უყურე ბორუსიას, ისიამოვნე ფეხბურთით!

AutoSharing Option
„ჩვენ ცოცხლები ვართ, ჩვენ ვოცნებობთ და გერმანიის ჩემპიონები გავხდებით! BVB, BVB, BVB!!!“ - სკანდირებდნენ პარასკევს, „ჰამბურგთან“ მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ დორტმუნდის „ბორუსიას“ ქომაგები. „ვესტფალენშტადიონი“, რა თქმა უნდა, ისევ გაივსო - ტრიბუნებზე კი „მხოლოდ“ 80 720 მაყურებელი ეტევა. სტადიონზე ყოფნა კი ათასობით მეტ ქომაგს სურდა და ვინც ბილეთი ვერ იშოვა (65 000 მარტო სეზონური აბონემენტის სახითაა გაყიდული, რაც ევროპის აბსოლუტური რეკორდია), სტადიონთან იყვნენ შეკრებილნი და დიდ ეკრანთან ყვიროდნენ სამი ასოსგან შემდგარ სიტყვას (BVB), რაც დორტმუნდის „ბორუსიას“ აბრევიატურაა. ისე როგორ იქნებოდა, რომ
თან მოსისხლე მტერ „შალკესთვის“ არ გაეკრათ კბილი და ყოველი შეძახილის შემდეგ ამატებდნენ: „შაის შალკე!“ ამ სიტყვებს კი თარგმანი არ სჭირდება...

დორტმუნდელები დღესდღეობით საჩემპიონოზე უკეთეს ფეხბურთს თამაშობენ! წარმოუდგენელია, როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა იმაზე უკეთესად, ვიდრე „ბორუსიამ“ ეს „ჰამბურგთან“ გააკეთა. 2:0, ზედიზედ მე-11 წაუგებელი მატჩი, ერთპიროვნული ლიდერობა (მეორე ადგილზე აღზევებული „ლევერკუზენი“ „ბორუსიას“ შვიდი ქულით ჩამორჩება) და აბსოლუტური დომინაცია - BVB შეუჩერებელია!

შინჯი კაგავასა (49-ე წუთზე) და ლუკას ბარიოსის (70) გოლებში გამაოგნებელი და არაამქვეყნიური არაფერი ყოფილა, მაგრამ კომბინაციები იყო ისეთი, ავ თვალს რომ არ დაენახვებოდა. მთავარი სპექტაკლი კი მაინც დორტმუნდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დადგა: 41-ე წუთზე იგი მსაჯზე განრისხდა (არბიტრმა ჰამბურგელი ზე რობერტო მარიო გიოტცეს მოცელვისთვის არ დააჯარიმა) და ხელ-ფეხის ქნევას მოჰყვა. როცა მასთან მეოთხე მსაჯი მივიდა და კატეგორიულად გააფრთხილა, თუ ასე გააგრძელებ ტრიბუნაზე გიკრავ თავსო, კლოპმა სახე სახესთან მიუტანა და შეუღრინა (ამ სიტყვის თითქმის პირდაპირი მნიშვნელობით). მატჩის შემდეგ იურგენმა ბოდიში მოიხადა, მომენტი განმეორებით ვნახე და უნდა ვაღიარო, რომ როგორც დღეს მე მოვიქეცი, ასე მხოლოდ იდიოტები იქცევიანო. საფინალო სასტვენის შემდეგ მან მსაჯებს ბოდიში მოუხადა და მეოთხე არბიტრს ხელიც ჩამოართვა, რის გამოც მისი აფეთქება მატჩის პროტოკოლში არ შეუტანიათ, მაგრამ დიდი შანსია, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირმა იურგენი მაინც დასაჯოს.

„ჰამბურგმა“ კი ბუნდესლიგის ისტორიაში მე-500 მატჩი წააგო და თანაც, რიგით მეცხრე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა: ნახევარმცველმა გოიკო კაჩარმა მძიმე ტრავმა მიიღო და გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრე მისთვის უკვე დასრულებულია. „რა უნდა ვთქვა? „ბორუსიამ“ გადაგვიარა! „დორტმუნდი“ გერმანიის ჩემპიონი უნდა გახდეს,“ - ეს სიტყვები HSV-ს დამრიგებელ არმინ ფეეს ეკუთვნის.

გარდა „დორტმუნდის“ აღმაფრენისა, გერმანიის ჩემპიონატიდან მთავარი სიახლე ის არის, რომ „მაინცი“ მეორე ადგილზე აღარ არის. სადამდეც ინერცია ეყოთ, კარნავალელები ლიდერებიც იყვნენ და მეორე ადგილიც ტკეპნეს, ახლა კი, ისევ დამარცხდნენ, ამჯერად „ჰანოვერთან“, თანაც საკუთარ მოედანზე და უკვე თამამად უნდა ვთქვათ, რომ მოსახდენი მოხდა: „მაინცის“ ზღაპარი ამ ეტაპზე დამთავრებულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „მაინცისთვის“ ეს ზედიზედ მესამე საშინაო მარცხი იყო და საერთოდ, ბოლო ექვსი ოფიციალური მატჩიდან, თომას ტუხელის გუნდმა ხუთი წააგო. ყველა ამ სიკეთესთან ერთად, მოხდა ისიც, რომ მაინცელთა მეკარე კრისტიან ვეტკლო საკუთარ გულშემატკივრებს მისდგა. 30 წლის კიპერმა გულშემატკივრებს უხამსი ჟესტიც კი უჩვენა. მიზეზი: ფანები მთელ გუნდს უსტვენდნენ, მათ შორის ვეტკლოსაც.

„ათი წელია, „მაინცის“ ღირსებას ვიცავ და დღეს პირველად მოხდა ისე, რომ ჩვენ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით, მე კი მეგონა, რომ გასვლითი მატჩი გვქონდა. ფანები გვისტვენდნენ და ჩემს შესახებ სკანდირებდნენ, შენ „ბაიერნთან“ გაქვს წინასწარი კონტრაქტი გაფორმებულიო. დღეს შევიტყვე, რომ თურმე „ბაიერნში“ გადავსულვარ... მოკლედ, თუ ფანებს უნდათ, რომ გერმანიის ჩემპიონები გავხდეთ და სხვა შედეგი მათთვის უკვე მიუღებელია, მაშინ „ბაიერნს“ უნდა დაუწყონ ქომაგობა. როგორც კი ფეხი დაგვიცდა, მაშინვე სტვენა აგვიტეხეს. არადა, მესამე ადგილზე ვართ. „მაინცისთვის“ კი ეს დიდებული შედეგია,“ - თქვა გაბრაზებულმა ვეტკლომ მატჩის შემდეგ.

„მაინცის“ თავკაცმა ტუხელმა კი არც მწვადი დაწვა და არც შამფური: „ჩვენი ქომაგები მაინც უნდა დავაფასოთ. მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება.“ აღსანიშნავია, რომ 68-ე წუთზე მსაჯმა „ჰანოვერის“ მარჯვენა მცველი სტივ ჩერუნდოლო გააძევა და 20 წუთის მანძილზე მაინცელები მოედანზე მეტნი იყვნენ. მიუხედავად ამისა, „წითლების“ კარში გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს. ერთი სიტყვით, „მაინცის“ სასწაულები მორჩა - ტუხელი და მისი ბიჭები მეცხრე ციდან მიწაზე დაბრუნდნენ.

შაბათს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მატჩი შედგა - ზუსტად ისეთი, როგორების გამოც ბუნდესლიგა გვიყვარს. „ვოლფსბურგისა“ და „შალკეს“ დაპირისპირებას ვგულისხმობთ, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. იყო დრამატიზმი, შესანიშნავი გოლები, თავდაუზოგავი ბრძოლა და სამწუხაროდ, მსაჯის მინიმუმ საეჭვო, მაქსიმუმ არასწორი გადაწყვეტილებები. მოკლედ, „ფოლკსვაგენშტადიონზე“ მისულმა 30 000-მა ქომაგმა სრული პროგრამა იხილა - პროგრამა, რომლითაც „შალკე“ კმაყოფილი დარჩა, „ვოლფსბურგი“ კი გულდაწყვეტილი. „მგლებმა“ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს და ბოლო ექვსი თამაშიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული. „ვოლფების“ დამრიგებელი სტივ მაკლარენი კი მსაჯ ვოლფგანგ შტარკზე გადაირია - საფინალო სასტვენის შემდეგ ირონიულად შესცინოდა და ტაშს უკრავდა. ტრიბუნებიდან კი შტარკს ლუდის კათხა (მართალია, პლასტმასის, მაგრამ მაინც) ესროლეს. მაკლარენისა და „ვოლფსბურგის“ განრისხება კლაას-იან ჰუნტელაარის გოლმა გამოიწვია, რომელიც ჰოლანდიელმა მას მერე გაიტანა, რაც ბურთი ხელით გაისწორა.

„სირცხვილია ის, რომ შტარკი გერმანიის სახელით მსაჯობს. ეს კაცი ერთ-ერთ საუკეთესო მსაჯად მიიჩნევა და მე მაინტერესებს, რატომ?“ - გაბრაზებული იყო „მგლების“ მენეჯერი დიტერ ჰიონესიც. მაკლარენი: „ჰუნტელაარმა ბურთი ხელით რომ გაისწორა, ამას ყველა დაინახავდა, ნებისმიერი, ვინც სტადიონზე იყო.“ ჰუნტელაარმა კი დიდსულოვნად აღიარა, მსაჯს შეეძლო, დაესტვინა, მაგრამ არ დაუსტვინა და რა ჩემი ბრალიაო. „შალკეს“ თავკაც ფელიქს მაგათის თქმით, ჰუნტელაარს ხელით განგებ არ უთამაშია, რის გამოც, გოლის ჩათვლა სამართლიანი გადაწყვეტილებაა. მიუხედავად ასეთი გამართლებისა, „შალკემ“ მხოლოდ ქულა მოიპოვა და მაინც მე-16 ადგილზე დარჩა. სხვათა შორის, როცა „ვოლფსბურგმა“ მეორე გოლი გაიტანა, „შალკეს“ ფანების ბლოკიდან, წელიწადნახევრის განმავლობაში პირველად გაისმა შეძახილი: „ეს ყველაფერი ყელში ამოგვივიდა, მაგათი გარეთ!..“

კიოლნში ორი აუტსაიდერის ბრძოლა სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა: მიონხენგლადბახის „ბორუსიამ“ „კიოლნს“ თავის „რაინენერგიშტადიონზე“ კუდით ქვა ასროლინა - 0:4. მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა „თხებს“ ობსტრუქცია მოუწყვეს, ავტობუსს ალყა შემოარტყეს და ფეხბურთელები ლანძღეს. „ვერდერისა“ და „აინტრახტის“ მატჩში უგოლო ფრე დაფიქსირდა და ბრემენული კლუბის ფანებმა 90 წუთი მთქნარებაში გაატარეს. მოკლედ, „ვერდერი“ ნელ-ნელა კარგავს თავის სახეს. ბრწყინვალე სპექტაკლი დაიდგა ბეტცენბერგზე - „კაიზერსლაუტერნი“ „შტუტგარტთან“ 0:3-ს აგებდა და მეორე ტაიმში იმდენი ქნა, რომ ქულა გადაარჩინა - 3:3. „ლევერკუზენმა“ კი უხმაუროდ დაამარცხა „ზანკტ პაული“ (1:0) და მეორე ადგილზეა, მაგრამ პირველადგილოსანს იმდენით ჩამორჩება, რომ... ვაი ასეთ მეორეობას.

გუშინ „ჰოფენჰაიმი“ შინ „ფრაიბურგთან“ დამარცხდა (0:1) და ერთადერთი გუნდი, რომელმაც ამ ტურში საკუთარ მოედანზე მოიგო, „ბაიერნი“ გახლავთ. რეკორდმაისტერმა ბავარიულ დერბიში „ნიურნბერგს“ გადაუარა. ჰო, მართლა: ფრანკ რიბერი დაბრუნდა...

მომდევნო ტური
20 ნოემბერი. შალკე-ვერდერი, აინტრახტი-ჰოფენჰაიმი, ბორუსია (მ)-მაინცი, ფრაიბურგი-ბორუსია (დ), ჰანოვერი-ჰამბურგი, ნიურნბერგი-კაიზერსლაუტერნი, ლევერკუზენი-ბაიერნი. 21 ნოემბერი. შტუტგარტი-კიოლნი, ზტ. პაული-ვოლფსბურგი.


ბორუსია (დ)-ჰამბურგი 2:0
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - მ. გიოტცე (85.დედე), კაგავა (78. ლევანდოვსკი), გროსკროიტცი (71. ბრაშჩიკოვსკი) - ბარიოსი.
ჰამბურგი (4-1-2-2-1): დრობნი - დემელი (80. ბეშიჩი), ვესტერმანი, მატიისენი, ზე რობერტო - იაროლიმი - კაჩარი (34. რინკონი/65. სონი), ტროხოვსკი - პიტროიპა, გერერო - პეტრიჩი.
გოლები: 1:0 კაგავა (49), 2:0 ბარიოსი (70)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 4-0; ჯარიმა: 22-17; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 11(4)-7(1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 80 720

ვერდერი-აინტრახტი 0:0
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - პასანენი, მერტეზაკერი, პრიოდლი, სილვესტრი - ფრინგსი - ვესლი, დ. იენსენი - ჰანტი - ვაგნერი (68. არნაუტოვიჩი), მარინი.
აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი - ს. იუნგი. ფრანცი (46. ვასოსკი), რუსი, ცაველასი - შვეგლერი, კიოლერი - ოხსი (73. შტაინჰიოფერი), კაიო, ჰალილ ალთინთოფი - გეკასი (90. ფენინი).
გაფრთხილება: პასანენი - ფენინი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 18(7)-13(1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 34 000

ვოლფსბურგი-შალკე 2:2
ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): ბენალიო - პეკარიკი, კიაერი, ბარძალი, მ. შეფერი - ჟოსუე - ჰასებე, დეჟაგა - დიეგო (84. მადლუნგი) - გრაფიტე (84. მანჯუკიჩი), ჯეკო.
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - ჯონსი (63. ხურადო), რაკიტიჩი (86. იენდრიშეკი) - ფარფანი, ედუ (63. მორიტცი) - რაული, ჰუნტელაარი.
გოლები: 1:0 გრაფიტე (11), 2:0 ჯეკო (33), 2:1 ედუ (39), 2:2 ჰუნტელაარი (75)
გაფრთხილება: ბენალიო, შეფერი - შმიტცი, რაული, უჩიდა
გაძევება: დეჟაგა (78. ვოლფსბურგი)
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17(4)-13(5); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 30 000

კიოლნი-ბორუსია (მ) 0:4
კიოლნი (4-2-3-1): ვარვოდიჩი - ბრეჩკო (76. იალსინი), ჟერომელი, მოჰამადი, ზალგერი - ლანიგი, პეცონი (85. მატუშიკი) - ჟაჟალო, პოდოლსკი, ერეთი (65. ვუნგუიდიკა) - ნოვაკოვიჩი.
ბორუსია მ. (4-2-3-1): ჰაიმეროთი - ლეველსი, ანდერსონი, ბრუვერსი (46. დანტე/66. შახტენი), დემსი - მარქსი, ბრედლი - ჰერმანი (57. იდრისუ), დე კამარგო, როისი - ბობადილია.
გოლები: 0:1 ბობადილია (51), 0:2 ბრედლი (70), 0:3 დე კამარგო (82), 0:4 ბობადილია (90)
გაფრთხილება: როისი, ბობადილია
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 17(3)-19(4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 50 000

კაიზერსლაუტერნი-შტუტგარტი 3:3
კაიზერსლაუტერნი (4-4-2): ზიპელი - პეცოსი, ამედიკი, აბელი, ბუგერა - კირხი, ტიფერტი, ბ. შულცი (52. მიჩანსკი), მორავეკი (52. ილიჩევიჩი) - რივიჩი (87. იესენი), ლაკიჩი.
შტუტგარტი (4-4-2): ულრაიხი - ფუნკი (46. ბულაჰრუზი/64. დეგენი)), ნიდერმაიერი, დელპიერი, მოლინარო - გებჰარდტი, ტრეში, გენტნერი, ბოკა - მარიკა (91. პოგრებნიაკი), კაკაუ.
გოლები: 0:1 ბოკა (19), 0:2 კაკაუ (32), 0:3 გენტნერი (50-პენ), 1:3 მიჩანსკი (58), 2:3 ილიჩევჩი (76), 3:3 აბელი (78)
გაფრთხილება: ზიპელი, ბ. შულცი, ილიჩევიჩი - კაკაუ, დელპიერი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 16(5)-12(7); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 46 904

ზტ. პაული-ლევერკუზენი 0:1
ზტ. პაული (4-2-3-1): კესლერი - როთენბახი, სამბრანო, თორანდტი, ოჩიპკა - დაუბე (85. კრუსე), მ. ლემანი - ბრუნსი (62. ბარტელსი), ტაკიი (65. ჰენინგსი), ასამოა - ებერსი.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ადლერი - შვააბი, მ. ფრიდრიხი, რაინარტცი, კადლეცი (74. ბალიტში) - ვიდალი, როლფესი - სემი, რენატო, ბარნეტა (90. კასტრო) - ჰელმესი (74. ლ. ბენდერი).
გოლი: 0:1 რენატო (81)
გაფრთხილება: როთენბახი, მ. ლემანი, სამბრანო - რენატო, რაინარტცი, ბარნეტა, კადლეცი
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 22-16; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 8(1)-23(8); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 24 387

მაინცი-ჰანოვერი 0:1
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - ზაბავნიკი, სვენსონი (64. ფ. ჰელერი), ნოვესკი, ფუხსი - კარჰანი, სოტო - ბაბანგიდა (72. რაზმუსენი), ივანშიტცი, ჰოლტბი (46. შიურლე) - შალაი.
ჰანოვერი (4-2-2-1-1): ფრომლოვიტცი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, კ. შულცი, ჯაპკა - შმიდებახი, პინტუ - შტინდლი, რაუში (72. ჩაჰედი) - შლაუდრაფი (79. ფორსელი) - ია კონანი (91. ლალა).
გოლი: 0:1 პინტუ (44)
გაფრთხილება: ჩაჰედი
გაძევება: ჩერუნდოლო (68. ჰანოვერი)
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 14-22; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 12(2)-12(5); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 20 000

ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი 0:1
ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): ჰაასი - ბეკი, ვორსა, კომპერი, იბერტსბერგერი (87. თომალა) - რუდი, ლუის გუსტავო - ვუკჩევიჩი (66. იბიშევიჩი), სიგურდსონი - ბა, მლაპა (66.სალიჰოვიჩი).
ფრაიბურგი (4-1-3-1-1): ბაუმანი - მუიჯა, ბართი, ტოპრაკი, ბასტიანსი - შუსტერი - პუცილა (84. კალიჯური), როზენტალი (81. რაიზინგერი), აბდესადკი - მაკიადი - სისე.
გოლი: 0:1 სისე (91)
გაფრთხილება: მაკიადი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 2-8; კარში დარტყმა: 12(7)-10(3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 30 150

ბაიერნი-ნიურნბერგი 3:0
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, დემიკელისი (46. ბრენო), პრანიჩი - ტიმოშჩუკი, ოტლი - ჰამით ალთინთოფი (56. თ. მიულერი), შვაინშტაიგერი, კროოსი (70. რიბერი) - გომესი.
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - იუდტი, ნილსონი, ვოლფი, პინოლა - სიმონსი - ექიჩი (74. მაკი), გიუნდოგანი, ჰეგელერი (46. ფრანტცი), აიგლერი (79. კოენი) - შიბერი.
87-ე წუთზე გომესმა (ბაიერნი) ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)
გოლები: 1:0 გომესი (10), 2:0 ლამი (57-პენ), 3:0 გომესი (75)
გაფრთხილება: პრანიჩი - რ. შეფერი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 13(7)-12(2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 69 000

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 12 10 1 1 29-7 31
2. ლევერკუზენი 12 7 3 2 23-16 24
3. მაინცი 12 8 0 4 19-12 24
4. ფრაიბურგი 12 7 0 5 18-18 21
5. აინტრახტი 12 6 2 4 20-11 20
6. ბაიერნი 12 5 4 3 18-13 19
7. ჰანოვერი 12 6 1 5 14-20 19
8. ჰოფენჰაიმი 12 5 3 4 22-16 18
9. ჰამბურგი 12 5 3 4 17-17 18
10. ნიურნბერგი 12 5 3 4 17-18 18
11. ვერდერი 12 4 3 5 19-27 15
12. ვოლფსბურგი 12 4 2 6 20-21 14
13. ზტ. პაული 12 4 1 7 12-19 13
14. შტუტგარტი 12 3 2 7 25-22 11
15. კაიზერსლაუტერნი 12 3 2 7 17-24 11
16. შალკე 12 2 4 6 15-19 10
17. ბორუსია (მ) 12 2 4 6 21-33 10
18. კიოლნი 12 2 2 8 13-26 8

ბომბარდირები: 11 - გეკასი (აინტრახტი); 10 - სისე (ფრაიბურგი); 8 - ჯეკო (ვოლფსბურგი); 7 - ბარიოსი (ბორუსია დ), გომესი (ბაიერნი), გრაფიტე (ვოლფსბურგი), ჰუნტელაარი (შალკე); 6 - ბა (ჰოფენჰაიმი), უგო ალმეიდა (ვერდერი), კაგავა (ბორუსია დ), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი).


II ბუნდესლიგა
XII ტური

ფორტუნა-ობერჰაუზენი 3:0
გოლები: 1:0 ფინკი (48), 2:0 ლანგენეკე (61-პენ), 3:0 ტორგელე (88)

კარლსრუე-აუე 1:1
გოლები: 0:1 ჰენსელი (5), 1:1 იაშვილი (67)

ფიურტი-აუგსბურგი 1:1
გოლები: 1:0 ონუეგბუ (13), 1:1 რაფაელი (44)

არმინია-ოსნაბრიუკი 2:1
გოლები: 0:1 ადლერი (35), 1:1 ნიკენიგი (45-საკ. კარში), 2:1 ჰანზენი (88-საკ. კარში)

ფრანკფურტი-უნიონი 2:1
გოლები: 1:0 მიოლდერსი (1), 1:1 მოსკერა (2), 2:1 მიოლდერსი (62)

კოტბუსი-მიუნხენ 1860 0:0

ალემანია-დუისბურგი 2:2
გოლები: 1:0 ჰიოგერი (64), 1:1 სუკალო (67-საკ. კარში), 1:2 ბალიაკი (71), 2:2 ბ. აუერი (86)

ინგოლშტადტი-პადერბორნი 1:2
გოლები: 0:1 კრიოშე (8-პენ), 0:2 ბრენდი (88), 1:2 ლაიტლი (90)

ჰერტა-ბოხუმი დღეს


 თ მ ფ წ ბ ქ
1. აუე 12 8 3 1 16-8 27
2. ჰერტა 11 8 2 1 20-7 26
3. დუისბურგი 12 8 1 3 23-10 25
4. კოტბუსი 12 7 2 3 23-17 23
5. ფრანკფურტი 12 7 0 5 14-11 21
6. აუგსბურგი 12 6 2 4 21-12 20
7. მიუნხენ 1860 * 12 6 4 2 17-12 20
8. ფიურტი 12 6 2 4 16-12 20
9. ალემანია 12 4 5 3 18-17 17
10. პადერბორნი 12 5 1 6 13-13 16
11. ბოხუმი 12 5 1 5 13-14 16
12. ობერჰაუზენი 12 4 2 6 10-18 14
13. უნიონი 12 3 3 6 14-19 12
14. ფორტუნა 12 4 0 8 10-17 12
15. ოსნაბრიუკი 12 3 2 7 17-22 12
16. კარლსრუე 12 2 4 6 15-27 10
17. არმინია 12 2 1 9 10-23 7
18. ინგოლშტადტი 12 1 1 10 11-23 4

* მიუნხენ 1860-ს დაკლებული აქვს ორი ქულა

ბომბარდირები: 9 - პეტერსენი (კოტბუსი); 6 - აუერი (ალემანია), ბალიაკი (დუისბურგი), ჰენსელი (აუე), ლაუთი (მიუნხენ 1860); 5 - ბენიამინა (უნიონი), ჩონგი (ბოხუმი), დომოვჩიისკი (ჰერტა), მიოლდერსი (ფრანკფურტი), რაფაელი (აუგსბურგი), თურკი (აუგსბურგი).


III ბუნდესლიგა
უნტერჰახინგი-დრეზდენი 0:1, ოფენბახი-ბრაუნშვაიგი 2:2, აალენი-რეგენსბურგი 2:3, ალენი-შტუტგარტი II (გადაიდო), ბურგჰაუზენი-კარლ ცაისი 2:3, ბაბელსბერგი-ჰაიდენჰაიმი 4:3, ჰანზა-ბაიერნი II 0:2, ერფურტი-ვეენი 0:0, ვერდერი II-ზაარბრიუკენი 2:0, კობლენცი-ზანდჰაუზენი 3:0.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული