ბუნდესლიგა. I ტურის წინ: ტრადიციული დასაწყისი

AutoSharing Option
"ბაიერნმა" შემადგენლობის გაძლიერება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 2011 წლის ზაფხული ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ გამორჩეული იყო, რადგან გუნდში ჟერომ ბოატენგი და მანუელ ნოიერი მივიდნენ. ვინ რას ელოდა სეზონის სტარტზე გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებისგან ვერ გეტყვით, მაგრამ რაც მოხდა, ამას ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა.

7 აგვისტოს გამართულ შეხვედრაში 62-ე წუთზე ახალწვეულების შეუთანხმებელი თამაშის წყალობით რეკორდმაისტერმა მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" წააგო. ერთადერთი გოლის ავტორი იგორ დე კამარგო გუნდმა ამ ზაფხულს გაყიდა "ჰოფენჰაიმში".

აქვე იმის გახსენებაც შეიძლება, რომ მაშინ ბაბაკ რაფატიმ თომას მიულერს წესების დაცვით გატანილი
გოლი გაუუქმა, თუმცა ახლა ამაზე აპელირება ნამდვილად უადგილო იქნებოდა. პირველ ტურში ეს გუნდები ერთმანეთს უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ - 2001/02-ში (0:1), 2002/03-ში (0:0), 2005/06-სა (3:0) და 2011/12-ში (0:1).

9 აგვისტოს თბილისის დროით 22:30-ზე ბუნდესლიგის 51-ე გათამაშება იწყება, რომელსაც ტრადიციულად ქვეყნის ჩემპიონის თამაში გახსნის. 2011 წლის ზაფხულისა არ იყოს, "ბაიერნში" ამ ზაფხულსაც დიდი ცვლილებები მოხდა. მეტიც, გუნდს ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს.

პეპ გვარდიოლას ბუნდესლიგური დებიუტი მხოლოდ ლოკალური საფეხბურთო მოვლენა არ არის და ვერც იქნება, რადგან მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარებული 42 წლის ესპანელი ევროპის მოქმედ საკლუბო ჩემპიონში იწყებს მუშაობას.

მიონხენგლადბახელებმა უკვე ძალიან დიდი ხანია დაკარგეს წამყვანი პოზიციები ბუნდესლიგაში, თუმცა "ბორუსიასა" და "ბაიერნს" შორის მატჩებს ამით არაფერი დაჰკლებია. გულშემატკივრები ტრიბუნებზე თუ მის მიღმა ისევ ძველებურად "უღრენენ" ერთმანეთს. სიმართლე ითქვას, ჩრდილო რაინვესფალიელებს სალაპარაკო ნამდვილად აქვთ.

"ბორუსია" ხომ "ბაიერნისთვის" დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ითვლება. ამის დასტურია, რომ უკანასკნელი ოთხი დაპირისპირებიდან გერმანიის მოქმედმა ჩემპიონებმა მხოლოდ ერთში იმარჯვეს. 2012/13 წლების სეზონის ბოლო ტურში იუპ ჰაინკესის გუნდმა ნამდვილ ტრილერში 4:3 მოიპოვა სამი ქულა.

ბაიერნი-ბორუსია (მ) 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაედერი, ბადშტუბერი, კონტენტო, გიოტცე, ჰოიბერგი - მერო
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +43=27-20 (174-114)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა: ყველა თამაშს 7:0-ს ვერ მოვიგებ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული