო გადაუხადა, კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება. „კიკერის“ ცნობით, მაკლარენს გადაწყვეტილი აქვს, რომ ბარძალი ზამთარშივე მოიშოროს, რათა „ვოლფსბურგმა“ ტრანსფერიდან ფინანსური სარგებელი ნახოს.

ბარძალი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მაკლარენთან თავს კარგად არ გრძნობს - მწვრთნელზე ბრაზილიელი თავდამსხმელი გრაფიტეც ნაწყენია.  ეს უკანასკნელი უკმაყოფილოა იმით, რომ მაკლარენმა ისიც შესვნებაზე შეცვალა. ამრიგად, სტივს გუნდში ახლა უკვე ორი მტერი ჰყავს - ბარძალი და გრაფიტე. ამას დაუმატეთ „ვოლფსბურგის“ კრიზისი და მიხვდებით, რომ მაკლარენის თავზეც უკვე ძალიან მოიღრუბლა. მომდევნო ტურში კი „ვოლფსბურგი“ „შალკეს“ მასპინძლობს.


სტანიმ ხმა აიმაღლა
„ზანკტ პაულის“ მთავარი მწვრთნელი ჰოლგერ სტანისლავსკი თავისი შეგირდებით ძალიან უკმაყოფილოა. ბუნდესლიგაში წელს აღზევებული გუნდის თავკაცმა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელები მაგრად გააკრიტიკა და თითოეულ მათგანს აზრზე მოსვლისკენ მოუწოდა. „თავიდან ყველა გუნდისთვის არასასურველი მეტოქეები ვიყავით, რადგან აგრესიულად ვთამაშობდით და შედეგებიც კარგი გვქონდა. ახლა კი, რატომღაც მოვეშვით,“ - განაცხადა სტანისლავსკიმ. „ზანკტ პაულის“ დამრიგებელი შეგირდებისგან თავდამსხმელ მარიუს ებერსისთვის პასების უფრო ხშირად მისცემას ითხოვს, მცველებს კი მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ პარასკევს კიცელები „შალკესთან“ 0:3 დამარცხდნენ, რის შემდეგაც „ზანკტ პაული“ სატურნირო ცხრილში მეცამეტე ადგილამდე ჩამოქვეითდა.


რიბერი ბრუნდება
„ბაიერნის“ ფანებს შეუძლიათ, შვებით ამოისუნთქონ: ფრანკ რიბერიმ ვარჯიში განაახლა და დიდი შანსია, რომ ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ითამაშოს. მიუნხენური კლუბი კვირას ბავარიულ დერბიში „ნიურნბერგს“ ხვდება. „კვირას აუცილებლად უნდა ვითამაშო,“ - უთხრა რიბერიმ „ბილდს“. თუმცა, იასპარეზებს თუ არა გამოჯანმრთელებული რიბერი „ნიურნბერგთან“, ეს „ბაიერნის“ თავკაც ლუის ვან გაალის გადასაწყვეტია, რომელსაც ფეხბურთელების მოთხოვნების შესრულება, როგორც იცით, არ უყვარს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული