ფრანკ რიბერი: ამაზე მეტი რა უნდა მინდოდეს!

AutoSharing Option
უკვე ექვსი წელიწადია, რაც ფრანკ რიბერი მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას იცავს და ბავარიულ გრანდში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. 30 წლის ფრანგ დრიბლიორს ამიტომაც არ სურს მიუნხენიდან წასვლა და კარიერის "ბაიერნში" დასრულებაც თითქმის გადაწყვეტილი აქვს.

ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში რიბერი რეკორდმაისტერის ახალ თავკაც ხოსეპ გვარდიოლაზე და ახალ სეზონში დასახულ მიზნებზე საუბრობს.

- ჰერ რიბერი, საინტერესოა, დღეში რამდენჯერ გახსენდებათ ის, რომ "ბაიერნმა" წინა სეზონში ისტორიული ჰეთ-თრიკი შეასრულა?
- ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ ცხადია, ხშირად მახსენდება. მაისში განცდილი მომენტები დაუვიწყარია. შვებულებაში
ყოფნის დროს ყოველ დილას ბედნიერი ვიღვიძებდი, რადგან ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფის მომენტები მახსენდებოდა. "ბაიერნმა" სამივე ტიტული დამსახურებულად მოიგო - ეს იმდენად ძლიერი გუნდია, რომ ასეთი ტრიუმფის გამეორებასაც იმსახურებს.

- როგორ ფიქრობთ, მაინც რა იყო ამ ისტორიული წარმატების მთავარი მიზეზები?
- პირველ რიგში ის, რომ 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის საკუთარ მოედანზე წაგების შემდეგ უფრო მეტად მოვინდომეთ და შარშანდელი იმედგაცრუება წელს ისტორიული ტრიუმფით გავაბათილეთ. არა მგონია, რომ ეს ბევრ გუნდს მოეხერხებინა. მეტიც: მიმაჩნია, რომ ფინალის ასე ტრაგიკულად წაგების შემდეგ ფეხზე წამოდგომა და მომდევნო წელს ფინალის მოგება მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნს" შეუძლია. ჩვენმა გუნდმა განუმეორებელი მენტალური სიძლიერე გამოამჟღავნა. ყურები კი არ ჩამოვყარეთ, უფრო მოვინდომეთ, გავძლიერდით და ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ერთი სიტყვით, მე ვფიქრობ, რომ უმთავრესი მიზეზი სწორედ კონცენტრაციასა და მოტივაციაში იყო.

- ამ ლოგიკით, მომავალ სეზონში საკმაოდ რთულ ვითარებაში უნდა აღმოჩნდეთ - რაკი წინა სეზონში ყველაფერი მოიგეთ, გუნდს მოტივირება გაუჭირდება...
- არა მგონია, რომ ასე მოხდეს. შვებულებიდან ყველანი კარგად დასვენებულები დავბრუნდით. ვხვდებით და ვაცნობიერებთ იმას, რომ მეტოქეები ახლა უფრო მეტი მონდომებით შეგვებრძოლებიან. "ბაიერნის" დამარცხებაზე ახლა უკვე ყველა გუნდი ოცნებობს. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ "ბაიერნი" დანაყრდა - ჯერ კიდევ კიდევ დამშეულები ვართ და ისევ ყველა ტიტულის მოგება გვინდა.

- პეპ გვარდიოლას სახით ახალი მწვრთნელი გყავთ, რომელმაც წარმატებულ გუნდში საკმაოდ ბევრი რამ შეცვალა. თვეზე მეტია, რაც ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ვარჯიშობთ და საინტერესოა, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე გვარდიოლამ?
- ყველაფერი ძალიან კარგადაა. ჰო, პეპი მართლაც ბევრ რამეს ცვლის და ცდილობს, რაც განსაკუთრებით ტაქტიკურ მხარეს ეხება, მაგრამ მე მისი ყველა ვარჯიში ძალიან მსიამოვნებს, რადგან თითქმის სულ ბურთთან ერთად ვვარჯიშობთ. გვარდიოლა ყველა ვარჯიშზე უმაღლეს კონცენტრაციას ითხოვს და ბოლო დროს უმეტესად ტაქტიკურ დეტალებზე გვავარჯიშებს. ცხადია, ჯერ კიდევ დროა საჭირო იმისათვის, რომ ყველაფერი დავაბალანსოთ და მისი ტაქტიკა ავითვისოთ, მაგრამ "ბაიერნის" ფეხბურთელები საკმარისად ნიჭიერები ვართ იმისათვის, რომ ეს მალე შევძლოთ. ისიც ჩანს, რომ თავად პეპიც ყოველთვის საქმეზეა კონცენტრირებული. მას არ უნდა, რომ "ბაიერნი" თუნდაც ერთი წამით იყოს დამოკიდებული იღბალზე და უნდა, რომ გუნდმა წინა სეზონის ტრიუმფი გაიმეოროს.

- იუპ ჰაინკესის ხელში "ბაიერნი" მუდმივად 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით თამაშობდა და რეკორდმაისტერმა ჰეთ-თრიკი სწორედ ამ ტაქტიკით შეასრულა. როგორ ფიქრობთ, ტაქტიკის შეცვლა და 4-1-4-1-ზე გადასვლა აუცილებელი იყო?
- ყველას თავისი აზრი აქვს, თქვენც, მეც და გულშემატკივრებსაც, მაგრამ თავისი აზრი აქვს გვარდიოლასაც. პლუსებზე და მინუსებზე ყოველთვის შეიძლება საუბარი, ტაქტიკის შეცვლის მთავარი პლუსი კი ჩემი აზრით ის არის, რომ ახალი ტაქტიკით მეტოქეებისთვის უფრო არაპროგნიზირებადები ვიქნებით. გვარდიოლას უშუალოდ თამაშის დროსაც უყვარს ტაქტიკის შეცვლა, რითაც ყველა მეტოქეს დავაბნებთ. საკმარისია, რამდენიმე გადაადგილება მოხდეს, რომ მოწინააღმდეგეს აზრზე მოსასვლელად მინიმუმ გარკვეული დრო დასჭირდება.

- პირადად თქვენ რა მიზნებს ისახავთ?
- პირველ რიგში, გერმანიის ჩემპიონობის შენარჩუნება გვინდა - პრიორიტეტი ყოველთვის ბუნდესლიგას ენიჭება. დორტმუნდის "ბორუსია" ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ახლა ჩვენ გვინდა, ყველას ვუჩვენოთ, ვინ არის გერმანიაში პირველი. ჩემპიონთა ლიგის მოგებას აუცილებელ მიზნად ვერ დავისახავთ, რადგან ამ ტურნირის მოსაგებად მხოლოდ სიძლიერე არ კმარა - უნდა გაგიმართლოს კიდეც. ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგაში რაც შეიძლება შორს გასვლა გვინდა. ეს ადვილი არ იქნება, რადგან ყველა გრანდი დამშეულია და ყველანი ძლიერდებიან. თუმცა ჩვენ უდავოდ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ შარშანდელი ტრიუმფი გავიმეოროთ.

- ივნისის ბოლოს "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტი გააფორმეთ, რომელსაც ვადა 2017 წლის 30 ივნისამდე აქვს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კარიერის მიუნხენში დამთავრება გადაწყვიტეთ?
- რა დროს კარიერის დამთავრებაზე ფიქრია? ჯერ მხოლოდ 30 წლის ვარ და ფეხბურთის თამაშს კიდევ დიდხანს ვაპირებ. თუ ყველაფერი ისე კარგად იქნება, როგორც ბოლო სამ წელიწადში იყო, თამამად შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ კარიერის ბოლომდე "ბაიერნში" დავრჩე. ფაქტია, რომ მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც მიუნხენში თავს შესანიშნავად ვგრძნობთ. თანაც, უძლიერეს გუნდში ვთამაშობ, ფანები ჩემზე გიჟდებიან. ფეხბურთის თამაშითაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, რადგან გუნდი შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს. ამაზე მეტი და უკეთესი რა უნდა მინდოდეს?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბასტიან შვაინშტაიგერი გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად შეცდომით დაასახელეს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული