ერთი წელი გავიდა...

AutoSharing Option

ზუსტად ერთი წლის წინ, გერმანია და მთელი საფეხბურთო ევროპა შოკისმომგვრელმა ინფორმაციამ შეაძრწუნა: 2009 წლის 10 ნოემბერს გერმანიის ნაკრებისა და „ჰანოვერის“ მეკარე რობერტ ენკემ თავი მოიკლა. 32 წლის სპორტსმენი, რომელსაც 19 წლის ასაკიდან დეპრესიები ჰქონდა, საკუთარი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში, დიდი სიჩქარით მოძრავ მატარებელს ჩაუვარდა...

გუშინ ჰანოვერში და ენკეს მშობლიურ დაბა ემპედეში მწუხარების დღე იყო. ახლობლებმა, მეგობრებმა, ნათესავებმა, თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა რობერტის საფლავი ყვავილებითა და უამრავი სამადლობელი წერილით შეამკეს. რობერტის ქვრივმა, ტერეზა ენკემ კი სახელდახელო პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა: „დღეს რობის გარდაცვალების

დღეა. ტრაგედიიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა, მე კი მგონია, რომ მთელი ათწლეულებია გასული, რადგან რობის გარეშე დრო ჯოჯოხეთურად ნელა გადის. მინდა, ეს შემთხვევა გამოვიყენო და დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც დღეს და განვლილ თვეებში ჩემს მეუღლეზე ფიქრობდნენ ან მხარში ამომიდგნენ. ამ ერთი წლის განმავლობაში ათასობით წერილი მივიღე და ყველას, რა თქმა უნდა, ვერ ვუპასუხებდი, მაგრამ დამიჯერეთ, თითოეული ასეთი წერილი ძალას მმატებს და მახარებს.“

ენკეს საფლავი ყვავილებით შეამკეს გერმანიის ნაკრების პრეზიდენტმა თეო ცვანციგერმა, გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა და მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმაც. „ამ საფლავთან მდგომი ვიხსენებ ბრწყინვალე ადამიანს, ნამდვილ პროფესიონალს, რომელმაც გული მაგრად დაგვწყვიტა. რთულია იმის დაჯერება, რომ რობერტი ცოცხალი აღარ არის,“ - აღნიშნა ლიოვმა.
„ეს იყო ტრაგედია, რომელიც ძალიან დიდხანს გაგვყვება,“ - ეს კი DFB-ს პრეზიდენტ თეო ცვანციგერის სიტყვებია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული