ბუნდესლიგა: უკუღმართი ამბავი მიუნხენში

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-12 ტური გუშინ, ტურის ცენტრალური მატჩით გაიხსნა, რომლის შესახებაც დაწვრილებით ორშაბათს ვისაუბრებთ. თუმცა, ბუნდესლიგის მოყვარულებს დღეს და ხვალაც არანაკლებ საინტერესო სანახაობები გველის.

თუნდაც დღეს, სატურნირო ცხრილის „სარდაფში“ გასამართი მატჩი რად ღირს: „კიოლნისა“ და მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ სახით ერთმანეთს ხომ მოსისხლე მტრები უპირისპირდებიან. გარდა იმისა, რომ ეს თამაში რაინის უმძაფრესი დერბია, „კიოლნისა“ და „გლადბახის“ შეხვედრას დამატებით ინტრიგას ის ფაქტი სძენს, რომ მასპინძელი ბოლოსწინა ადგილზეა, სტუმარი კი ბოლოზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქულები ორივე გუნდს ჰაერივით ესაჭიროება. „კიოლნმა“ ერთი კვირის წინ ორმატჩიანი
მოგებათა სერია შეწყვიტა, დამარაცხდა რა დროებით მწვრთნელ ფრანკ შეფერის ხელში პირველად (1:3 ნიურნბერგში), მიონხენგლადბახელებმა კი, წინა ტურში „ბაიერნთან“ უმძიმესი ბრძოლა გადაიტანეს და 3:3-ს მიაღწიეს.

იმ დროს, როცა „კიოლნი“ და „გლადბახი“ აუტსაიდერები არიან, რაინის ყველაზე წარმატებულ წარმომადგენლად ბუნდესლიგაში „ლევერკუზენი“ რჩება. „ფარმაცევტებმა“ ბოლოს „კაიზერსლაუტერნს“ მოუგეს (3:1) და მესამე ადგილზე „აძვრნენ“. ახლა კი, იუპ ჰაინკესსა და მის გუნდს „ზანკტ პაულისთან“ ექნებათ საქმე - თანაც სტუმრად, ჰამბურგში. შედარებით სუსტმა მეტოქემ „ბაიერს“ სულზე მოუსწრო, რადგან მიხაელ ბალაკის, შტეფან კისლინგის და სამი ჰიიპიას მერე, ჰაინკესს ერენ დერდიოკის სახით მეოთხე წამყვანი ფეხბურთელიც დაუშავდა. თუმცა „ზანკტ პაული“ არცისე ხელწამოსაკრავი გუნდია. მართალია, ჰოლგერ სტანისლავკის სამწყსოს ბოლო სამი მატჩიდან სამივე წაგებული აქვს, მაგრამ წინა ტურის შემდეგ მწვრთნელმა „განგაშის ზარებს შემოჰკრა“ და ფეხბურთელები აზრზე მოიყვანა. აღსანიშნავია, რომ „ზანკტ პაული“ საკუთარ „მილერნტორშტადიონზე“ ძალიან ცუდად გამოიყურება ხოლმე, „ლევერკუზენს“ კი სტუმრად გამართული ხუთი მატჩიდან, ოთხი მოგებული აქვს.

სატურნირო ცხრილში „ზანკტ პაულის“ მისდევენ და სამ-სამი ქულით ჩამორჩებიან „კაიზერსლაუტერნი“ და „შტუტგარტი“, რომლებიც ამ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ერთი კვირის წინ, „ლაუტერნმა“ ლევერკუზენში ზედიზედ მეხუთე გასვლითი თამაში წააგო (1:3) - მიუხედავად იმისა, რომ „წითელი ეშმაკები“ მანამდე სტუმრად „მაინცსაც“ უგებდნენ, „ჰამბურგსაც“ და „ფრაიბურგსაც“, საბოლოოდ ყველა ჩამოთვლილი შეხვედრა დათმეს. მოკლედ, რასაც სტუმრად კარგავენ, კაიზერსლაუტერნელებმა სახლში უნდა აინაზღაურონ, მაგრამ დღეს ერთი კვირის წინ დასერიოზულებულ მეტოქესთან ექნებათ საქმე: კაიზერსლაუტერნში „შტუტგარტი“ ჩადის - გუნდი, რომელმაც წინა ტურში „ვერდერი“ 6:0 გაანადგურა. „კიოლნისა“ არ იყოს, შვაბებსაც დროებითი მწვრთნელი ჰყავთ - იენს კელერი, რომლის ხელშიც „შტუტგარტმა“ შვიდი ოფიციალური თამაშიდან ხუთი მოიგო.

ბრემენული კლუბისთვის შტუტგარტში განცდილი კრახი ბუნდესლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხი იყო. ჩვენს გერმანელ კოლეგებს უკვე სერიოზულად ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ ბრემენელი ფეხბურთელების დიდ ნაწილს მთავარი მწვრთნელის, თომას შააფის თავიდან მოშორება უნდა. ამას დაემატა დისკუსიები მარკო არნაუტოვიჩის შესახებ, რომელიც „მუსიკოსებმა“ ზაფხულში ჰოლანდიური „ტვენტედან“ დიდი ზარ-ზეიმით შეიძინეს და რომელიც იმედებს ათი პროცენტითაც კი ვერ ამართლებს. ავსტრიელ თავდამსხმელს გერმანიაში კი უკვე სასტიკად აკრიტიკებენ და ერთი სიტყვით, არნაუტოვიჩი „ვერდერის“ პრობლემაა. მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ბრემენელებს მაინც იმედი აქვთ, რომ სულ მალე ყველაფერში გამოსწორდებიან. კრიზისიდან გამოსვლისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა „ვერდერს“ დღეს „აინტრახტთან“ მატჩით შეუძლია, მაგრამ ფრანკფურტული კლუბი წელს ძალიან კარგად გამოიყურება და სავსებით სამართლანადაც მიიჩნევა ფავორიტად. თვითონ განსაჯეთ: 11 ტურის შემდეგ, „აინტრახტი“ მეოთხე ადგილზეა. მიხაელ სკიბეს გუნდს შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და თანაც, ამ შვიდი მატჩიდან ექვსი მოიგო. გერმანიის თასზე კი ფრანკფურტელებმა „ჰამბურგი“ გაანადგურეს და ერთი სიტყვით, იმას აკეთებენ, რაც წესით „ვერდერს“ უნდა გაეკეთებინა.

ფრანკფურტელთა სიძლიერე ბოლოს „ვოლფსბურგმა“ იგრძნო - ერთი კვირის წინ „აინტრახტმა“ გერმანიის ექს-ჩემპიონი 3:1 დაამარცხა. დღეს „მგლებს“ „შალკესთან“ ექნებათ საქმე, ამ გუნდს კი „ვოლფსბურგის“ ყოფილი დამრიგებელი ფელიქს მაგათი წვრთნის, რაც დამატებითი ინტრიგაა. ორივე გუნდს კრიზისი უდგას, თუმცა „შალკემ“ წინა ურში დამაჯერებლად მოიგო და ვინიცობაა, იშტაზე იყოს მოსული, რაც წესით, „ვოლფსბურგსაც“ უნდა აგრძნობინოს. ისე, „ვოლფსბურგში“ ძალიან არამდგრადი ვითარებაა. როგორც იცით, ერთი კვირის წინ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა და იტალიელმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ იჩხუბეს, რაც იმით დამთავრდა, რომ ინგლისელი სპეციალისტი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონს დასანახად ვეღარ იტანს. შუა კვირაში კი, ვარჯიშის დროს, ერთმანეთს მაჯრვენა მცველი რიტერი და ბრაზილიელი გამთამაშებელი დიეგო დაეტაკნენ. მაკლარენი ბარძალის სავარაუდოდ აღარ ათამაშებს, იტალიელს სხვა ვერავინ შეცვლის, თუ არა ალექსანდერ მადლუნგი, რომელიც დაცვის ცენტრში სიმონ კიაერს შეუწყვილდება. ვნახოთ, როგორ წინააღმდეგობას გაუწევენ კიაერი და მადლუნგი „შალკეს“ ფორვარდებს, რაულსა და კლაას-იან ჰუნტელაარს, რომლებიც, როგორც იქნა, ფორმაში შევიდნენ. ერთი კვირის წინ, „ზანკტ პაულის“ კარში გატანილი სამი გოლიდან, ორი რაულის ანგარიშზე იყო, ერთი კი ჰუნტელაარისა.

სავარაუდო შემადგენლობები
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - პეკარიკი, კიაერი, მადლუნგი, მ. შეფერი - რიტერი, ჟოსუე - დეჟაგა, დიეგო, მანჯუკიჩი - ჯეკო.
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვდედესი, მეტცელდერი, შმიტცი - ჯონსი, რაკიტიჩი - ფარფანი, ედუ - რაული, ჰუნტელაარი.


„ჰანოვერი“ დიდხანს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო, რადგან პირველ ტურებში საუკეთესო ოთხეულში ტრიალებდა და მხოლოდ ბოლო ორ ტურში დათმო პოზიციები, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა, რადგან გერმანია და ევროპა „მაინცმა“ გადარია. ბოლო დროს კარნავალელებმაც მოუკლეს, თუმცა ინერციით მეორე ადგილს ინარჩუნებენ. მოკლედ, „შემოდგომის აზნაურები“ „ჰანოვერი“ და „მაინცი“ დღეს ერთმანეთს უპირისპირდებიან. ფავორიტად, რა თქმა უნდა, მაინც „მაინცია“ მიჩნეული - მით უმეტეს, რომ „ჰანოვერი“ წინა ტურში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 0:4 განადგურდა, თანაც დაცვის ბურჯი ქარიმ ჰაგი (დისკვალიფიკაცია), წამყვანი ნახევარმცველი შტოპელკამპი და გოლეადორი აბდელაუ (ორივე ტრავმირებულია) დაკარგა.

ხვალ პირველი დუელი „ჰოფენჰაიმსა“ და „ფრაიბურგს“ შორის გაიმართება, რაც სამხრეთ-დასავლური ჯახია. „ჰოფესაც“ და „ფრაისაც“ 18-18 ქულა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მატჩში გამარჯვებული ცხრილის ელიტას დაინახავს, დამარცხებულს კი ამ ეტაპზე საშუალო დონის გუნდობასთან მოუწევს შეგუება. „ჰოფენჰაიმი“ შარშან საკუთარ მოედანზე ცუდად თამაშობდა, წელს კი პირიქით, შესანიშნავად გამოიყურება - რალფ რანგნიკის ბიჭებმა „დიტმარ-ჰოპ-შტადიონზე“ ხუთიდან ოთხი თამაშის მოგება მოახერხეს. „ფრაიბურგმა“ ამ სეზონში სტუმრად მოგება ორჯერ შეძლო, წინა ტურში კი, „მაინცი“ დაამარცხა (1:0).

მიუხედავად ზემოთქმულისა, „ფრაიბურგზე“ მეტად თავდაჯერებული „ნიურნბერგია“, რომელსაც ხვალ საღამოს „ბაიერნთან“ ბავარიული დერბი ელის. „ფრანკები“ შესანიშნავ ხასიათზე არიან, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი: ყოველთვის ხომ არ ხდება ისე, რომ ბავარიული დერბის წინ, ცხრილში „ნიურნბერგი“ უფრო წინ არის, ვიდრე „ბაიერნი“. „ნიურნბერგმა“ „ბაიერნს“ წინა ტურში ორი ქულით გაასწრო, რადგან „კიოლნი“ 3:1 დაამარცხა, მიუნხენელებმა კი, როგორც ზემოთაც გითხარით, მიონხენგლადბახში წაიფორხილეს (3:3). აღსანიშნავია, რომ „ნიურნბერგს“ „ალიანს არენაზე“ აქამდე არასდროს მოუგია - ფრანკების ბოლო წარმატება მიუნხენში 1992 წლის 28 მარტით თარიღდება, როცა „ბაიერნი“ „ოლიმპიაშტადიონზე“ თამაშობდა (მაშინ ნიურნბერგმა 3:1 მოიგო). საინტერესო დეტალი: ფრანკები „ბაიერნს“ იმ თამაშის წინაც უსწრებდნენ, თანაც, უფრო მეტად - „ნიურნბერგი“ მეექვსე ადგილზე იყო, რეკორდმაისტერი კი მეთერთმეტეზე.


შვაინი საეჭვოდ ცუდად ლაპარაკობს
ბასტიან შვაინშტაიგერის გარშემო აურზაური ნელ-ნელა რომ ხურდება, მკითხველმა ამის შესახებ ყველაფერი დეტალურად იცის. მაინც გაგახსენებთ, რომ ბრწყინვალე ფორმაში მყოფ შვაინის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2012 წელს უმთავრდება და თუ ამ სეზონში ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, მიუნხენელები იძულებულები იქნებიან, ბასტიანი ზაფხულში გაყიდონ. „ბაიერნის“ შეფებმა შვაინშტაიგერს ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზეს, მაგრამ ფეხბურთელმა უარი თქვა და ყველაფერი გაზაფხულისთვის გადადო...

სიახლე ის არის, რომ გუშინ ბასტიანმა თქვა, პირველადი გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვსო, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრი არაფერი დააკონკრეტა. „სულ სამი-ოთხი გუნდია ისეთი, სადაც ჩემი თავი წარმომიდგენია. გარკვეული ტენდენცია უკვე არსებობს და ასე ვთქვათ, პირველადი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ ჯერ არაფერს დავაკონკრეტებ, ვერც იმას ვიტყვი, რამდენია იმის შანსი, რომ „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტი გავაფორმო,“ - თქვა შვაინიმ.

ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგებისთვის მიცემულ ინტერვიუში შვაინშტაიგერმა ძალიან აქო „ბაიერნის“ თავკაცი ლუის ვან გაალი და თქვა, რეკორდმაისტერის უდიდეს პროგრესში ჰოლანდიელს ლომის წვლილი მიუძღვის, სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ წინა სეზონში დუბლი შევასრულეთ და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ვითამაშეთო.
ერთი სიტყვით, ბასტიანი „რეალის“ ან „მანჩესტერ იუნაიტედის“ რანგის ტოპ-კლუბში გადასვლას არ გამორიცხავს და ამაზე ხმამაღლაც საუბრობს: „ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და იმასაც ყოველთვის ვამბობდი, რომ „ბაიერნზე“ ჯვარი არ მაქვს დაწერილი. საბოლოო გადაწყვეტილებას გაზაფხულზე მივიღებ.“


პისარო გადარჩა
ბრემენის „ვერდერის“ ქომაგებმა შვენით ამოისუნთქეს - „მუსიკოსების“ მთავარი გოლეადორი კლაუდიო პისარო ოპერაციას გადაურჩა. როგორც იცით, პერუელმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგის წინა ტურში ტრავმა მიიღო და არსებობდა იმის საშიშორება, რომ თებერვლამდე ფეხბურთი ვეღარ ეთამაშა, მაგრამ პისაროს ოპერაცია არ დასჭირდა. „ვერდერის“ სამედიცინო შტაბის განცხადებით, თავდამსხმელი ლაზარეთში მხოლოდ ორ კვირას გაატარებს.


გუშინ
ბორუსია (დ)-ჰამბურგი 2:0

დღეს
ვერდერი-აინტრახტი 18:30
ვოლფსბურგი-შალკე 18:30
კიოლნი-ბორუსია (მ) 18:30
კაიზერსლაუტერნი-შტუტგარტი 18:30
ზტ. პაული-ლევერკუზენი 18:30
მაინცი-ჰანოვერი 21:30

ხვალ
ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი 18:30
ბაიერნი-ნიურნბერგი 20:30

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 11 9 1 1 27-7 28
2. მაინცი 11 8 0 3 19-11 24
3. ლევერკუზენი 11 6 3 2 22-16 21
4. აინტრახტი 11 6 1 4 20-11 19
5. ჰოფენჰაიმი 11 5 3 3 22-15 18
6. ჰამბურგი 11 5 3 3 17-15 18
7. ნიურნბერგი 11 5 3 3 17-15 18
8. ფრაიბურგი 11 6 0 5 17-18 18
9. ბაიერნი 11 4 4 3 15-13 16
10. ჰანოვერი 11 5 1 5 13-20 16
11. ვერდერი 11 4 2 5 19-27 14
12. ვოლფსბურგი 11 4 1 6 18-19 13
13. ზტ. პაული 11 4 1 6 12-18 13
14. შტუტგარტი 11 3 1 7 22-19 10
15. კაიზერსლაუტერნი 11 3 1 7 14-21 10
16. შალკე 11 2 3 6 13-17 9
17. კიოლნი 11 2 2 7 13-22 8
18. ბორუსია (მ) 11 1 4 6 17-33 7



 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული