გერმანიის ნაკრები 17 ნოემბერს შვედეთს ამხანაგურად ეთამაშება და ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა საშვედეთო შემადგენლობა დღეს უნდა დაასახელოს, მაგრამ გაზეთმა „ბილდმა“ იოგის გუშინვე გაამხელინა იმ ხუთი ახალგაზრდა ფეხბურთელის ვინაობა, რომელთა გერმანიის ნაკრებში გამოძახება ფაქტობრივად გარდაუვალი იყო. ლიოვმა „ბილდს“ განუცხადა, რომ მაინცელები ანდრე შიურლე და ლუის ჰოლტბი, ასევე დორტმუნდის „ბორუსიას“ სამი ახალგაზრდა ტალანტი, კევინ გროსკროიტცი, მარიო გიოტცე და მატს ჰუმელსი ბუნდესგუნდის საშვედეთო განაცხადში აუცილებლად მოხვდებიან.
იოგი ბოლო დროს განსაკუთრებით დორტმუნდელი ტალანტებითაა აღფრთოვანებული - არცაა გასაკვირი, „ბორუსია“ ხომ ბრწყინვალე ფორმაშია და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს
ერთპიროვნულად ლიდერობს. „მიმდინარე სეზონში ხუთივე ფეხბურთელი შესანიშნავად თამაშობს. ვფიქრობ, ძალიან მალე ეს მოთამაშეები უმაღლესი კლასის ფეხბურთელებად ჩამოყალიბდებიან. ბოლო დროს ბევრი მაკრიტიკებს იმის გამო, რომ ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეებს პირდაპირ ეროვნულ ნაკრებში ვეპატიჟები. ყველა იმას იმეორებს, რომ ადრე გერმანიის პირველ ნაკრებში მოხვედრისთვის არაერთი ეტაპის გადალახვა იყო საჭირო. ჩემს შემთხვევაში კი ასე არ არის და არც იქნება. როდესაც ვგრძნობ, რომ ესა თუ ის ახალგაზრდა ფეხბურთელი უკვე მზად არის იმისათვის, რომ ბუნდესგუნდში ითამაშოს, ასეთებს აუცილებლად გამოვიძახებ,“ - უთხრა ლიოვმა „ბილდს“.
ლიოვს ყველაზე მეტად 18 წლის გიოტცეს, 20 წლის შიურლესა და 20 წლის ჰოლტბის საქმეში ნახვა აინტერესებს. 22 წლის გროსკროიტცისა და 21 წლის ჰუმელსისგან განსხვავებით, ზემოთ ხსენებულ ტრიოს გერმანიის ნაკრებში აქამდე არასდროს უთამაშია. დიდი შანსია, რომ იოგიმ ეს ხუთი ფეხბურთელი შვედეთთან სულაც ძირითად შემადგენლობაში გაამწესოს. სამაგიეროდ, იოგი რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დაასვენებს.