რატომ დაინტერესდა დავიდ ლუისით "ბაიერნი"

AutoSharing Option
ევროპის საკლუბო ჩემპიონმა მიუნხენის "ბაიერნმა" 2013/14 წლების სეზონი გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის "ბორუსიასთან" ლოგიკური მარცხით (4:2) დაიწყო. "ვესტფალეშტადიონზე" მრისხანე მასპინძლის წინაშე მეტოქის დაცვა უსუსურად გამოიყურებოდა.

განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ეს მეორე ტაიმში. ამის მიუხედავად ბრიტანულ მედიას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, რომ პეპ გვარდიოლას პირველი მარცხით სპეკულირებს, როცა მიუნხენელებს "ჩელსის" 26 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველის დავიდ ლუისის შეძენის სურვილს მიაწერს. ვერ დავაბრალებთ, რადგან მსგავსი რამ უკვე არაერთხელ დაწერილა და ამ ფონზე თემა უბრალოდ თავისთავად გაცოცხლდა. "დეილი მეილის" ინფორმაციით, "ბაიერნი" მზად არის ევროპის სუპერთასზე
თავის მომავალ მეტოქეს სამხრეთამერიკელ ვარსკვლავში 40 მილიონი ევრო (34.5 მლნ ფუნტი) გადაუხადოს.

ზოგიერთი გამოცემა კი იმასაც წერს, რომ "ჩელსი" ოფიციალურ წინადადებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან გვარდიოლა მიუნხენელთა ამჟამინდელ ცენტრალურ მცველებს ნაკლებად ენდობა. ამავეს ამტკიცებენ ჩვენი გერმანელი კოლეგებიც. მათი ვარაუდით, კატალონიელი სპეციალისტი დაცვაში ხავი მარტინესის გადაწევას აპირებს.

"ბაიერნი" პირველი ევროპული გრანდი არ არის, ვინც დავიდ ლუისის შეძენა დააპირა. ანალოგიური მიზანი ჰქონდა და დღემდე არ გაჰქრობია ამის სურვილი "ბარსელონასაც". ერთია, რას აპირებენ სხვები და მეორე ჟოზე მოურინიოს პოზიცია. ის ფეხბურთელის გაყიდვას არ გეგმავს.

ლუისმა "ჩელსისთან" ახალ, 5-წლიან კონტრაქტს 2012 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. ბრაზილიელის პოზიცია, ვინც კონფედერაციის თასზე მონაწილეობის გამო ვარჯიში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ განაახლა, უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიუნხენის "ბაიერნი" დავიდ ლუისში 40 მილიონ ევროს იხდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული