ვინც გერმანულ ფეხბურთში კარგად ერკვევა, მას ისიც ეცოდინება, რომ თომას შააფი და ბრემენის „ვერდერი“ განუყრელები არიან. 49 წლის სპეციალისტი „ვერდერს“ 1999 წლის 10 მაისიდან წვრთნის და ნელ-ნელა უახლოვდება ოტო რეჰაგელის გასაოცარ რეკორდს - რეჰაგელი „ვერდერს“ 14 წლისა და ექვსი თვის მანძილზე ხელმძღვანელობდა. შააფისა და „ვერდერის“ გაყრა გერმანიაში ვერავის წარმოუდგენია. უფრო სწორად, ვერავის წარმოედგინა - ამ დღეებში ბრემენში და ზოგადად გერმანიაში სერიოზულად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ შესაძლოა, „ვერდერისა“ და თომასის გზები გაიყაროს.
ბრემენელბმა ბუნდესლიგაში ზედიზედ ოთხი თამაში წააგეს და ჩემპიონთა ლიგიდანაც ფატობრივად
ერთი სიტყვით, თომასი უმძიმესი წნეხის ქვეშაა და თამამად ვიტყვით, მას მერე, რაც „ვერდერს“ ავარჯიშებს, ასეთი მძიმე მდგომარეობა პირველად აქვს. მართალია, ბრემენული კლუბის ბოსი კლაუს ალოფსი ჯერ კიდევ შააფის მხარესაა და „შტუტგარტთან“ კატასტროფული მარცხის შემდეგ ყვიროდა, დამნაშავე ფეხბურთელებს სასტიკად დავსჯი, შააფის „ვერდერიდან“ წასვლა კი გამორიცხულიაო, მაგრამ თუ ფეხბურთელები თომასს მართლაც აუმხედრდნენ და მის წინააღმდეგ თამაშობენ, ალოფსიც უძლური იქნება - მთელ გუნდს ხომ არ გაყრის, ისევ მწვრთნელი უნდა მოიშოროს თავიდან.
სიმართლეს ოფიციალურად არავინ იტყვის, მაგრამ რთული მისახვედრი მართლაც არ არის ის, რომ გუნდსა და მწვრთნელს შორის ძალიან დაძაბული მდგომარეობაა. რაც დრო გადის, შააფის წინააღმდეგ მოქმედებას მით უფრო მეტი ფეხბურთელი იწყებს. „შტუტგარტთან“ მატჩის შემდეგ შააფი დაღონებული იყო და ამბობდა, ასეთი რამ აქამდე არასდროს მინახავს, მეტოქეს მცირედი წინააღმდეგობაც კი არ გავუწიეთო. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ ბოლო წლებში შააფსა და ფეხბურთელებს შორის დისტანცია ძალიან გაიზარდა. უკვე რამდენიმე წელია, „ვერდერის“ ფეხბურთელები ხშირად ჩივიან იმაზე, რომ მწვრთნელი მათ უემოციოდ ექცევა. კულისებში „ვერდერის“ არაერთ ფეხბურთელს უთქვამს, თომასს ყველაფერი მობეზრდა, ყოველი დღე ერთმანეთს გავს, ახალი არაფერი ხდებაო. მეტიც, „ბილდის“ ინფორმაციით, ზოგიერთ მოთამაშესთან შააფს რამდენიმე წელია (!) პირადი საუბარი არ ჰქონია. „ბილდი“ რამდენიმე ფეხბურთელის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ შააფის გამო მოთამაშეების გარკვეული ნაწილი ვარჯიშზე მაქსიმალურად გვიან მიდის, ვარჯიშის შემდეგ კი ყველას ერთი სული აქვს ხოლმე, როდის წავლენ. „ვერდერის“ ფეხბურთელები კომუნიკაბელურ მწვრთნელს ითხოვენ, ისეთ ტიპაჟს, როგორიც, მაგალითად, დორტმუნდის „ბორუსიას“ თავკაცი იურგენ კლოპია.
საინტერესოა ისიც, რომ შააფს „ვერდერის“ გულშემატკივრებთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა. „შტუტგარტთან“ მატჩის შემდეგ მან ფეხბურთელებთან ერთად, ქომაგებიც გააკრიტიკა, რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარ ფეხბურთელს არ უნდა უსტვინონო - ბრემენელმა ფანებმა სტვენით მიკაელ სილვესტრი აიკლეს. თომასმა კი თქვა, ვინც სილვესტრს უსტვინა, ნუ იტყვის, რომ „ვერდერის“ ნაღდი ფანიაო. არადა, სილვესტრმა მართლაც ამაზრზენად ითამაშა. ისიც ახალწვეულია, როგორც მარკო არნაუტოვიჩი, რომელიც ასევე ვერ ამართლებს იმედებს. ვერ შეივსო მესუთ იოზილის წასვლით გამოწვეული სიცარიელეც - აარონ ჰანტმა და მარკო მარინმა „რეალში“ გადასული სუპერვარსკვლავი ღირსეულად ვერ შეცვალეს.
ალოფსი და შააფი თერთმეტი წელია ერთად მუშაობენ და სულაც არ არის გასაკვირი ის, რომ კლაუსს თომასის გაშვება არ უნდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვილი ლემკე ამბობს, თომას შააფს ასი პროცენტით, ყოველგვარი „თუსა“ და „მაგრამის“ გარეშე ვენდობითო.
გუშინ შააფს და ალოფსს ფეხბურთელებთან კრიზისული სხდომა ჰქონდათ, რომელიც სამ საათს გაგრძელდა. შედეგი: შააფი ფეხბურთელებს ახლა დღეში სამჯერ ავარჯიშებს, მოთამაშეებს თავისუფალი დრო შეეზღუდათ. არის თუ არა ეს საკმარისი იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს, ეს უკვე მომავალ უქმეებზე, ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მატჩში გამოჩნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"