ვან ბომელი თავისებურად დაბრუნდა

AutoSharing Option
მარკ ვან ბომელი სანაკრებო შეკრებაზე მიღებული ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიშს შეუდგა და "თავის გამოჩენაც" მოასწრო. ორმხრივი თამაშისას "ბაიერნის" კაპიტანი ანატოლი ტიმოშჩუკს ეუხეშა, რასაც ფეხბურთელთა შორის წაკინკლავება მოჰყვა. 33 წლის ჰოლანდიელისა და 31 წლის უკრაინელის გაწევ-გამოწევაში სასწრაფოდ ჩაერივნენ თანაგუნდელები და ინცინდენტს სერიოზული გაგრძელება აღარ მოჰყოლია.

რაღა თქმა უნდა, ფაქტი უსიამოვნოა, მაგრამ მსგავსი რამ ამა თუ იმ გუნდის ვარჯიშებზე მაინც არაა უცხო. აქ საინტერესო უფრო ისაა, რომ ტიმოშჩუკი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვან ბომელის უშუალო კონკურენტია და ბოლო მატჩებში მარკს სწორედ ანატოლი ცვლიდა,
რომელიც ვან ბომელის დაშავებამდე უიმედოდ იჯდა სათადარიგოთა სკამზე.

შეიძლება, კონკრეტულად ტიმოშჩუკის წინააღმდეგ უხეში თამაშიც უბრალო დამთხვევა იყოს, მაგრამ რაკი ვან ბომელის ზნე კარგად ვიცით, მაინც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მან კონკურენტის დამტვრევა წინასწარ განიზრახა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამ ორ ფეხბურთელს შორის კონკურენციას ვერაფრით ვუწოდებთ ჯანსაღს.

ჯერჯერობით, უცნობია, მიიღებს თუ არა "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ვან ბომელის მიმართ რაიმე ზომებს. ბუნდესლიგის უახლოეს მატჩში მისი მონაწილეობა ისედაც ნაკლებად სავარაუდო იყო, რადგან ვან ბომელს ფიზიკური კონდიციები ბოლომდე ჯერ არ აღუდგენია.

იმასაც შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ერთმანეთის მისამართით მკვახე გამონათქვამები არ დაუშურებიათ მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალსა და გენერალურ მენეჯერ ული ჰიონესს. ამას დაუმატეთ გუნდის არასახარბიელო შედეგები და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბაიერნს" ცუდი დროება უდგას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული