არიენ რობენი ხოსეპ გვარდიოლათი აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
"ბაიერნმა" "ტელეკომის თასზე" თავისი შესაძლებლობები ყველას უჩვენა - ახალი სეზონი ჯერ არ დაწყებულა და რეკორდმაისტერი ისევ ყველას შიშის ზარს სცემს. "ჰამბურგისა" და "გლადბახის" სახით, პეპ გვარდიოლას ბიჭებმა ორი სერიოზული გუნდი გაანადგურეს და სეზონის სტარტს საუკეთესო ფორმითა და განწყობით ხვდებიან.

"რაღაც-რაღაცები შეიცვალა, ზოგიც მერე შეიცვლება. გვარდიოლას თავისი იდეები აქვს, რომლებითაც პირადად მე აღფრთოვანებული ვარ, - აცხადებს არიენ რობენი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - ტაქტიკური გადაადგილებებიც იქნება და რაც ყველაზე მთავარია, უკვე ვხვდები, რომ გვარდიოლას ფორმაციის "ბაიერნი" კიდევ უფრო ძლიერი იქნება".

29 წლის
ჰოლანდიელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მარიო გიოტცესა და ტიაგო ალკანტარას ტრანსფერების შემდეგ "ბაიერნს" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს: "ასეთ ძლიერ გუნდში მე მართლა პირველად ვთამაშობ," - ამბობს რობენი.

წინა სეზონის დასკვნით ფაზაში რობენი "ბაიერნის" გმირი გახდა, რაშიც მას ტონი კროოსის ტრავმა დაეხმარა. ახლა კროოსიც გამოჯანმრთელდა და თანაც, ბავარიელებმა კიდევ ალკანტარა და გიოტცე იყიდეს, რაც ნახევარდაცვაში კონკურენციის კიდევ უფრო გამძაფრებას ნიშნავს, მაგრამ რობენს არ ეშინია:

"თუ ჯანმრთელად ვიქნები და მაღალ დონეზე ვითამაშებ, დარწმუნებული ვარ, რომ ძირითადი შემადგენლობიდან არ ამოვვარდები. არა მგონია, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მომიწიოს," - დასძენს ჰოლანდიელი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაბრწყინებით რობენმა უმძიმესი წნეხი მოიშორა და ფიქრობს, რომ წესით, ახლა უფრო თავისუფლად და შესაბამისად, გაცილებით უკეთ ათამაშდება: "ბაიერნში" ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც მინდოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავნაყრდი. ჩემპიონთა ლიგის შემდეგ მართლაც უდიდესი შვება ვიგრძენი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტი ტიტულის მოგებაც მინდა.

ახლა ყველა იმაზე ლაპარაკობს, ვინ გახდება ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და კანდიდატებს შორის მეც მომიაზრებენ, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მთავარს უკვე მივაღწიე".


შეგახსენებთ, რომ არიენ რობენი "ბაიერნში" 2009 წლიდან თამაშობს და ბავარიულ გრანდთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ტელეკომის თასი 2013": "ბაიერნმა" "ჰამბურგს" და "მიონხენგლადბახს" გადაურბინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული